2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების დღეს მედიასაშუალებებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ბათუმის შესახებაც, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას, კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის კონტროლს, მოსყიდვას და სხვა. მედიასაშუალებებმა და დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანთან დარღვეული იყო 100-მეტრიანი რადიუსი და უცხო პირები, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები ჰქონდათ, მიმსვლელებს აღრიცხავდნენ. მობილიზებული იყვნენ ე. წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები და სხვა.
არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ. უწყება თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად, ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა ქართველი ხალხის დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზის მიმართ ერთგულებაზე მიუთითებს. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ხმის მოსყიდვა, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ჟურნალისტებზე ზეწოლა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელი იყო.
მიუხედავად ჩამოთვლილი გარემოებებისა, ოპოზიციამ ბათუმში, გარკვეულ უბნებზე, უპირატესობის მოპოვება შეძლო. არჩევნებმა აჩვენა, რომ აჭარაში ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება საერთო კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ, წარმატებული აღმოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ის არჩევნების წინ აანონსებდა, დიდი უპირატესობით ვერ გაიმარჯვა. მაგალითად, ბათუმსა და ხელვაჩაურში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ საკრებულოებში რამდენიმე მაჟორიტარის გაყვანაც შეძლო.
როცა ყველა ხმა მნიშვნელოვანია
დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მოქალაქეები არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არიან განწყობილი და საკუთარი ქალაქისა თუ სოფლის ხელისუფლების არჩევნებში საკუთარი მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. როგორც ჩანს, ამ არჩევნების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. ის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა ღირებულია და არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლია, კარგად გამოჩნდა ბათუმის №1 მაჟორიტარული ოლქის მაგალითზე. ამ ოლქში ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაზი ფუტკარაძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამული ლომაძე დაამარცხა. ოპოზიციონერმა კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით მეტი მიიღო. საერთოდ, შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან, სამ ოლქში გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
ინფორმაციისთვის: შვიდმა ხმამ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ კანდიდატის უპირატესობა შუახევის №2 მაჟორიტარულ ოლქში. აქ ენმ-ის კანდიდატმა 762 ხმა აიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატს მხარი 769 ამომრჩეველმა დაუჭირა.
ცხრილი 1. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მაჟორიტარული ოლქების შედეგები 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში, 3 ოქტომბრის მონაცემები
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
როგორც ვხედავთ, წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს ოთხი მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, ხოლო სამი - ოპოზიციიდან.
სულ საკრებულოში 35 წევრია. აქედან 28 წევრი პროპორციული სიით დაკომპლექტდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 39,36% მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 38,42%. მესამე ადგილზე 10,02%-ით გავიდა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, მას 3,29%-ით მოსდევს „ლელო“. სხვა პარტიებმა 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. კერძოდ: „ლელოს“ კანდიდატი ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ ბათუმის ცამეტივე ოლქში საკუთარ კანდიდატებს ხელოვნურად გაამარჯვებინა და ყველა უბნის გადათვლას მოითხოვს.
ამ მონაცემებით, სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში 19 წევრს გაიყვანს, აქედან - 3 მაჟორიტარს და 16 პროპორციული წესით არჩეულს. ეს ნიშნავს, რომ ბათუმის საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი წევრი ოპოზიციური პარტიებიდან იქნება, ვიდრე - „ქართული ოცნებიდან“. გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ და ვის პოზიციას დაუჭერს მხარს საკრებულოში. ცხრამეტი ოპოზიციური წევრიდან, მას სამი ხმა ექნება. ამაზეა დამოკიდებული, მოიპოვებს, თუ - არა ოპოზიცია რეალურ ბერკეტს გადაწყვეტილებების მიღებისა და ცვლილებებისთვის. დღეისთვის ცნობილია, რომ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ კოალიციის შეკვრას საკრებულოში გასულ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებს.
ბათუმისა და ხელვაჩაურის მერობისთვის ბრძოლა გრძელდება
უკვე გადაწყვეტილია, რომ თვითმმართველი ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერებს მოსახლეობა მეორე ტურში აირჩევს. ბათუმის მერობის კანდიდატმა, რომელსაც მხარს რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ, ამომრჩეველთა ხმების 41,97% ანუ 31 443 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც ერთ წელზე მეტია, ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებდა, 41,08%, რაც 30 776 ხმას უდრის. ცნობისთვის, ბათუმში სულ 105 უბანი იყო გახსნილი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კანდიდატისთვის ხმის მიცემა 47 უბანზე შეეძლო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიშა ბოლქვაძემ 39,6% (9 942 ხმა) აიღო. მას 4%-ზე ოდნავ მეტით უსწრებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე, რომელსაც მხარი ამომრჩევლის 43,68%-მა (10 967 ხმა) დაუჭირა.
ხელვაჩაურში რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა ასევე ოპოზიციონერმა კანდიდატებმა მოიპოვეს. არჩევნების შემდეგ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ის მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისია ხმების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადათამაშებას ცდილობდა.
აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ოპოზიცია ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით იქნება წარმოდგენილი
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში ხმების უმეტესობა ოპოზიციის კანდიდატებმა, ძირითადად, ენმ-ის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
ცხრილი 2. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგები (%), წინასწარი მონაცემები 3 ოქტომბრის მდგომარეობით
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
როგორც ვხედავთ, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის მაჟორიტარმა კანდიდატებმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს აჯობეს ქედის რვა მაჟორიტარული ოლქიდან - ერთ, ქობულეთის ცამეტი ოლქიდან ორ და ხელვაჩაურის რვა ოლქიდან - სამ მაჟორიტარულ ოლქში. შუახევის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან, ხმების უმეტესობა ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს, ხოლო ხულოს რვა ოლქიდან მმართველმა პარტიამ კონკურენტი შვიდ ოლქში დაამარცხა. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის №1 მაჟორიტარულ ოლქს, აქ პირველ და მეორე ადგილზე, შესაბამისად, „გახარია - საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავიდნენ.
აჭარის ამავე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მეტი რაოდენობა მიიღო. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, ხოლო მესამეზე - პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.
ცხრილი 3. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევის პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგები (%), წინასწარი მონაცემები 3 ოქტომბრის მდგომარეობით
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი ნდობით „ქართული ოცნება“ ქედის მუნიციპალიტეტში სარგებლობს, ხოლო ყველაზე დაბალი მხარდაჭერა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველმა გამოუცხადა. საინტერესოა, რომ აჭარის მასშტაბით, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ საუკეთესო შედეგი ხელვაჩაურში აჩვენა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ოთხ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. ქედაში 51,18%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როლანდ ბერიძემ გაიმარჯვა, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა რამინ ბერიძემ ამომრჩეველთა ხმების 34,55% აიღო.
ქობულეთში 52,2% აქვს ასევე „ოცნების“ კანდიდატ ლევან ზოიძეს, ოპოზიციის კანდიდატ ბონდო თედორაძეს კი - 39,34%. ის ამ შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მისივე თქმით, ოქმებში დისბალანსია და ბიულეტენები დაიკარგა.
პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ომარ ტაკიძემ. მან ხმების 57,09% მიიღო, ხოლო მისმა ოპოზიციონერმა კონკურენტმა როინ ზოიძემ მხოლოდ 33,03% მოაგროვა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი იქნება ვახტანგ ბერიძე. ის ამ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, მას შემდეგ, რაც არჩეული მერი გადადგა. ვახტანგ ბერიძე ჯერ მერის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 2019 წლიდან ხულოს არჩეული მერი გახდა. „ფაქტ-მეტრი“ ამის შესახებ უკვე წერდა. ამჯერად მას მხარი ამომრჩევლის 54,26%-მა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გოგიტა სოლომონიძეს - 36,41%-მა.
„ფაქტ-მეტრი“ პროცესებს კვლავაც აკვირდება და მნიშვნელოვან ინფორმაციებს მომავალშიც გაგაცნობთ.