იტვირთება

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გასულ 3 თვეში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად (72,499 ადამიანით) გაიზარდა. სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულად დახმარებას ისახავს მიზნად. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დაცვის პროგრამის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება სიახლე არ არის.

„ფაქტ-მეტრი“ სოციალური დახმარების პროგრამის მიმდინარეობას დიდი ხანია აკვირდება. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, დახმარების მიმღებთა რაოდენობა მხოლოდ მაშინ მცირდება, როდესაც უახლოეს პერიოდში არჩევნები არ არის დაგეგმილი. „ფაქტ-მეტრმა“ 2008 წლიდან ყველა საარჩევნო წლის მონაცემები გაანალიზა და ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ 2017 წელი აღმოჩნდა. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული1; ბმული 2; ბმული 3). დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ტენდენცია ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლებისთვის (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებისთვის), წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა მუდმივად განახლების რეჟიმშია და ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობაც იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება, ოჯახის შემოსავლების ან დემოგრაფიული ცვლილებების გამო, 4 წელიწადში ერთხელ კი სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმური შემოწმება ხორციელდება. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ცვლილებაზე გავლენა აქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებას. რიგ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა შესაძლოა, პროგრამის გაფართოებას უკავშირდებოდეს.

სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საარსებო შემწეობის მიმღები არის 628,156 მოქალაქე (170,260 ოჯახი), რაც მთლიანი მოსახლეობის 16.8%-ია. 2020-2021 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა [საარსებო შემწეობის მიმღებთა] რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისი, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა, შინამეურნეობების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახა. მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებამ იქონია. კერძოდ, 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში და ასევე, 2021 წლის იანვრიდან (6 თვის განმავლობაში) 65 000-დან 100 ათასი სოციალურ ქულის მქონე ოჯახებზე (მანამდე აღნიშნული კატეგორია არ იყო ფულადი დახმარების მიმღები) და ასევე მრავალშვილიან ოჯახებზე კომპენსაციები გაიცა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა იმ თვეებშიც, როდესაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციები აღარ გაიცემოდა.

გრაფიკი 1: 2020-2021 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

2021 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახტომისებურად 66,609 ადამიანით (14,041 ოჯახით) გაიზარდა. რაც გარკვეულწილად კავშირშია ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოებასთან, 1 ივლისიდან, 16 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება გაორმაგდა - 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე გაიზარდა. ბავშვთა დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა. სოციალური სააგენტოს მონაცემებით, ივლისში - წინა თვესთან შედარებით, 0-18 წლამდე ასაკის სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 26,018-ით გაიზარდა, 18 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში კი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 40,591-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ბავშვთა პროგრამის გაფართოება არ არის ერთადერთი მიზეზი, რამაც სოციალურად დაუცველების რეკორდული ზრდა განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც სოციალურად დაუცველების ზრდას განაპირობებს ეს არის 2020 წელს გამოცხადებული მორატორიუმი და სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების შეჩერება და პარალელურად, პროგრამაში ახალი ბენეფიციარების დამატება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდის მიზეზები განმარტა: „საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავრობის კეთილი ნება და ის არანაირად არ ნიშნავს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

პანდემიამდე 427,373 მოქალაქე იყო საარსებო შემწეობის მიმღები, პანდემიის პერიოდში გამოცხადდა მორატორიუმი, 2020 წლიდან სოციალური დახმარება არ უწყდება არცერთ ოჯახს. ამასთან, თუ ვინმე საჭიროებს სოციალურ დახმარებას, მყისიერად ხდება ოჯახის გადამოწმება და თუ შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ენიშნება დახმარება.

გარდა ამისა, ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. ბავშვთა დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ბენეფიციარების ზრდა არის ჩვენი მთავრობის კეთილი ნება და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა“.

„ფაქტ-მეტრი“ იზიარებს, რომ პანდემიის პერიოდში გამოცხადებული მორატორიუმი, პროგრამის გაფართოება, და ახალი განაცხადების მყისიერად განხილვა, რასაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რეკორდული ზრდა მოჰყვა, ნამდვილად არის მთავრობის „კეთილი ნება“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოავლინა. 2020-2021 წლები, პანდემიის გარდა, საარჩევნო წლებია, მეტი მადლიერი მოქალაქე კი მეტ პოტენციურ ამომრჩეველს ნიშნავს.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი