ბონდო თედორაძე: „ჩვენ თუ „ქართული ოცნების“ 2017 წლის დაპირებების პროგრამას ჩავხედავთ, ერთ-ერთი წინა პლანი ჰქონდა მდინარე აჭყვის პრობლემის გადაჭრას. [ლევან ზოიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“] ახლაც რომ ისაუბრა, ოთხი წლის შემდეგ, ე. ი., მოუგვარებელია ეს პრობლემა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა აღნიშნული კუთხით.“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბონდო თედორაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2017 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ მირიან ქათამაძის ერთ-ერთი დაპირება მართლაც იყო მდინარე აჭყვის ადიდებით გამოწვეული პრობლემის მოგვარება. აღნიშნული საკითხი მდინარის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას უკვე არაერთი წელია, რაც აწუხებს. უხვი ნალექის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და ადგილობრივებს აზარალებს.
მიმდინარე წლის სექტემბერში, უხვი ნალექის შედეგად, აჭყვა არაერთხელ ადიდდა და მოსახლეობას კვლავ პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ოთხი წლის განმავლობაში, ვერ შეძლო, რომ აღნიშნული სიტუაცია გამოესწორებინა. თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მაგალითად: განხორციელდა მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.
ამის შემდეგ, 2018 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააანონსა, რომ მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციის სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, უწყებას ჯერ ტენდერიც კი არ გამოუცხადებია. 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხოლოდ პროექტის ჰიდროლოგიური ნაწილის ექსპერტიზის მომსახურება შეისყიდა. ქობულეთის მერის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციის დაწყებამდე საჭირო იყო სხვადასხვა კვლევის ჩატარება და სამუშაოების დაწყება ამიტომ დაგვიანდა.
ანალიზი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძემ განაცხადა: „ჩვენ თუ „ქართული ოცნების“ 2017 წლის დაპირებების პროგრამას ჩავხედავთ, ერთ-ერთი წინა პლანი ჰქონდა მდინარე აჭყვის პრობლემის გადაჭრას. [ლევან ზოიძემ] ახლაც რომ ისაუბრა, ოთხი წლის შემდეგ, ე. ი., მოუგვარებელია ეს პრობლემა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა აღნიშნული კუთხით.“
აღნიშნული განცხადებით ბონდო თედორაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამოეპასუხა. ლევან ზოიძემ თქვა, რომ მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
მდინარე აჭყვის ადიდება მოსახლეობას პრობლემას ყოველი უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ უქმნის. სტიქია ყოველწლიურად მეორდება. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, ხელისუფლება ზარალს ითვლის და დაზარალებულებს ჰპირდება, რომ მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ასე მოხდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერსაც. მდინარე აჭყვის ადიდებას მოსახლეობის ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა მოჰყვა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა დაფარა საკარმიდამო ნაკვეთები, კომერციული ფართები, სადგურის ტერიტორია. უხვი ნალექი მომდევნო დღეებშიც არაერთხელ მოვიდა და კვლავ იგივე განმეორდა.
უნდა ითქვას, რომ პრობლემა მირიან ქათამაძის მერობამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა. მაგალითად, 2015 წელს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ასე მოხდა 2017 წლის ოქტომბერში, 2018 წლის 27 ნოემბერს, 2019 წლის 2 ოქტომბერს.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ღონისძიებები გატარდა პრობლემის მოგვარების მიზნით მირიან ქათამაძის მერობის პერიოდში. ქობულეთის მერმა გვიპასუხა: „აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა დგას ათეულობით წელია და ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება. დიახ, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და საკითხის მოსაგვარებლად არაერთი ქმედითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ძალიან მალე იწყება მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი საპროექტო სამუშაოები განხორციელდა. დროში გაიწელა, თუმცა დროში გაწელვას ჰქონდა ობიექტური მიზეზები... მდინარეს სჭირდება შესაბამისი კვალიფიციური დოკუმენტების არსებობა, შესაბამისი კვალიფიციური პირების ჩართულობით. ამ პროექტში, გარდა ქართველი სპეციალისტებისა, ჩართული იყვნენ უცხოელი, მათ შორის, გერმანელი სპეციალისტები. დღეს უკვე მზა პროექტი დევს. ჩვენი ინფორმაციით, უკვე უახლოეს დღეებში ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს მდინარე აჭყვის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.“
საუბარია პროექტზე, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჭარის ა/რ თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გააცნეს. საზოგადოებასთან შეხვედრისას ითქვა, რომ პროექტირება თითქმის დასრულებული იყო და წლის ბოლოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც მზად იქნებოდა, ხოლო 2019 წლის გაზაფხულზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა. თუმცა სამუშაოები არც 2019 და არც მომდევნო წელს არ დაწყებულა. 2019 წლის აპრილში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხოლოდ პროექტის ჰიდროლოგიური ნაწილის ექსპერტიზის მომსახურება შეისყიდა.
აღსანიშნავია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის მაისის ბრძანებით, მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ დაგეგმილი იყო მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაცია (კოდი 25 03 07). აღნიშნული სამუშაოების განხორციელება მოიაზრებოდა საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის (EIB) ფარგლებში. პროექტისთვის, რომელიც ასევე სხვადასხვა რეგიონში არაერთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოიცავს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 186 947 500 ლარი იყო გათვალისწინებული. თანხა 2016-2021 წლებზე გადანაწილდა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაცია ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ზემოაღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.
აქედან გამომდინარე, ბონდო თედორაძის განცხადების ძირითადი ნაწილი სიმართლეა. უზუსტობაა მხოლოდ იმ ნაწილში, რომ მდინარე აჭყვის ადიდებით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.