პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში არანაკლებ 10%-ის ან მისი ეკვივალენტის წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის II კვარტალში, 234.2 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 2.6%-ით (6.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, 2021 წლის 6 თვეში, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 366 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.9%-ით ნაკლებია. 2021 წლის პირველი 6 თვის ინვესტიციების მოცულობა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4%-ით (192 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ინვესტიციების მიმდინარე მოცულობა ბოლო 12 წლის განმავლობაში, წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებად სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა დაასახელა.

ბუნებრივია, მიმდინარე კლების მნიშვნელოვან ფაქტორად პანდემიით გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილი იყო და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. პუი-ს კვარტალური სტატისტიკა წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. 2017 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.98 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 1.3 მლრდ აშშ დოლარი, რაც 2017 წელთან შედარებით 645 მლნ აშშ დოლარით (32.5%-ით) კლებას წარმოადგენს.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2013-2021 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები. 2021 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალის მოცულობა 61.3 მლნ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ, მიზერულ მაჩვენებელს წარმოადგენს და მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 16.7%-ს შეადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 71.7% რეინვესტირებაზე მოდიოდა. აღსანიშნავია რომ პუი-ს სტრუქტურაში, სააქციო კაპიტალის ნაკადების შემცირების პრობლემა 2020 წელსაც არსებითი იყო. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში, პრაქტიკულად ახალი ინვესტიციების შემოსვლის შეჩერებაზე მიუთითებს. აქვე, აღსანიშნავია რომ ფულადი გზავნილების სახით, 2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 1.08 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც შესაბამისი პერიოდის ინვესტიციების მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის I და II კვარტლებში, უმსხვილეს ინვესტორს გაერთიანებული სამეფო წარმოადგენდა, 165 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილს თურქეთი (50.7 მლნ აშშ დოლარი), მესამე ადგილს ჩეხეთი (44.9 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეოთხე ადგილს რუსეთი (38.4 მლნ აშშ დოლარი) იკავებს. მეორე მხრივ, აშშ-ს შემთხვევაში, 59 მლნ აშშ დოლარის გადინება დაფიქსირდა. ასევე, ხაზი იმ ფაქტს უნდა გაესვას, რომ ბოლო წლებში, პუი-ს შემოდინება ე.წ ოფშორული ზონებიდან ფიქსირდებოდა, როგორებიცაა მაგალითად პანამა, მარშლის კუნძულები და ა.შ. მხოლოდ დასახელებული ორი ქვეყნიდან, 2021 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 18.3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები დაფიქსირდა, რაც მთლიანი პუი-ს 5%-ს შეადგენდა. საინტერესო ფაქტია, რომ მარშალის კუნძულებიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, გერმანიიდან მიღებულ პუი-ს აღემატებოდა. ოფშორული ქვეყნები, შეღავათიანი დაბეგვრით სარგებლობენ. ზოგადად, მსოფლიოში, ხშირია პრაქტიკა, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები საქმიანობას ოფშორებში დარეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების საშუალებით ეწევიან, რაც მათთვის მთელ რიგ სარგებელთან არის დაკავშირებული, როგორიც არის გადასახადებისგან თავის არიდება, საჯაროობის შემცირება (ოფშორულ ზონებზე დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელებზე ინფორმაცია საჯარო რეესტრში ვერ ხვდება) და ა.შ. არსებობს ვარაუდი, რომ ოფშორებიდან საქართველოსკენ მომავალი საინვესტიციო ნაკადების უკან ასევე საქართველოს მოქალაქეები/რეზიდენტები დგანან, ე.ი ტექნიკურად, მათი კლასიფიკაცია უცხოელ ინვესტორებად ხდება, რაც ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამება.

პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების, ვალი, დეფიციტი და უცხოური კაპიტალის ნაკადების შემცირების ნეგატიური შედეგები, საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავედ მომავალში დადგება. შესაბამისად, უცხოური კაპიტალის დეფიციტის ნაწილობრივ შემსუბუქებისთვის მაინც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ სათანადო ძალისხმევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დაეთმოს. სამწუხაროდ, პანდემიურ კრიზისამდეც, ბოლო წლებში დაფიქსირებული დინამიკა მკვეთრად ნეგატიურია და შეშფოთების საფუძველს იძლევა. აღნიშნულ პირობებში, მთავრობის, მიერ უცხოელი ინვესტორებისადმი სწორი გზავნილების დემონსტრირება პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, მთავრობის მიერ შიდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მიმართული ძალისხმევის ნაკლებობა და უცხოელი პარტნიორებისადმი გაგზავნილი მესიჯები, მათ შორის ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს სტაბილურობაზე, სანდოობაზე და კეთილსაიმედოობაზე ნამდვილად არ მიუთითებს.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია