საქართველოსთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი), მუდმივად აქტუალური თემაა. უცხოური ინვესტიციები, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე და გარდამავალი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ინვესტორთა სახსრები და გამოცდილება, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გასაფართოებლად და ეკონომიკის განვითარებისთვის ესაჭიროებათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პუი ქვეყანაში არა მხოლოდ უშუალოდ უცხოური კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, არამედ ცოდნის, ჰუმანიტარული კავშირების, ტექნოლოგიურობის დონის და გამოცდილების გაღრმავებასაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 619.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით - 53%-ით კლებას წარმოადგენს და აბსოლუტურ რიცხვებში, 2005 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავდროულად, 2018-2019 წლების მონაცემებიც, წინა პერიოდების მაჩვენებლებს არსებითად ჩამოუვარდებოდა. 2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების გამავალი ნაკადები შემომავალ ნაკადებს აჭარბებდა. კვარტალურ ჭრილში, უარყოფითი პუი 1995 წლის შემდეგ (არსებული სტატისტიკის ფარგლებში) პირველად დაფიქსირდა. 2020 წლის ჯამური მოცულობიდან 65% ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე - ფინანსურ სექტორზე მოდიოდა. მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები ენერგეტიკის, სასტუმროების და რესტორნების და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში, ხოლო ზრდა საფინანსო, სამთომოპოვებითი მრეწველობის, უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა.

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. გაეროს პროექციით, პუი მსოფლიოში დაახლოებით 42%-ით შემცირდა და პერსპექტივა ნეგატიურად რჩება. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 1997-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები. 2020 წლის განმავლობაში, სააქციო კაპიტალის ნაკადები პრაქტიკულად ნულს მიუახლოვდა, რაც ძირითადად, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისით იყო გამოწვეული. იმავე პერიოდში ინვესტიციების არსებული დონე, 619.9 მლნ აშშ დოლარი, ძირითადად რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს. 2019 წელს, პუი-ს მაჩვენებელმა მშპ-ს 7.5% შეადგინა, ხოლო 2020 წელს - 3.9%.

ცხრილი 2: პუი-ს სტრუქტურა და ფარდობა მშპ-თან, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზისას, ყურადღება რამდენიმე დეტალზე უნდა გამახვილდეს. 2013-2020 წლებში, პუი-ს საშუალო მაჩვენებელი 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით დიდ მოცულობას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაბამისად, საინვესტიციო კონიუნქტურა და სტატისტიკა რიგ შემთხვევებში, ერთი მხრივ, ტექნიკურ ასპექტთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ერთეული მსხვილი ინვესტიციების შემოსვლამ თუ გასვლამ პუი-ს მაჩვენებლებზე, შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონიოს. ბუნებრივია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზედმიწევნით დეტალურ სტატისტიკას ვერ წარმოადგენს, რადგანაც აღნიშნული კომერციული საიდუმლოების დარღვევასთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა, რიგ შემთხვევებში, საქსტატი პუის შემცირების ტექნიკურ მიზეზებს ასახელებდა. ასეთები იყო მაგალითად ბრითიშ პეტროლეუმის (BP) მილსადენის დასკვნითი ნაწილის დასრულება. ასევე, Geocell-ს გადასვლა Silknet-ის მფლობელობაში, რის გამოც ტექნიკურად, კომპანია უცხოელი ინვესტორის მფლობელობაში აღარ ექცეოდა. ასევე, აღსანიშნავია 2016 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ ფრანგული ფინანსური კონგლომერატ - „სოსიეტე ჟენერალისგან“, საკონტროლო პაკეტის შეძენა.

ზემოთ განხილულ საკითხებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აპელირებდნენ. თუმცა, ინვესტიციების კლების დინამიკის კონტრარგუმენტად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მხოლოდ „ტექნიკური“ ასპექტების დასახელება (ვალების გასტუმრება, BP-ს გაზსადენის პროექტის დასრულება და ა.შ.), სპეკულაციურია. როგორც წესი, როდესაც წინა წლებში პუი იზრდებოდა, ასეთ დეტალებზე ყურადღება არ მახვილდებოდა. ინვესტიციების ნაწილი ქვეყნიდან წინა წლებშიც გადიოდა (იფარებოდა ვალები, სხვისდებოდა კომპანიები), თუმცა აღნიშნული გადინება სხვა ნაკადებით ბალანსდებოდა, რაც ბოლო წლებში ვერ მოხერხდა. შესაბამისად, გასულ წლებში ტექნიკურ მიზეზებზე მითითება, ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.

ასევე, ხაზი იმ ფაქტს უნდა გაესვას, რომ ბოლო წლებში, პუი-ს შემოდინება ე.წ ოფშორული ზონებიდან ფიქსირდებოდა, როგორებიცაა მაგალითად პანამა, მარშალის კუნძულები, და ა.შ. მხოლოდ ამ ქვეყნებიდან, 2019 წელს დაახლოებით 111 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები დაფიქსირდა, რაც მთლიანი პუი-ს 9%-ს შეადგენდა. აღნიშნული ქვეყნები, შეღავათიანი დაბეგვრით სარგებლობენ. ზოგადად, მსოფლიოში, ხშირია პრაქტიკა, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები საქმიანობას ოფშორებში დარეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების საშუალებით ეწევიან, რაც მათთვის მთელ რიგ სარგებელთან არის დაკავშირებული, როგორიც არის გადასახადებისგან თავის არიდება, საჯაროობის შემცირება (ოფშორულ ზონებზე დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელებზე ინფორმაცია საჯარო რეესტრში ვერ ხვდება) და ა.შ. არსებობს ვარაუდი, რომ ოფშორებიდან საქართველოსკენ მომავალი საინვესტიციო ნაკადების უკან ასევე საქართველოს მოქალაქეები დგანან, ე.ი ტექნიკურად, მათი კლასიფიკაცია უცხოელ ინვესტორებად ხდება, რაც ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამება. 2020 წელს, მხოლოდ პანამის შემთხვევაში 209 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის გასვლა დაფიქსირდა, რამაც მაჩვენებელზე დიდი გავლენა მოახდინა.

2020 წელს, როგორც წინა წლების შემთხვევაში, უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება „საქსტატმა“ საწარმოთა ნაწილის საქართველოს რეზიდენტთა საკუთრებაში გადასვლით ახსნა. საქსტატის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ასეთი მასშტაბური შემცირების მიზეზად გვევლინება 2020 წლის მეოთხე კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის სექტორში მოქმედი კომპანიის საქველმოქმედო ფონდი „ქართუსთვის“ უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაახლოებით 300 მლნ დოლარით შეამცირა.

ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მთავრობის მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არაერთ საჯარო განცხადებაში თუ დოკუმენტში ასახულა. დროდადრო, სახელმწიფოს დაქვემდებარებული სსიპ „აწარმოე საქართველოში“ აქვეყნებს საინვესტიციო სტრატეგიას. ასევე, ქვეყანაში ფუნქციონირებს საინვესტიციო სააგენტო. ცხადია, რომ ახალი ინვესტორების მოზიდვასა და არსებული ინვესტორების შენარჩუნებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, თუმცა, პუი-ს სტატისტიკა ბოლო წლებში სახარბიელო ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, 2013 წელს და ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფულადი გზავნილები უცხოეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატებოდა, ანუ ემიგრანტებს ქვეყნისთვის უფრო მეტი ფული შემოჰქონდათ, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები საქართველოში, 2013-2019 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქსტატი, საქართველოს ეროვნული ბანკი

პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების, ვალი, დეფიციტი და უცხოური კაპიტალის ნაკადების შემცირების ნეგატიური შედეგები, საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავედ მომავალში დადგება. შესაბამისად, უცხოური კაპიტალის დეფიციტის ნაწილობრივ შემსუბუქებისთვის მაინც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ სათანადო ძალისხმევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დაეთმოს, იქნება ეს მსხვილი პროექტების განხორციელებისკენ მიმართული არსებითი ნაბიჯების გადადგმა (როგორიც არის მაგალითად ანაკლიის კონსორციუმი, რომლის ხელშეწყობაც საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური მოვალეობაა), უცხოურ ინვესტორებთან სათანადო/ჯეროვანი კომუნიკაცია, შიდა და საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის სტაბილიზაცია, სასამართლო რეფორმის განხორციელება და ა.შ, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის კეთილსაიმედო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია