იტვირთება

მელოუნი, ბოში, ზელენკო - სახელები, რომლითაც ანტივაქსერები გვარწმუნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სახიფათოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 22 აგვისტოს, გადაცემა „სალტეს“ წამყვანმა, სოსო მანჯავიძემ, თავის Facebook-ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს. იმავე დღეს მანჯავიძის პოსტი Facebook-გვერდმა - „დედოფალი“ - გამოაქვეყნა. აღნიშნული დეზინფორმაცია სექტემბრის დასაწყისში სოციალურ ქსელში კიდევ უფრო მასშტაბურად გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7). საერთო ჯამში პოსტებს 600-მდე რეაქცია, 550-მდე გაზიარება და 300-მდე კომენტარი აქვს.

მტკიცება #1: ვექტორული ვაქცინების გამომგონებელმა, რობერტ მელოუნმა, განაცხადა, რომ მასობრივი ვაქცინაცია სასწრაფოდ შესაჩერებელია, რადგან პროცესი კონტროლიდან გამოვიდა და საშინელი შედეგები შეიძლება დადგეს

მტკიცება, თითქოს რობერტ მელოუნი ვექტორული ვაქცინები გამომგონებელია, ყალბია. ის კოლეგებთან ერთად რნმ ტექნოლოგიის განვითარებაზე მართლაც მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის ვაქცინებში გამოყენებული რნმ ტექნოლოგიის ფუძემდებლად უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კალიკო და მისი კოლეგა, დრიუ ვაისმენი, ითვლებიან. რობერტ მელოუნი ვექტორული ვაქცინის გამომგონებლად მხოლოდ საკუთარ ვებგვერდზე, Twitter-ისა და LinkedIn-ის ანგარიშზეა მოხსენიებული. 1989 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, სათაურით, Cationic liposome-mediated RNA transfection, რომელმაც რნმ ტექნოლოგიის შემდგომ განვითარებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა აღნიშნული მელოუნს რნმ ვაქცინების შემქმნელად არ აქცევს.

აღსანიშნავია, რომ მელოუნი ფაქტების გადამოწმების პლატფორმას - Logiaclly - დაუკავშირდა და აღიარა, რომ რნმ ვაქცინები მას არ გამოუგონებია, თუმცა „ვაქცინის ტექნოლოგიის პლატფორმა“ ნამდვილად მან გამოიგონა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წინააღმდეგ მელოუნის მწვავე კრიტიკას, ის მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ემყარება. მელოუნი ვაქცინების გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგიის (antibody-dependent enhancement (ADE)) კავშირზე საუბრობს. ანტისხეულებზე გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგია არის მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანის სხეულში არსებული ანტისხეულები ვირუსით გამოწვეულ ინფექციას არ ბლოკავს, არამედ უჯრედების დაინფიცირების უნარს ზრდის, რაც უფრო მძიმე დაავადებებს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მტკიცება #2: ნობელის პრემიის ლაურეატმა, ლუკ მონტანიემ, თქვა, რომ მასობრივი ვაქცინაცია არის კაცობრიობის გენოციდის ყველაზე დიდი საფრთხე მთელი მისი არსებობის მანძილზე

ფრანგმა მეცნიერმა, ლუკ მონტანიემ, 2008 წელს კოლეგა მეცნიერებთან ერთად აივ-ვირუსის (HIV-virus) იდენტიფიცირებისთვის ნობელის პრემია მიიღო. ბოლო წლებში მონტანიე აივინფექციებსა და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებით (მისი თქმით, ადამიანის იმუნური სისტემა შიდსის ვირუსთან გამკლავებისთვის საკმარისია) და ასევე, Covid-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ის ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო, კრიტიკის ცენტრში მოექცა.

ლუკ მონტანიეს ირგვლივ სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ერთი ვერსიის თანახმად, რასაც სოსო მანჯავიძე აქამდეც ავრცელებდა, მონტენიემ განაცხადა, რომ Covid-19-ით ვაქცინირებული ადამიანები ორ წელიწადში დაიღუპებიან. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - მას ვაქცინაციით კაცობრიობის მასობრივი განადგურების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

განცხადება, რაც ლუი მონტანიემ ნამდვილად გააკეთა ვაქცინაციის შედეგად რამდენიმე წელში ავტოიმუნურ დაავადების განვითარებას ეხება. თუმცა მოცემული განცხადება, როგორც უკვე აღინიშნა, უსაფუძვლოა და მეცნიერული მტკიცებულებები არ გააჩნია.

მტკიცება #3: ,,ზელენკოს პროტოკოლის" ავტორი, დოქტორ ზელენკო, რომელმაც დონალდ ტრამპი, ჯულიანი და სხვა უამრავი ადამიანი განკურნა, ვაქცინაციის სასწრაფო შეჩერებისკენ მოუწოდებს

ვლადიმირ-ზელენკო უკრაინელ-ამერიკელი ექიმია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი შექმნა, რომლითაც ასობით პაციენტი განკურნა. მედიკამენტი მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსილქლოროქვინი/პლაქვენილით, აზომიციტინითა და თუთიის საკვები დანამატით მიიღება. აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობას ე.წ. „ზელენკოს პროტოკოლს“ უწოდებენ, რომლის ეფექტურობას აკადემიური სამეცნიერო წყაროები არ ადასტურებენ. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ვებგვერდზე, 2020 პირველი ივლისის განახლების მიხედვით, ვკითხულობთ, რომ COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტების ჰიდროქსილქლოროქვინითა და ქლორიზინით მკურნალობა ჯანმრთელობის რისკებთანაა დაკავშირებული. ეს მოიცავს გულის სერიოზულ პრობლემებს, სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევებს, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებას.

რაც შეეხება ზელენკოს მიერ განკურნებულ პაციენტებს, მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მეთოდოლოგია აკადემიურ სამეცნიერო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. მასში 518 ადამიანის მონაცემებია შეტანილი, რომელთაგანაც 377 ზელენკოსგან დამოუკიდებლად მკურნალობდა, ხოლო 141 - მის მიერ შემუშავებული პროტოკოლით. 140 პაციენტი, კვლევის თანახმად, გამოჯანმრთელდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კვლევაში პლაცებო და კონტროლ ჯგუფები მონაწილეობას არ იღებდნენ. ამრიგად, ზელენკოს კვლევა არააკადემიური და არარეპრეზენტაბელურია.

კიდევ ერთი მტკიცება იმის შესახებ, რომ ზელენკომ ტრამპი განკურნა, ასევე დეზინფორმაციაა. დონალდ ტრამპი 2020 წლის დასაწყისში პლაქველინის გამოყენებას ნამდვილად უჭერდა მხარს, თუმცა მტკიცებულება, რომ ექიმები პრეზიდენტს „ზელენკოს პროტოკოლით“ მკურნალობდნენ, არ არსებობს.

ექიმი ზელენკო კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, ის აცხადებდა, რომ ჯორჯ სოროსი და ბილ გეითსი ღვთის წინააღმდეგ ომში არიან ჩართულნი. ასევე ზელენკო ამტკიცებდა, რომ ვაქცინა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ნაყოფიერების უნარს აფერხებს და ნაწილაკებს, რომლითაც ადამიანთა კონტროლია შესაძლებელი. აღნიშნული დეზინფორმაციების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (ბმული 1, ბმული 2). გარდა ვაქცინაციისა, ზელენკო ისეთ შეთქმულების თეორიასაც ავრცელებს, როგორიცაა თვალთვალის ასარიდებლად ტელეფონების ალუმინის ფოლგაში გახვევა.

მტკიცება #4: გამოჩენილი ვირუსოლოგი, გერტ ვან დერ ბოსშე, თავის ცნობილ წერილში ჯანმოს ვაქცინის შეჩერებისკენ მოუწოდებს

გერტ ვანდენ ბოში ბელგიელი ვეტერინარი/ვირუსოლოგია, რომელმაც 2021 წლის 6 მარტს მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებასა და ექსპერტებს ღია წერილით მიმართა. წერილში ბოში ამტკიცებს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოში მოსახლეობის დიდ ნაწილს გაანადგურებს. ბოში მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, კორონავირუსის სხვადასხვა, უფრო სახიფათო ვარიანტის შექმნას გამოიწვევს და მათ წინააღმდეგ ვაქცინები არაეფექტური აღმოჩნდება. ბოშის მტკიცებით, სიტუაციას ის გარემოებაც გაამწვავებს, რომ უკვე აცრილ ადამიანებს, აუცრელებთან შედარებით, ვირუსის ახალ სახეობებთან გამკლავება ნაკლებად შეეძლებათ. ყველაფერ ამის გამო, ბოში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის, ხოლო პარალელურად, მეცნიერებს მოუწოდებს, რომ ყურადღება მის გამოგონებას მიაპყრონ, რომელსაც თავად „უნივერსალურ ვაქცინას“ უწოდებს. ბოშის „ვაქცინა“ SARS-CoV-2-ის გასანადგურებლად ორგანიზმის თანდაყოლილ იმუნურ სისტემას დაეფუძნება, თუმცა, მის შექმნას ბელგიელი ვეტერინარი 2014 წლიდან უშედეგოდ ცდილობს. ამასთან, ბელგიელი ვეტერინარი საკუთარ თავს ვაქცინაციის საკითხებში დამოუკიდებელ მრჩევლად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ბილ გეითსის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა GAVI-ის ფარგლებში პროექტების მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას, ახალი მუტაციების გამოწვევას და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა განაცხადა: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

ამასთან ერთად, ბელგიელი ვეტერინარის კიდევ ერთი მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინების მიერ კორონავირუსის ახალი, უფრო სახიფათო ვარიანტების შექმნის ხელშეწყობის პარალელურად, აცრილი ადამიანები აღნიშნული ახალი ვარიანტების გამავრცელებლები იქნებიან. COVID-19-ის ვაქცინების შესახებ გამოთქმული აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მათ მიერ ვირუსის გადატანის შემცირებასთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით მტკიცებულება არსებობს.

ასევე, უნდა ითქვას, რომ COVID-19-ის ვაქცინები, ბოშის მტკიცების საწინააღმდეგოდ, უსაფრთხოა და ვაქცინაციის შედეგად „ახალგაზრდების გენოციდზე“ ან მოსახლეობის დიდი ნაწილის სიცოცხლის მოსპობაზე მტკიცებები რეალურ საფუძველს მოკლებულია.

მტკიცება #5: საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერები: დოქტორი რაშიდ ბუტარი, დოქტორი შერი ტენპენი და დოქტორი სუხარიტ ბაქტი ვაქცინაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

სოსო მანჯავიძის მიერ საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერი რაშიდ ბუტარი - ამერიკული ავტორიტეტული სამედიცინო ინსტიტუტების მიერ, სამედიცინო თაღლითობაში არაერთხელაა შემჩნეული. რაშიდ ბუტარი ცნობილია იმით, რომ ხშირად ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, არის ვაქცინების მოწინააღმდეგე და ალტერნატიული მედიცინის მიმდევარი. ბუტარს 2015 წელს ონკოლოგიური პაციენტების პირველადი დათვალიერების გარეშე მკურნალობა და ძვირადღირებული, დაუდასტურებელი მედიკამენტების დანიშვნა ედებოდა ბრალად.

რაც შეეხება შერი ტენპენს, ის ოსტეოფატია. ოსტეოფატია ალტერნატიული მედიცინის დარგია, რომელიც არამედიკამენტოზური, უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდს მოიცავს. აღნიშნული მეთოდი ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ბიომექანიკის ცოდნას ეფუძნება და ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე ხელებით ზემოქმედებას გულისხმობს. ტენპენს ვირუსოლოგიაში არანაირი ხარისხი არ გააჩნია, თუმცა ავტორია წიგნის - „უარი ვაქცინას“ (Saying No To Vaccines).

მესამე დოქტორი, ვისზეც მანჯავიძე საუბრობს, სუჩარიტ ბჰაქდია. ბჰაქდი მიკრობიოლოგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე საზოგადოებაში შეთქმულების თეორიებს ავრცელებდა. მისი თქმით, COVID-19 ხელოვნურად შექმნილი პანდემიაა, პირბადეები დაინფიცირებისგან არ გვიცავს, კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტები არ მუშაობს, ხოლო ვაქცინები მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისთვის შექმნეს. ბჰაქდი 1990-იან წლებში ცნობილი მიკრობიოლოგი ნამდვილად იყო, თუმცა ის უკვე რვა წელია, პენსიაზეა გასული. ამასთან მისი კვლევის სფეროები ათეროსკლეროზი, ბაქტერიული ტოქსინები, მალარია და დენგე იყო. ეპიდემიოლოგიური საკითხები, როგორსაც ის თავის მიმართვებში კორონავირუსთან დაკავშირებით განიხილავდა, მის კვლევის სფეროს არ წარმოადგენდა.

გავრცელებულ Facebook-პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსი ბავშვებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ბავშვებში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ გართულებებზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებში ყოველთვის მსუბუქად არ მიმდინარეობს, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ასევე, ლეტალობის შემთხვევებიც ფიქსირდება.

მისი თქმით, ამერიკაში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ მონაცემებზე დაყრდნობით, 4 მილიონ დაინფიცირებულ ბავშვში, 2%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შესაბამისად, ყოველი 100 ბავშვიდან, 2 მათგანი, კორონავირუსის გართულებების შედეგად ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. „2% სრულებითაც არაა ცოტა. შესაბამისად, მარტივი დასკვნაა ის, რომ კორონავირუსი ბავშვებში ყოველთვის მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვების 2%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ამასთან ერთად, ვირუსმა შესაძლოა, ლეტალობაც გამოიწვიოს. აშშ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევებიდან, პაციენტთა გარდაცვალება 0.23%-ში ფიქსირდება. შესაბამისად, ყოველი ათასი დაინფიცირებული ბავშვიდან - 2 მათგანი, ვირუსის გართულების შედეგად იღუპება“.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4145 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი