გიორგი კაკაურიძე: გასული წლის მეორე ნახევარში და წლის პირველ კვარტალში, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: პანდემიას და მკაცრ ეკონომიკურ შეზღუდვებს სამუშაო ადგილების დაკარგვა მოჰყვა. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმუშევრობის დონე 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. 2021 წლის I კვარტალში კი უმუშევრობის დონემ 21.9%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 3.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2021 წლის I კვარტალში - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 133 ათასით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობა პანდემიამდეც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
მინისტრის მოადგილე შრომის ბაზარზე დაფიქსირებულ ცვლილებებს სწორად აღწერს, ამავდროულად, მიზეზის ახსნისას არა ზოგადად პანდემიაზე, არამედ დაწესებული შეზღუდვების გავლენაზეც უთითებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურძის განცხადება სიმართლეა.
ანალიზი
19 მაისს, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „გასული წლის მეორე ნახევარმა და წლის პირველმა კვარტალმა, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის ზრდა დაეტყო სოციალურ ხარჯებსაც, ოჯახების გარკვეული კატეგორია მოხვდა იმ ზღვრული მაჩვენებლის ქვევით, როცა ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება და ეს ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია“.
პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. დასაქმების დონე კი წინა წელთან შედარებით 42.7%-დან 41.1%-მდე შემცირდა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 54.1 ათასით შემცირდა.
2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონემ 20.4%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.8 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9% შეადგინა. 2021 წლის I კვარტალში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 37.7% შეადგინა. 2021 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 133 ათასით შემცირდა, აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 108 ათასით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 25 ათასით.
2021 წლის I კვარტალში ასევე შემცირდა სამუშაო ძალა (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელ უმუშევართა ჯამი). კერძოდ, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
გრაფიკი 1: უმუშევრობის და დასაქმების დონე (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც. წინა წლებში უმუშევრობის დონე [პროცენტული მაჩვენებელი] ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა აღნიშნული ძირითადად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (კერძოდ სამუშაოს მაძიებელ უმუშევართა) კლებით იყო განპირობებული.
უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები. 2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, ანუ მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, შედეგად დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც შემცირდა. 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე 21.9%-დან 17.6%-მდე, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა კი 12.6 ათასით შემცირდა.
გრაფიკი 2: დასაქმება და უმუშევრობა 2011-2020 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახა. პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, მთავრობამ მოქალაქეების და ბიზნესის დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა აამოქმედა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ხარჯები გაიზარდა. 2021 წლის I კვარტალში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 539.5 მლნ ლარი გაიხარჯა, აქედან ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 176.6 მლნ ლარი, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 212.4 მლნ ლარი, ბიზნესის მხარდასაჭერად კი 150.5 მლნ ლარი.