დეზინფორმაცია: ვაქცინები და პირბადეები ჰიდროგელს შეიცავს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ ქსელში გვერდ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ მიერ, 12 მაისს გამოქვეყნებული პოსტი ვრცელდება, სადაც კორონავირუსის სატესტო ჩხირებსა და პირბადეებზე დატანილი ჰიდროგელის შესახებ არის საუბარი. პოსტის მიხედვით, „ბრატისლავას საავადმყოფოს თანამშრომლებმა“ PCR ტესტ-ჩხირები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მათზე არსებული ბამბის ტამპონი, ადამიანის ორგანიზმში DARPA ჰიდროგელის შესატანად გამოიყენება. პოსტის თანახმად, ცხვირის ღრუში ტამპონის მოთავსების შემდეგ, ბამბაზე მოთავსებული ბოჭკოების ბოლოების წატეხვა ხდება, რაც ლორწოვანი გარსის ზედაპირული ფენის დაზიანებას იწვევს. „მას შემდეგ, რაც DARPA ჰიდროგელი სხეულის სითხეებს დაუკავშირდება, როგორიცაა ნერწყვი, ისინი რამდენიმე წუთში მართკუთხა კრისტალური სტრუქტურების ფორმირებას იწყებენ, რომლებიც იზრდებიან და მრავლდებიან“. ავტორის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ კრისტალები კარგი გამტარებია, ადამიანის ორგანიზმიდან სიგნალების გაგზავნა „გარე გადამცემზე“ არის შესაძლებელი.
პოსტი ასევე ამტკიცებს, რომ ჰიდროგელი წამებში ქმნის თრომბებს, რომლებიც სისხლძარღვებს აზიანებს და ახშობს. ამასთან ერთად, პოსტში მოყვანილია მტკიცებები იმის შესახებ, რომ ჰიდროგელი, როგორც ვაქცინაში, ისე FFP2 პირბადეებში არის მოთავსებული. საერთო ჯამში, პოსტი აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით, მკითხველის „ცრუ პანდემიის“ ნარატივის სიმართლეში დარწმუნებას ცდილობს.
რეალურად, ინტერნეტში მართლაც გავრცელდა დოკუმენტი, თუმცა მას სამეცნიერო და აკადემიური ღირებულება არ გააჩნია. დოკუმენტი არ შეიცავს მეთოდოლოგიას და ავტორები არ ჰყავს. ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტის, ისე პოსტის ძირითადი ნარატივი ე.წ. DARPA (თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს) ჰიდროგელის გარშემო ტრიალებს. სინამდვილეში, მსგავსი პროდუქტი სახელწოდებით „DARPA ჰიდროგელი“ არ არსებობს. მართალია, DARPA ჰიდროგელს გარკვეულ პროექტებში იყენებს, თუმცა ჰიდროგელი თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს გამოგონება არ არის. სააგენტოს არც შეუქმნია და არც აღმოუჩენია ჰიდროგელი. პირველად ჰიდროგელი მაკრომოლეკულურ ქიმიაში 1960 წელს, პრაღაში, ქიმიკოსებმა ოტო ვიხტერლიმ და დრაგოსლავ ლიმმა აღმოაჩინეს.
რაც შეეხება უშუალოდ ჰიდროგელს, ჰიდროგელი ნივთიერება Poly (2-hydroxyethyl methacrylate) (pHEMA)-ს პოლიმერისა და წყლის ნაზავს წარმოადგენს. ჰიდროგელი წყლის მშთანთქმელი პოლიმერებია. მათგან უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადია და შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. ჰიდროგელი ბევრ ყოველდღიურად ხმარებად პროდუქტში, მაგალითად: თვალის კონტაქტურ ლინზებში, ბავშვის პამპერსებში, თმის მოვლის პროდუქტებში, ნიადაგის დამატენიანებელ საშუალებებში და ა.შ. გვხვდება.
ზემოთ აღნიშნულ უზუსტობებთან ერთად, პოსტში რამდენიმე დეზინფორმაციაა:
დეზინფორმაცია 1: სატესტო ჩხირებით ჰიდროგელი ადამიანის ორგანიზმში შედის, სადაც ის რჩება, კრისტალდება და გარე და შიდა სიგნალებს შორის გამტარი ხდება
ზოგიერთ სატესტო ჩხირზე, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება, ჰიდროგელი მართლაც არის დატანილი, რაც ხელს უწყობს, რომ მოკლე დროში, ადამანის ორგანიზმიდან ვირუსული ბაქტერიის დაფიქსირება უფრო ადვილად და ეფექტურად (მაქსიმალური სიზუსტით) მოხდეს. ჰიდროგელზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური საშუალებები მედიცინაში სხვა ისეთი დაავადებების ეფექტური დიაგნოსტიკისთვისაც გამოიყენება, როგორიცაა გონორეა. არ არსებობს ოფიციალური მტკიცება ან სამედიცინო კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჰიდროგელის გამოყენებას ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ჰიდროგელის მთავარი დანიშნულება, ჩხირზე ვირუსის სწრაფი ფიქსაციაა. ის ადამიანის ორგანიზმში არ კრისტალდება და ადამიანის შინაგან ორგანოსა და „გარე ძალებს“ შორის გამტარი არ არის.
დეზინფორმაცია 2: ტესტირებებით ჰიდროგელის შეყვანა ადამიანის ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების განადგურებას და თრომბებს იწვევს
ტესტირება ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ადამიანის ცხვირიდან ლორწოვანი გარსის ნიმუშის ჩხირით აღებას სისხლის წითელ უჯრედების განადგურებასთან ან თრომბის უცაბედ განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სიმაღთლეს არ შეესაბამება.
ტესტირების შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
დეზინფორმაცია 3: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჰიდროგელს და ლითიუმს შეიცავს
ჰიდროგელი ვაქცინაციის დროს ორგანიზმში შეყვანილი ანტიგენების იმუნოგენურობის გასაძლიერებლად რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. ამის მიუხედავად, ჰიდროგელის დიზაინის კომპლექსურობის, მაღალი ხარჯებისა და იმუნიტეტის მასტიმულირებელი დანამატების უსაფრთხოების საკითხების გამო, ჰიდროგელის ვაქცინებში გამოყენება ფართოდ არ მომხდარა. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მოქმედ Covid-19-ის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში ჰიდროგელი გამოყენებული არ არის. ამასთან ერთად, Covid-19-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა ამ ეტაპზე არ შეიცავს ლითიუმს.
ვაქცინების შემადგენლობისა და მოქმედების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: წყარო 1; წყარო 2
დეზინფორმაცია 4 : FFFP2 პირბადეები ჰიდროგელს შეიცავს
როგორც ნაშრომში, ისე პოსტში მოყვანილი მტკიცება, თითქოს FFP2 (იგივე N95/KN95) პირბადეები ჰიდროგელს შეიცავს, ყალბია. აღნიშნული პირბადეები კეთდება ორი, შიდა და გარე ფენა პოლიპროპილენის არანაქსოვი მატერიისა და მათ შორის მოთავსებული ფილტრისგან. არცერთ ფენაში ჰიდროგელი არ არის.
მკითხველს შესაძლოა ე.წ. „ჰიდროგელის სახის ნიღბების“ შესახებ აქამდე სმენია, რომლებიც სრულიად განსხვავდება როგორც პოსტში, ისე ნაშრომში ნახსენები ნიღბებისგან. ჰიდროგელის სახის ნიღბები სახის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებებია.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.