ოთარ დანელია: იმ ქვეყნების ეკონომიკა, სადაც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ია, შედარებით ნაკლებად განვითარებულია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,5% იყო. ეს მაჩვენებელი 2020 წელს გაიზარდა, რადგან სხვა დარგების რადიკალური შემცირების ფონზე, სოფლის მეურნეობის გამოშვება თითქმის იგივე დარჩა, რამაც წილი მთლიან მშპ-ში გაზარდა. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომელთა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 10%-ის ფარგლებში მერყეობს ( მოლდოვა, ტუნისი, მონღოლეთი, ჰონდურასი, სუდანი და ა.შ.) მათი მშპ- ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით საქართველოს მაჩვენებლის ტოლია და რადიკალურად ჩამოუვარდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და საფრანგეთი, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, თუმცა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 1,5-2%-ს შორის მერყეობს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ ჩამონათვალში განხილულია ის ქვეყნები, რომელთაც გარკვეული რაოდენობის სახნავ-სათესი მიწები გააჩნიათ და არა ჯუჯა სახელმწიფოები, რომელთაც მიწები არ აქვთ.
ანალიზი
საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და აგრარული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა:
„თუ ვინმე სოფლის მეურნეობას განიხილავს, როგორც ეკონომიკის ლოკომოტივს, ეს მცდარი შეხედულებაა. სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგი ძალიან ცოტა ქვეყანაში შეიძლება იყოს. მეტსაც გეტყვით, სოფლის მეურნეობით ცნობილი ქვეყნებშიც კი აგრარული სექტორის კონტრიბუცია მშპ-ში 1.5%-დან მაქსიმუმ 3%-მდეა. იქ, სადაც სოფლის მეურნეობას მშპ-ის ან ექსპორტის 10% უჭირავს, იმ ქვეყნის ეკონომიკას აქვს პრობლემები“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობას 8,4% ეჭირა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით - საქართველოს მაჩვენებელთან და მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის 10%-იან მაჩვენებელთან ახლოს ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა - მოლდოვა, ტუნისი, მონღოლეთი, ჰონდურასი და სუდანი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და საფრანგეთი - სოფლის მეურნეობის წილი მთლიან მშპ-ში 1,5-2% შემოიფარგლება.
გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, ქვეყნების მიხედვით
წყარო: მსოფლიო ბანკი
საინტერესოა, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების განვითარების დონე მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე ინდიკატორით განვიხილოთ, რითაც აღმოჩნდება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მშპ-ში სოფლის მეურნეობას დაბალი წილი უჭირავს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე იმ ქვეყნებს, სადაც სოფლის მეურნეობის წილი მაღალია (დანართი 1).
გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნების მიხედვით
წყარო: მსოფლიო ბანკი
საბოლოო ჯამში, ოთარ დანელიას განცხადება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, არის სიმართლე.