კრიმინალის დონე ქვეყანაში, ბოლო წლებია, განსაკუთრებით აქტიურად განიხილება. ოპოზიციის წარმომადგენლები კრიმინოგენურ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ, მმართველი გუნდში კი - რეგისტრირებული დანაშაულის არსებულ სტატისტიკაში, პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გასულ წელს აღნიშნა, რომ „კრიმინალი ტელევიზიებში გაიზარდა“.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობის სრულყოფილად შეფასება მხოლოდ არსებული, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკით შეუძლებელია (ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ არაერთხელ წერდა). გარდა ამისა, არსებობს რიგი გარემოებები, რომლებიც რეგისტრირებულ სტატისტიკასთან მიმართებით, გარკვეულ უნდობლობას დღემდე შეიძლება იწვევდეს. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წლის შემდეგ დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განსხვავებული მეთოდოლოგია არ დანერგილა, უკანასკნელი წლების მონაცემებით, დანაშაულის გარკვეული ტენდენციების დანახვა შეიძლება. მოცემულ სტატიაში 2019-2020 წლების მონაცემებს შევადარებთ.

რეგისტრირებული დანაშაულის გასული წლის სტატისტიკა სრულად (იანვარ-დეკემბრის პერიოდი) მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 11.74%-ით იკლო. კერძოდ, 2019 წელს სულ 64 123 დანაშაულის შემთხვევა დარეგისტრირდა, 2020 წელს - 56 596. რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, 2020 წელს (35.56%), 2019 წელთან შედარებით (35.61%), ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს პანდემიამ/მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გარკვეულწილად ქვეყნის ყველა მაჩვენებელზე იმოქმედა. პანდემიის დროს შემოღებულ საგანგებო მდგომარეობასა და შეზღუდვებს შესაძლოა, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაზეც ჰქონოდა გავლენა (იხ. გრაფიკი 4). გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, თუ, რეგისტრირებული დანაშაულის შემცირების ტენდენციამ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელზე, გავლენა რატომ არ მოახდინა.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა 4.51%-ით მოიმატა. ამ სახეობების დანაშაულიდან განსაკუთრებით საყურადღებო განზრახ მკვლელობის (მ. 108) მაჩვენებელია, რომელმაც 39.47%-ით მოიმატა. 15.38%-ითაა შემცირებული განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მ.109), თუმცა ასევე შემცირებულია დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობა (მ. 19-109).

6.42%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ სახეობის დანაშაულიდან - ოჯახში ძალადობის (მ.1261) შემთხვევებმა - 6.92%-ით მოიმატა.

ოჯახში ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელი, ერთი მხრივ შესაძლოა, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს, რამდენადაც, მკაცრი შეზღუდვების ფონზე ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა (იხ. სტატია). გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ოჯახური ძალადობის ზრდაზე, გავლენა შეიძლება ჰქონოდა, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ხშირად ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რამდენადაც გართულებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, მსხვერპლისთვის მოძალადის დატოვება და ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყება, კიდევ უფრო რთული ხდება.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტი-მაისის პერიოდში, მაშინ, როდესაც შეზღუდვების ყველაზე მკაცრი ზომები მოქმედებდა, საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევების მკვეთრი მატება არ დაფიქსირებულა. ზრდის ტენდენცია, როგორც გრაფიკზეც ჩანს, 2020 წლის მარტიდან დაიწყო და ოქტომბრამდე გაგრძელდა.

გრაფიკი 1: სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა) რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა 2020 წელს ცალკეული თვეების მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის შემთხვევების ასეთი ტენდენცია არაერთ კითხვას აჩენს, თუმცა შსს-ს კითხვებზე პასუხი არ აქვს. როგორც 5 მარტს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, შეიძლება ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა იმატა, თუმცა არ იცის, ეს რისი შედეგი შეიძლება იყოს.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 18.76%-ით იკლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა. გარდა ამისა, საგრძნობლად, 46.19%-ით, იკლო ნარკოტიკულმა დანაშაულმაც. მკვეთრადაა შემცირებული დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (-28.93%).

ასევე, იკლო სამოხელეო დანაშულმაც (-18.11%). ამ სახეობის დანაშულში, სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრადაა შემცირებული(-47.62%) ქრთამის აღება (მ. 338). 33%-ით იკლო მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშულმა.

საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშული 25.81%-ით შემცირდა. 46.67%-ით იკლო ტერორისტულმა დანაშულებმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დანაშაულები გავრცელებული დანაშაულების რიცხვში არ შედის და მათი რაოდენობა ერთეულებითაა შემცირებული (მაგალითად, 2019 წელს ტერორისტული დანაშაულების (მ. 323-3311) 15 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს - 8).

სტატისტიკის მიხედვით, 12.23%-ით შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. ამ სახეობის დანაშაულში შემცირებულია ქურდობის (-10.96%), ძარცვისა (-28.23) და ყაჩაღობის (28.37%) შემთხვევები.

თუ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დანაშაულის რაოდენობა მარტში, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან ერთად, მკვეთრად იკლებს, შემდეგ კი, შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქების პარალელურად, იმატებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს შესაძლოა, ამ სახეობის რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაზე, გარკვეული გავლენა ჰქონოდა. თუმცა დანაშაულის კლების/ზრდის მიზეზის დადგენა ღრმა ანალიზს საჭიროებს. ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ დაწესდა, აპრილი-მაისის პერიოდისგან განსხვავებით, საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაულები მკვეთრად არ შემცირებულა.

გრაფიკი 2: საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაულების (მ. 177-189) დინამიკა 2020 წელს ცალკეული თვეების მონაცემების მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა 23.49%-ით მოიმატა. ამ სახეობის დანაშაულიდან 50%-ითაა შემცირებული ტრეფიკინგის დანაშაულები, რაც გლობალური პანდემიის გამო გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უნდა დავუკავშიროთ. ტრეფიკინგთან დაკავშირებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ არც ეს დანაშაულია გავრცელებული და 2019 წელთან შედარებით (22 შემთხვევა), 2020 წელს შემთხვევები 11 ერთეულით შემცირდა. 18.18%-ით მოიმატა დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა.

საგრძნობლად, 90.45%-ით, გაიზარდა დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ. მოცემული კატეგორია ისეთ დანაშაულებს მოიცავს, როგორიცაა უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, პროსტიტუციაში ჩაბმა და ა.შ. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის მუხლი კოდექსს გასული წლის აპრილში დაემატა.

სტატისტიკის მიხედვით, სატრანსპორტო დანაშაული 7.66%-ითაა გაზრდილი. როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, გაზაფხულის პერიოდში სატრანსპორტო დანაშაულის მკვეთრი კლება, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებას ემთხვევა, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესდა (საქალაქთაშორისო მოძრაობის შეზღუდვა, კომენდანტის საათი). შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, დანაშაულის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, ხოლო ნოემბერში, ზომების გამკაცრებას, კვლავ შემთხვევათა კლება მოსდევს.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს სატრანსპორტო დანაშაულის გაცილებით მეტი შემთხვევა შეიძლებოდა გვქონოდა, აღნიშნული შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში.

გრაფიკი 3: სატრანსპორტო დანაშაულის (მ. 275-283) 2020 წლის დინამიკა ცალკეული თვეების მონაცემების მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

რაც შეეხება ყველა რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკას, ისევე, როგორც ზოგიერთი ცალკეული დანაშაულის შემთხვევაში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება/გამკაცრების (იხ. შეზღუდვების ქრონოლოგია სტატიაში) პარალელურად, დანაშაულის კლების ტენდენცია აქაც თვალსაჩინოა.

გრაფიკი 4: 2020 წლის რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა ცალკეული თვეების მიხედვით.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2020 წელს გარკვეული დანაშაულის კლებაზე გავლენა პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უნდა მოეხდინა. თუმცაღა, საკითხის სრულყოფილი ანალიზისთვის მხოლოდ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა საკმარისი არაა.

როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია ე.წ. „დაფარული დანაშაულის” (ვიქტიმოლოგიური) კვლევა, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეწყდა.

განვითარებულ ქვეყნებში ვიქტიმოლოგიური კვლევის მონაცემები სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ წარმოებული სტატისტიკის „შესავსებად“ გამოიყენება. კვლევისთვის მონაცემები მოქალაქეთა გამოკითხვით გროვდება. აღნიშნული კვლევის უპირატესობა ისაა, რომ მის საფუძველზე ქვეყანაში ვიქტიმიზაციის დონე განისაზღვრება, დგინდება მოსახლეობის გამოცდილება და დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი.

2010-2012 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ვიქტიმოლოგიური კვლევა ყოველწლიურად ტარდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ამ სახის კვლევების წარმოება შეწყდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ვებ-პორტალი static.pol.ge, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია უნდა მიგვეღო, დღემდე არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-პორტალის შექმნის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს აიღო.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია