იტვირთება

ვახტანგ გომელაური: ჯამში კრიმინალს არ მოუმატია. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10%-ით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის ტყუილი

რეზიუმე: რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკას თუ შევხედავთ, დანაშაულის მკვეთრი კლება მიმდინარე წლის აპრილში ფიქსირდება, რაც შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს, რომელიც ქვეყანაში მარტიდან დაწესდა. კლებამ დანაშაულის საერთო რაოდენობაზეც გავლენა იქონია, რომელიც გასულ წელთან (იანვარ-ოქტომბრის პერიოდი) შედარებით, თითქმის 10%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სრულყოფილი ანალიზისა და არგუმენტების გარეშე იმის მტკიცება, რომ გასულ წელთან შედარებით, დანაშაული სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად შემცირდა, არის ტყუილი.

ნებისმიერი განცხადება, რომელიც კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებას ან გაუარესებას ეხება, იქნება მანიპულირება, თუ ეს შესაბამისი კვლევით არ იქნება გამყარებული. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი მიმდინარე წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზეა, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, შესაძლოა, დანაშაულის დონეზე გავლენა ჰქონდეს. შესაბამისად, კრიმინოგენურ ვითარებაზე მხოლოდ „მშრალი ციფრებით“ რამის მტკიცება, დაუშვებელია.

ანალიზი

18 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საზოგადოებას სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა დანაშაულის სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის ოპონენტები ხშირად საუბრობენ კრიმინალის მატებაზე, რაც პოლიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10%-ით. გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე. მაგალითისთვის, კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ - 8,5%-ით, 11%-ით იმატა მკვლელობამ”, - განაცხადა გომელაურმა.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, კრიმინოგენურ ვითარებას მხოლოდ არსებული სტატისტიკური მონაცემებით ვერ შევაფასებთ, რადგან მშრალი რიცხვები საამისოდ საკმარისი არაა. თუმცა, ვინაიდან გომელაური მიმდინარე წლის მონაცემებს გასული წლისას ადარებს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პერიოდში დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განსხვავებული მეთოდოლოგია არ დანერგილა, [1] არსებული მონაცემებით დანაშაულის გარკვეული ტენდენციების დანახვა შეიძლება.

გასული წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა 9.98%-ითაა შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 53 922 დანაშაული აღირიცხა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 48 543.

რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პრაქტიკულად, არ შეცვლილა და 34.33% შეადგინა.

გრაფიკი 1: 2019 და 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, რეგისტრირებული დანაშაულის მკვეთრი კლება მიმდინარე წლის აპრილში ფიქსირდება, რაც შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს, რომელიც ქვეყანაში მარტიდან დაწესდა. თუმცა ვინაიდან ასეთი მიზეზობრივი კავშირის დადგენა უფრო ღრმა ანალიზს საჭიროებს, ეს მოცემული სტატიის მიზანი არაა.

დანაშაულის ცალკეულ სახეობებში უმეტესწილად კლება აღინიშნება, თუმცა ზოგიერთ დანაშაულზე (როგორც კლებაზე, ისე მატებაზე), როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდოა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ჰქონოდა გავლენა. მაგალითად, საკუთრების წინააღმდეგ (მაგ. ქურდობა, ყაჩაღობა) მიმართული დანაშაულების კლებაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მარტში დაწესდა, შემდეგ- ნოემბერში და დღესაც მოქმედებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა 9.98%-ით მოიმატა. თვალშისაცემადაა მომატებული (+62.07) განზრახ მკვლელობის რეგისტრირებული შემთხვევები.

უმნიშვნელოდ, 3.04%-ითაა შემცირებული ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, თუმცა ამ სახეობის დანაშაულებიდან 8.54%-ითაა გაზრდილი ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული დანაშაული.

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საერთო რაოდენობის გარკვეულწილად მატება შესაძლოა, ერთი მხრივ, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და მის თანმდევ შედეგებს დავუკავშიროთ (კერძოდ, ადამიანების იზოლაციაში/დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლა თუ სამსახურის დაკარგვა), განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ პანდემიის გამო შეცვლილი ცხოვრების წესის გამო, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა. თუმცა დანაშაულის ყოველთვიური დინამიკა (გრაფიკი 2) ნაკლებად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სწორედ პანდემიასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა და თანმდევმა შედეგებმა იქონია გავლენა დანაშაულის რაოდენობაზე, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ, წელიწადის რომელ მონაკვეთში იყო უფრო მკაცრი შეზღუდვები (იხ. სტატია აღნიშნულ თემაზე).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპრილში, მაშინ როცა შსს მიუთითებდა, რომ პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა არ შეინიშნებოდა, უფლებადამცავი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ამავე პერიოდში მათ ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს. ერთი მხრივ - გლობალური ტრენდი, რომ ოჯახში ძალადობა იზრდება, როცა მოძალადეს და მსხვერპლს ერთ სივრცეში ჩავკეტავთ და მეორე მხრივ- ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობოების განცხადება, რომ ძალადობის შემთხვევებზე მათდამი მიმართვიანობა გაიზარდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს კლება დანაშაულის რაოდენობის შემცირებით არ არის გამოწვეული. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი უნდობლობა, შესაბამისი სერვისების არარსებობა და სხვა მსგავსი ფაქტორებია და უშუალოდ დანაშაულის რაოდენობა არ შემცირებულა. შემცირდა მხოლოდ მისი აღრიცხვიანობა. ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალი New England Journal of Medicine ამგვარი მიმართვიანობის შემცირებას პოლიციასთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან დაკავშირების უსაფრთხო გზების არარსებობით ხსნის. თუ ეს ასე არ არის, შსს-მ უნდა ახსნას, როგორ მოხდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში არსებული ტრენდი საქართველოში არსებული ტრენდისგან რადიკალურად განსხვავებულია.

გრაფიკი 2: ოჯახში ძალადობის დანაშაულის (მ. 1261) დინამიკა 2019 და 2020 წლის (იანვარ-ოქტომბერი) ცალკეული თვეების მონაცემების მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებმა საერთო ჯამში მოიმატა (+30.44% ). ამ სახეობის დანაშაულებში განსაკუთრებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მაჩვენებელია გაუარესებული (+50.96%).

12.62%-ით იკლო საკუთრების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა. ამ სახეობის დანაშაულებიდან მკვეთრად შემცირდა ძარცვისა (-24.43%) და ყაჩაღობის (-41.94%) მაჩვენებლები. 11.75%-ით შემცირდა ქურდობა. მოცემულ შემთხვევაშიც, 2020 წლის დინამიკის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს (კომენდანტის საათი) შესაძლოა, გარკვეული გავლენა ჰქონოდა ამ სახეობის დანაშაულების რაოდენობაზე, თუმცა დანაშაულის კლების/ზრდის მიზეზის დადგენა ღრმა ანალიზს საჭიროებს.

გრაფიკი 3: საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაულების (მ. 177-189) დინამიკა 2019 და 2020 წლის (იანვარ-ოქტომბერი) ცალკეული თვეების მონაცემების მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, მკვეთრად იკლო (-43.64%) ნარკოტიკულმა დანაშაულმაც.

24.46%-ითაა გაზრდილი კომპიუტერული დანაშაული.

სატრანსპორტო დანაშაული უმნიშვნელოდ, 1.85%-ითაა გაზრდილი.

როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეც ჩანს, აპრილში სატრანსპორტო დანაშაულის მკვეთრი კლების მიზეზიც, სავარაუდოა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებია, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესდა. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, მიმდინარე წელს სატრანსპორტო დანაშაულის გაცილებით მეტი შემთხვევა გვქონოდა.

გრაფიკი 4: სატრანსპორტო დანაშაულის (მ. 275-283) 2020 წლის დინამიკა (იანვარ-ოქტომბერი) ცალკეული თვეების მონაცემების მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიუხედავად არსებული სტატისტიკური მონაცემებისა, კითხვაზე - მოიმატა, თუ - არა, კრიმინალმა, სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რაც რიგი გარემოებებითაა განპირობებული.

აღნიშნული, ერთი მხრივ, დანაშაულის სტატისტიკის მიმართ უნდობლობითაა გამოწვეული, რაც მმართველი გუნდის გარკვეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ განაპირობა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე რეალურ სურათს ვერ მოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 2019 წელს, მისი წინამორბედი მინისტრების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ დანაშაულის სტატისტიკას „ალამაზებდნენ“.

გარდა ამისა, როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია ე.წ. „დაფარული დანაშაულის” კვლევა, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეწყდა.

განვითარებულ ქვეყნებში ვიქტიმოლოგიური კვლევის მონაცემები სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ წარმოებული სტატისტიკის „შესავსებად“ გამოიყენება. კვლევისთვის მონაცემები მოქალაქეთა გამოკითხვით გროვდება. აღნიშნული კვლევის უპირატესობა ისაა, რომ მის საფუძველზე ქვეყანაში ვიქტიმიზაციის დონე განისაზღვრება, დგინდება მოსახლეობის გამოცდილება და დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი.

2010-2012 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ვიქტიმოლოგიური კვლევა ყოველწლიურად ტარდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ამ სახის კვლევების წარმოება შეწყდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ვებ-პორტალი static.pol.ge, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია უნდა მიგვეღო, დღემდე არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-პორტალის შექმნის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს აიღო.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2920 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი