დეზინფორმაცია: გაეროს „დღის წესრიგი 21“-ის მიზანი პლანეტის სრული კონტროლია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 3 თებერვალს, Facebook-მომხმარებელმა Lasha Modebadze-მ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის გაეროს „დღის წესრიგ 21“-ზე საუბრობს. პოსტის თანახმად, გაეროს დღის წესრიგი ტოტალური კონტროლის დასამყარებლად შეიქმნა. გლობალისტების მიერ გაწერილი სცენარის მიხედვით, დამოუკიდებელი ქვეყნები აღარ იარსებებს, შეიქმნება მსოფლიო არმია და სხვა. პოსტში მოცემული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებული ინფორმაცია გაეროს ორ დოკუმენტს - „დღის წესრიგი 21“ („პროგრამა 21“-AGENDA 21) და „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამა“ („პროგრამა 30“) ეხება. 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გაეროს კონფერენცია გარემოსა და განვითარებაზე (ცნობილია, როგორც დედამიწის სამიტი) გაიმართა, რომელზეც „დღის წესრიგი 21“ დამტკიცდა. რეზოლუციაში სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გლობალური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებია გაწერილი. „პროგრამა 30“ კი გაეროს შემუშავებული ახალი გლობალური დღის წესრიგია, რომელიც 2015 წლის შემდეგ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. Facebook-პოსტში მოცემული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები გაზვიადებულია, ან დამახინჯებული, მათ შორის კონსპირაციული თეორიების ელემენტებსაც შეიცავს.

მტკიცება: მდგრადი განვითარების მიზნები მოსახლეობის კონტროლსა და შემცირებას ისახავს მიზნად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის თანახმად, მდგრადი განვითარების სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მდგრადი განვითარება სამ კომპონენტზე უნდა იყოს ფოკუსირებული - გლობალურ მიწათსარგებლობაზე, გლობალურ განათლებაზე, მოსახლეობის კონტროლსა და შემცირებაზე. რეალურად, მდგრადი განვითარების მიზნები, მიწათსარგებლობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ყველა საზოგადოების წარმომადგენლისთვის განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობაზე, ნამდვილად დიდ ყურადღებას ამახვილებს, თუმცა მოსახლეობის შემცირებასა და გაკონტროლებაზე, არაფერია ნათქვამი. მეტიც, მდგრადი განვითარების მიზნები მოსახლეობის სწრაფი ზრდის პირობებში წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად არის შემუშავებული, რათა ამ ახალი გამოწვევების პირობებშიც კი - როგორც ადამიანების კეთილდღეობა, ასევე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, უზრუნველყოფილი იყოს.

წყარო: unicef

მტკიცება: გაეროს დოკუმენტის „დღის წესრიგი 21-ის“ თანახმად, სახელმწიფო სუვერენიტეტი აღარ იარსებებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის მტკიცებით, „დღის წესრიგი 21“-ის თანახმად, ეროვნული სუვერენიტეტი არის სოციალური უსამართლობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმულირებით „სუვერენიტეტი“ „პროგრამა 21“-ში ან „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამაში“ მოხსენიებული არ არის. მეტიც, ორივე პროგრამაში წერია, რომ მათი მიზნების ფარგლებშიც კი ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენიტეტი და მთელ თავის სიმდიდრეზე, ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკურ საქმიანობაზე თავისუფლად განახორციელებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ გაეროს დოკუმენტის „დღის წესრიგი 21“-ის თანახმად სახელმწიფოს სუვერენიტეტი აღარ იარსებებს, ტყუილია.

მტკიცება: „დღის წესრიგი 21“-ის მიხედვით, კერძო საკუთრება სოციალური უსამართლობის ფორმად მიიჩნევა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ლაშა მოდებაძის მტკიცებით, გაეროს დღის წესრიგის თანახმად, პირადი საკუთრება სოციალურ უსამართლობად იქცევა. სინამდვილეში, „დღის წესრიგი 21“-ის მიზანი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა და რესურსებზე, მათ შორის საკვებზე, თანაბარი წვდომის უფლების ქონაა. თუმცა, კერძო საკუთრება სოციალური უსამართლობის ფორმად, არც „პროგრამა 21“-ში და არც „პროგრამა 30“-ში არსად არის მოხსენიებული. ამასთანავე, ზოგადად, ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კერძო საკუთრების გაუქმებაც არ განიხილება. პირიქით, პროგრამა კერძო საკუთრების უფლების დაცვას ისახავს მიზნად, ასევე ქალების მიერ კერძო საკუთრების უფლების ქონას ეთმობა ყურადღება. ამასთანავე, როგორც პოსტში მოდებაძე წერს, დოკუმენტის მეშვეობით ადამიანებს კერძო საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებებისა თუ შენობა-ნაგებობების ფლობაც კი აეკრძალებათ, რაც ასევე ყალბი მტკიცებაა.

მტკიცება: „დღის წესრიგი 21“ აღმოფხვრის პესტიციდებისა და სასუქის ყველა ფორმას, მინერალების მოპოვებასა და წიაღისეული ენერგიის გამოყენებას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის მიხედვით, „დღის წესრიგი 21“ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, რომ აღმოიფხვრას კერძო საკუთრება, მათ შორის კერძო მანქანებისა და შენობა-ნაგებობების ფლობა, პესტიციდებისა და კომერციული სასუქის ყველა ფორმა, წიაღისეული საწვავის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, მინერალების მოპოვება და სხვა. რეალურად, დოკუმენტი აღნიშნული საკითხების ნაწილს ნამდვილად ეხება, თუმცა პოსტში ყოველივე დამახინჯებულად არის წარმოდგენილი.დღის წესრიგი 21“-ში პესტიციდებისა და კომერციული სასუქის ყველა ფორმის მოხმარებიდან ამოღებაზე არ არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, მდგრადი გარემოსა და ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად, პრიორიტეტი ბიოსასუქებს უნდა მიენიჭოს და ხელოვნური და სინთეზური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მაქსიმალურად შემცირდეს. ამასთანავე, სპეციალური ჯგუფების მიერ პესტიციდების რეგულირება და კონტროლი, მავნე და ტოქსიკური პესტიციდების დამუშავება და განადგურება უნდა მოხდეს.

თანამედროვე სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ინდუსტრიულ ტექნოლოგიებს იყენებს, რომელიც, თავის მხრივ, პესტიციდებისა და სასუქების ინტენსიურ მოხმარებას ითვალისწინებს. პესტიციდების და მცენარეთა დაცვის სხვა ქიმიური საშუალებებისა და არაორგანული/მინერალური და ორგანული სასუქების არასწორმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად დააბინძურა გარემო, რამაც, საბოლოო ჯამში, ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული და ცხოველური პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება და დეგრადაცია გამოიწვია, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მარტო მოწამვლის და მძიმე დაავადებების, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც გამხდარა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, ამ ნივთიერებების დოზირების, ტრანსპორტირების, შენახვა-რეალიზაციის, ნარჩენების გაუვნებელყოფისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები მკაცრად რეგულირდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებები სიფრთხილით შეირჩეს. შესაბამისად, „დღის წესრიგი 21“-მა სასუქებისა თუ პესტიციდების კონტროლი მიზნად ნიადაგის, ატმოსფეროს, მცენარეული თუ ცხოველური პროდუქტებისა და წყლების სისუფთავისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის დაისახა.

რაც შეეხება მინერალებსა და საწვავს, გაეროს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა შემუშავდეს ენერგიის დამზოგავი და განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ტექნოლოგიები განვითარდეს, მათ შორის, ორგანული ნარჩენებისა და ბიომასის გადამუშავებით განახლებადი ენერგიის წყაროები, ცხოველების საკვები და ნედლეული მასალები. ამასთანავე, დოკუმენტი ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფაზე საუბრობს და არა მინერალებისა თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აკრძალვაზე, როგორც ამას ლაშა მოდებაძე ამტკიცებს.

მტკიცება: „დღის წესრიგი 21“-ის მიზანია მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირება, სუვერენული სახელმწიფოების გაუქმება და მსოფლიო არმიის შექმნა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-პოსტში, „დღის წესრიგი 21“-ის მიზნები მსოფლიოში მოსახლეობის ერთ მილიარდამდე შემცირებასთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, დოკუმენტში მსგავსი იდეა გაჟღერებული არ არის. თუმცა დღემდე ე.წ. „ოქროს მილიარდის“ კონსპირაციული თეორია აქტიურად ვრცელდებოდა, რომელიც ე.წ. „გლობალისტებთან“ ბილ გეითსთან, სოროსთან და როკფელერების ოჯახის სახელთან ასოცირდებოდა. კონსპირაცია, სავარაუდოდ, ბილ გეითსის YouTube ვიდეო-ინტერვიუს ეფუძნება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ზრდა გლობალურ დონეზე შიშის საფუძველს არ წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მოსახლეობა, ამჟამად პროცენტულად უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ. გეითსის თანახმად, მოსახლეობის მატება ძირითადად განვითარებად და ღარიბ ქვეყნებზე მოდის, სადაც 2050 წლისთვის მოსახლეობის გასამმაგებას ვარაუდობენ. შესაბამისად, მისი ვარაუდით, აღნიშნული ქვეყნები თავიანთი მოქალაქეების განათლებით, საჭირო რესურსებით, სამუშაო ადგილებითა და სტაბილური გარემოთი უზრუნველყოფას, ვერ შეძლებენ. შესაბამისად, გეითსი მიიჩნევს, რომ, 2050 წლისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარება მსოფლიომ ახლა უნდა დაიწყოს და ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს სხვადასხვა ტიპის დახმარება აღმოუჩინოს, რათა წლების შემდეგ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არ აღმოჩნდეს ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა მძიმე გამოწვევების წინაშე.

პოსტის ბოლოს ჩამოთვლილი მტკიცებები, ასევე გლობალისტების და მილიარდელების სახელს უკავშირდება, რომ თითქოს ისინი განზრახ წამლავენ საკვებს, ჰაერს და მისი საშუალებით შხამებს და დაავადებებს ავრცელებენ, გადარჩენილებს კი ვაქცინაციით უპირებენ განადგურებას. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ამბავი გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ასევე, კონსპირაციულ თეორიებთან არის დაკავშირებული შემდეგი მტკიცებები, თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღარ იარსებებენ, შეიქმნება მსოფლიო არმია, რომლის წარმოებულ ქმედებებსაც ომი არ დაერქმევა და სამშვიდობო ოპერაციებად იქნება მოხსენიებული. მსგავსს საკითხებზე არც „პროგრამა 21“-ში და არც „პროგრამა 30“-ში არ არის საუბარი.

ინტერნეტ-სივრცეში გაეროს „დღის წესრიგი 21“-თან და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები დიდი ხანია ვრცელდება.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: