ყალბი ამბავი: პოლონეთი, შვედეთი და ნორვეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ევროპის დაბინძურებისთვის უჩივის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-მომხმარებელმა, რომლის შესახებაც „ფაქტ-მეტრი“ არაერთხელ წერდა, შორე შანიძემ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი, შვედეთი და ნორვეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ევროპის დაბინძურებისთვის უჩივის. მისივე მტკიცებით, „დაკავებულმა პილოტებმა აღიარეს ქიმიური პნევმონიტის ჰაერში გაშვების ფაქტი“ (იხილეთ ფოტო). აღნიშნული ყალბი ამბავი Facebook-ზე აქტიურად გავრცელდა და სტატიის წერის პროცესში მას 304 რეაქცია, 141 კომენტარი და 475 გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებლების ნაწილმა გავრცელებული ინფორმაცია ყალბად მონიშნა და Facebook პოსტი მომხმარებლების თხოვნით გადამოწმდა.

პოლონეთის, შვედეთისა და ნორვეგიის მიერ ჯანმოს წინააღმდეგ რომელიმე ორგანოში სარჩელის შეტანის, ჯანმოს მიერ ევროპის ქიმიური დაბინძურების ან აღნიშნულის გამო პილოტების დაკავების და მათი აღიარებითი ჩვენებების შესახებ ინფორმაცია მედიაში არ გავრცელებულა და არც რომელიმე საერთაშორისო სასამართლოს ან/და დასახელებული სამი სახელმწიფოს მთავრობებს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მოცემული ყალბი ამბავი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე აქტიურად გავრცელდა. მაგალითად, ინფორმაციის სიცრუის შესახებ უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია STOPFAKE-ც წერდა, რომელმაც მოცემული ყალბი ამბავი Instragram-ზეც აღმოაჩინა. Facebook-ისა და Instagram-ის გარდა ყალბი ამბავი Twitter-ზეც გავრცელდა. STOPFAKE-ის მიხედვით, ყალბი ამბავი Facebook-ზე შეთქმულების თეორიების გავრცელებით ცნობილმა გვერდმა გამოაქვეყნა, რომელმაც ინფორმაციის „წყაროებიც“ დაასახელა. თუმცა კონსპირაციული გვერდის მიერ დასახელებული წყაროებიდან ერთ-ერთი 2013 წელს გავრცელებული დეზინფორმაციის შემცველი სტატიაა, რომლის მიხედვითაც NATO-სა და აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები დიდი ქალაქების თავზე ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღებს აფრქვევენ, რაც ვითომ ბერძენმა პილოტმა აღიარა. მეორე წყაროც „ქიმიური ბილიკის“ (Chemtrail) ცნობილ შეთქმულების თეორიას შეეხება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული შეთქმულების თეორია არავითარ რეალურ ფაქტს არ ემყარება, ჯანმოს მიერ ევროპის დაბინძურების გამო, მის მიმართ სამი ქვეყნის მიერ (პოლონეთის, შვედეთისა და ნორვეგიის) სარჩელის შეტანის შესახებ, მისი წყაროდ დასახელება, სრულიად არარელევანტურია. წყაროდ დასახელებულ სტატიაში საუბარი NATO-სა და აშშ-ზე არის და არა ჯანმოზე, შესაბამისად, ის გავრცელებულ ინფორმაციას არ შეესაბამება. ე.ი. ყალბი ამბის წყაროდ სხვა ყალბი ამბავია დასახელებული.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებლის - „შორე შანიძე“ - მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან სურათები ერთვის, რომლებიც მისივე გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს ადასტურებს. თვითმფრინავის სურათი, რომელიც თითქოს დაბინძურების ფაქტის ამსახველია, რეალურად Evergreen-ის საერთაშორისო ავიახაზების (Evergreen International Airlines) კუთვნილი Boeing 747-273C იყო. სურათი არა 2020 წელს „ევროპის დაბინძურების მომენტში“, არამედ 2006 წლის 19 მაისს (სურათის გამოქვეყნების თარიღი - 2006 წლის 20 მაისი) მაკკლელანში, საკრამენტოში (აშშ-ის კალიფორნიის შტატი) უილიამ აფლეტონის მიერ არის გადაღებული. რაც შეეხება დანარჩენ სურათებს, ისინი თვითმფრინავებში წყლით სავსე ტანკერებია, რომლებიც თვითმფრინავების საცდელი ფრენების დროს მგზავრთა წონის სიმულაციისთვის გამოიყენება, რათა აფრენისა და დაშვებისთვის სხვადასხვა წონა და ბალანსი დაიტესტოს.

მსგავს სურათებს ხშირად ავრცელებენ, როგორც „ქიმიური ბილიკის“ მტკიცებულებად. მაგალითად ერთ-ერთი სურათი 2019 წელს გამოქვეყნებულ შეთქმულების თეორიაშია ჩასმული, სადაც დაბინძურება Air Force-ს (სავარაუდოდ იგულისხმება აშშ-ის საჰაერო ძალები) ბრალდება. აგრეთვე Facebook-მომხმარებლის შორე შანიძის მიერ გავრცელებული სურათებიდან ორი გამოყენებულია 2013 წლის სტატიაში, სადაც „ქიმიური ბილიკის“ მტკიცებულებად მოყვანილი სურათების რეალური მნიშვნელობაა გარჩეული და შეთქმულების თეორიის მიმდევრების მანიპულაციებია გამოაშკარავებული. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის შორე შანიძის მიერ გავრცელებული სურათები სხვა შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ გამოყენებული სურათებია. სინამდვილეში აღნიშნული ფოტომასალა პოლონეთის, შვედეთისა და ნორვეგიის მიერ ევროპის დაბინძურების გამო ჯანმოსთვის ჩივილის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: