დეზინფორმაცია: ჯანმომ აღიარა, რომ PCR ტესტებით მანიპულირებდა, ხოლო პაციენტების სასუნთქ აპარატებზე მიერთება შეცდომა იყო

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

სტატია:

Facebook-მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში ყალბი ამბავი ვრცელდება, რომლის თანახმადაც, ჯანმომ აღიარა, რომ PCR ტესტებით მანიპულირებდა, ეს ინფორმაცია თავის გვერდზეც განათავსა, თუმცა შემდეგ წაშალა. პოსტის ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ჯანმოს პროტოკოლით ხალხის ხელოვნურად დახოცვა ხდებოდა - სასუნთქ აპარატებზე მათი მიერთება შეცდომა იყო. Facebook-მომხმარებლის განცხადებით, იტალიაში ექიმის მიმართ, რომელიც კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულეს, საქმეც აღიძრა. ყველა აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მტკიცება: ჯანმომ აღიარა, რომ PCR ტესტებით მანიპულირებდა, ეს ინფორმაცია თავის გვერდზეც განათავსა, თუმცა შემდეგ წაშალა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ჯანმოს მიერ PCR ტესტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე სოციალურ ქსელში საერთაშორისო მასშტაბით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. 20 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვებგვერდზე ნამდვილად გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელიც 2020 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ანაცვლებს. როგორც პირველი, ისე მეორე განცხადება კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება. მასალაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალი PCR ტესტების ჩატარების ინსტრუქციას ყურადღებით უნდა გაეცნოს. სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხები პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის, მისი სამედიცინო ისტორიის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა გააანალიზოს. 20 იანვარს ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ წერია არანაირი აღიარება, რომ ის კორონავირუსის ტესტებით მანიპულირებდა. მით უმეტეს, განცხადება არ წაუშლიათ და ოფიციალურ გვერდზე ახლაც იძებნება.

დეზინფორმაციის პირველწყარო ამერიკული კონსერვატიული გამოცემა „The Gateway Pundit“ მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული სტატიაა, სათაურით - „ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთი საათის შემდეგ, WHO-მ ტესტირების ცრუ დადებითი შედეგების მაღალი რაოდენობა აღიარა“. „The Gateway Pundit“-ის ცრუ მტკიცებას ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact გამოეხმაურა. COVID-19-ის ტესტირების ლაბორატორიაში მომუშავე ხუთმა ვირუსოლოგმა PolitiFact-თან საუბრისას განაცხადა, რომ WHO-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მთავარი მიზანი ლაბორატორიაში მომუშავეთათვის იმის შეხსენება იყო, რომ COVID-19-ის ტესტირების ჩატარების დროს ტესტის ინსტრუქციებს ზედმიწევნით უნდა მიჰყვნენ. განცხადებაში არ წერია, რომ კორონავირუსის ტესტები არაზუსტია.

დღეისთვის რესპირატორული დაავადებების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად სწორედ PCR ტექნოლოგიაზე (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციაზე) დაფუძნებული - მოლეკულური ტესტირება მიიჩნევა. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში COVID-19-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. მასალა, როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან გროვდება. შეგროვებული უჯრედებისგან გენეტიკურ მასალას ლაბორატორიაში აცალკევებენ და შემდეგ აანალიზებენ. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. PCR ტესტები რესპირატორული ვირუსების კვლევის ყველაზე ეფექტური ფორმაა.

მტკიცება: ჯანმო აღიარებს, რომ სასუნთქ აპარატებზე კოვიდპაციენტების მიერთება შეცდომა იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია და მანიპულაციური ამბები სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა. მოსაზრება, რომ სასუნთქი აპარატები პაციენტების გარდაცვალებას იწვევდა, სოციალურ ქსელში 2020 წლის დასაწყისიდან გავრცელდა. ამ პერიოდში ზოგიერთ საავადმყოფოში სასუნთქ აპარატებზე შეერთებული პაციენტების დიდი წილი გარდაიცვალა. თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ სასუნთქი აპარატები სიკვდილს აჩქარებენ.

საინფორმაციო სააგენტო Reuters ჩინეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და აშშ-ის 30 ექიმსა და მედიცინის სპეციალისტს დაუკავშირდა, რომელთაც კოვიდ-პაციენტების მკურნალობის გამოცდილება ჰქონდათ. თითქმის ყველა მათგანი თანხმდებოდა, რომ სასუნთქი აპარატები პაციენტების გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ამასთანავე, ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ არსებობს რისკი, რომელიც სასუნთქი აპარატის ტიპს - მექანიკურ სასუნთქ აპარატს - უკავშირდება. მისი გამოყენებისას აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას სწორი დრო და სიხშირე: შესაძლოა, მისმა ნაადრევმა ან ხშირმა გამოყენებამ ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ასევე, უნდა გამოირიცხოს მისი გამოყენება არასპეციალისტთა მიერ, რომელთაც მისი მოხმარების შესახებ სპეციალური მოსამზადებელი ეტაპები გავლილი არ აქვთ. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მექანიკური სასუნთქი აპარატები განსაკუთრებით მძიმე, სუნთქვის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებთან გამოიყენება. ამდენად, რისკი, რომ პაციენტი დამძიმებული მდგომარეობიდან გამომდინარე გარდაიცვალოს, იზრდება. თუმცა ხაზგასასმელია, რომ სასუნთქი აპარატები მძიმე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი წესისამებრ გამოყენება ადამიანთა გარდაცვალებას არ იწვევს.

რაც შეეხება ჯანმოს, მან კოვიდპაციენტებისთვის სასუნთქი აპარატების გამოყენების ინსტრუქცია 2020 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯანმო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რათა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ინსტრუქცია შესაბამისად განახლდეს. თუმცა დღემდე დოკუმენტში ცვლილებები არ შესულა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯანმომ სასუნთქი აპარატების გამოყენების შესახებ შეცდომა აღიარა, მცდარია.

მტკიცება: იტალიაში ექიმის მიმართ, რომელიც კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულეს, საქმე აღიძრა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის სიმართლე

2021 წლის 29 იანვარს საინფორმაციო სააგენტო Insider-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, იტალიელ ექიმს კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობისთვის ბრალი ედება. როგორც გამოცემა იუწყება, ექიმი კარლო მოსკა Montichiari Hospital-ის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მას ბრალად 2020 წლის მარტში ორი პაციენტისთვის საანესთეზიო საშუალებების მომაკვდინებელი დოზის მიცემა ედება. მიზეზად იმ დროისთვის გადატვირთული საავადმყოფოები და სხვა პაციენტებისთვის ადგილის გამოთავისუფლება სახელდება.

კარლო მოსკა, რომელსაც პროფესიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე უსაფუძვლო ბრალდებებს ემყარება. ამჟამად ბრალდებული შინაპატიმრობაში იმყოფება. გამოძიება პაციენტების გარდაცვალების კიდევ სამ შემთხვევაზე მიმდინარეობს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: