სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ.

ა(ა)იპ მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრის საქმიანობა

2018-2019 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტი სუბსიდიის მუხლით ა(ა)იპ - მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრს აფინანსებდა. 2018 წელს იურიდიულ პირზე სუბსიდიის სახით 499.9 ათასი ლარია გაცემული, ხოლო 2019 წელს - 576.8 ათასი ლარი. მიღებული დაფინანსების 62% დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. 2018-2019 წლებში კომპანიაში 73-80 პირი იყო დასაქმებული. წესდების თანახმად, ორგანიზაციის საქმიანობის სფეროები გარე განათების ქსელის მოწესრიგება, ხე-მცენარეების, მწვანე ნარგავების და ყვავილების მოვლა-პატრონობა, კიდული საბაგირო გზის მოვლა-პატრონობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანაა. საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში 18 მეეზოვე იყო დასაქმებული, რომელთაც მათზე მიმაგრებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება ევალებოდათ.

ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში დასუფთავების ღონისძიებების მიმართულებით, ხელმძღვანელ პოზიციაზე 8 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ზედამხედველობას 18 მეეზოვის საქმიანობას უწევენ. ესენია: დირექტორი, დაგვა-დასუფთავების და გარე განათების განყოფილების უფროსი, დაგვა-დასუფთავების მენეჯერი, დასუფთავების ხუთი ზედამხედველი. ა(ა)იპ-მა აუდიტის სამსახურს დასაბუთებული არგუმენტაცია, კონტროლის ჯგუფის ამ რაოდენობით არსებობის აუცილებლობის შესახებ, ვერ წარუდგინა. საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში ასევე 6 მეველე იყო დასაქმებული, რომელთა ფუნქციას ქ. მარტვილის ცენტრის მოხეტიალე პირუტყვისგან დაცვა წარმოადგენდა. აღნიშნული პირების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება, დოკუმენტურად არ დასტურდება. შესაბამისად, აუდიტის დასკვნის მიხედვით, არსებობს რისკი, რომ ა(ა)იპ-ის საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა რეალურ საჭიროებას არ შეესაბამება.

ავტოპარკის მართვა

მარტვილის მუნიციპალიტეტი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, 2018-2019 წლებში, ბალანსზე რიცხული 5 და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 42-68 ავტომანქანით სარგებლობდა. სულ საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ ავტომანქანებზე 115.9 ტონა საწვავი დაიხარჯა, რომლის ღირებულება 238.1 ათასი ლარი იყო, მათ შორის, თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე 93.2 ათასი ლიტრი საწვავია გახარჯული. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2018-2019 წლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 7 სამორიგეო ავტომანქანის გამოყენება იყო რეკომენდებული.

ამდენად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას, მნიშვნელოვნად აღემატება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია, სავარაუდოდ, არაავტორიზებული ავტომანქანებისთვის, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთჯერადად ჩასხმული საწვავის მოცულობა, ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას, მნიშვნელოვნად აღემატება. კერძოდ, 42 ლიტრი მოცულობის ავზში - 174 ლიტრი, 45 ლიტრი მოცულობის ავზში - 160 ლიტრი, 80 ლიტრი მოცულობის ავზში - 122 ლიტრი, 50 ლიტრი მოცულობის ავზში კი 70 ლიტრი საწვავია ჩასხმული. შესაბამისად, დასახელებული მანქანების საწვავით გამართვა, სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვის ხდებოდა.

სოციალური საცხოვრისის მოწყობის ნაკლოვანება

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამები უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის ბინის ქირის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, ყოველთვიურად 50-100 ლარის ოდენობით. საანგარიშო პერიოდში მერიას 8-13 ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით გადახდილი 22.2 ათასი ლარი აქვს. მუნიციპალიტეტმა 2016 წლის ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო, უსახლკაროდ დარჩენილი 8 ოჯახისათვის სოციალური საცხოვრისი მოეწყო, რითაც საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს დაზოგავდა. ამ მიზნით, 2017 წლის 22 თებერვალს მერიამ 18.0 ათას ლარად, სოფელ ვედიდკარში მდებარე ორსართულიანი, 436 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობა შეისყიდა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ეტაპობრივად, 2017-2020 წლებში, განხორციელდა. კერძოდ, სხვადასხვა მიმწოდებელთან ოთხი ხელშეკრულებაა გაფორმებული და სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 115.9 ათასი ლარი შეადგინა.

აღნიშნული შენობის შეძენასა და რემონტში ჯამში 133.9 ათასი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები სამ წელზე მეტი მიმდინარეობდა, აუდიტის განხორციელების დროს, საცხოვრისი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანილი. მერიას ისევ უწევს ქირის გადახდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა 133.9 ათასი ლარი არაეფექტიანად დახარჯა და პროგრამით განსაზღვრულ შედეგს ვერ მიაღწია.

გარდა განხილულისა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ან ვერ განხორციელდა ან უხარისხოდ შესრულდა.

2018 წელს მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო: სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის დასრულება, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება, გარე განათების მოწყობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის დასრულება, საბავშვო ბაღის კეთილმოწყობისა და სხვა სამუშაოების დასრულება. 2019 წელს დაგეგმილ ვადაში ვერ განხორციელდა: ქ. მარტვილში საავტომობილო გზებისა და რამდენიმე სოფელში სასოფლო გზებზე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, სხვადასხვა სოფელში ლითონის ხიდების მოწყობის, წყლის სისტემების რეაბილიტაციის და სხვა სამუშაოები.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საანგარიშო პერიოდში, 252.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. კერძოდ, სოფელ ჟინოთაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა ფორიანი და სანიაღვრე სისტემა არაეფექტურია, დიდი ჭყონის სასწრაფო დახმარების შენობაში ლამინატი ამობურცული, კედლები დაბზარულია, დიდი ჭყონის სპორტდარბაზის კედლები ნესტიანია, თანმაკონის საჯარო სკოლის საპირფარეშოში კედლები დაბზარული და კაფელი უსწორმასწოროდ არის გაკრული, ნაგვაზაოს მოსაცდელში კედლები გადახრილი და აგურები ასიმეტრიულად არის მოწყობილი და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელებული აუდიტის მიხედვით, სახეზეა ფინანსური რესურსების და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. ისედაც მწირი ბიუჯეტის პირობებში, დაგეგმილი პროექტების ნაწილი ან ვერ განხორციელდა ან განხორციელდა უხარისხოდ. ყოველივე ზემოთქმული ბიუჯეტის არარაციონალური და არაეფექტური ხარჯვის ნიშნებს შეიცავს.

ფოტო: old.tbiliselebi.ge

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი