რეზიუმე: ინფლაცია წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების დონის საერთო ზრდას და სამომხმარებლო ფასების ინდექსით იზომება. მეორე მხრივ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იმის ინდიკატორია, თუ საერთაშორისო ბაზარზე 1 დოლარის შესაძენად, რამდენი ლარია საჭირო. ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნითა და მიწოდებით განისაზღვრება.

კობა გვენეტაძის განცხადების მიზანს წარმოადგენს, გაამყაროს არგუმენტი იმისა, რომ ლარის დოლართან გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მართლაც, ლარის კურსის გავლენა ინფლაციაზე შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებით დაბალანსდეს და ამ ორ ეკონომიკურ პარამეტრს შორის, კავშირი მართლაც არაპირდაპირია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა მასშტაბებით ვლინდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების შესაბამისად, 2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5.6% იყო მაშინ, როდესაც 2015-2019 წლებში, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვენებელი უფრო ნაკლებია - 3.9%. ბუნებრივია, ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის არსებული არაპირდაპირი კავშირის გარდა, აღნიშნულ მონაცემებზე უამრავი სხვა ფაქტორიც ახდენს ზემოქმედებას, მათ შორის ეკონომიკური ზრდა, რომლის მაღალი მაჩვენებელიც ფასების ზრდისკენ მიმართულ ზემოქმედებას აჩენს. ამავდროულად, განცხადება როგორც ფაქტობრივად, ასევე კონტექსტშიც ზუსტია.

ანალიზი:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა: „2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5.6% იყო მაშინ, როდესაც 2015-2019 წლებში, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვენებელი უფრო ნაკლებია - 3.9%. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია აქციზის ერთჯერადი გაზრდით იყო გამოწვეული, მაშინ ეს მაჩვენებელი 3.4-მდე მცირდება. მოსახლეობის მსყიდველობით უნარს კი, სხვა თანაბარ პირობებში, არა ეროვნული ვალუტის კურსი, არამედ ინფლაციის დონე განაპირობებს“.

ლარის კურსი დოლართან მიმართებით არის ინდიკატორი იმის თუ რამდენი ლარია საჭირო საერთაშორისო ბაზარზე 1 დოლარის შესაძენად. ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნითა და მიწოდებით განისაზღვრება. მოთხოვნასა და მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორები მრავალია და ყველა მათგანის განხილვა და რიცხვებში გამოსახვა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მნიშვნელოვან საანალიზო სფეროს წარმოადგენს საგადასახდელო ბალანსი და მოვლენები, რომლებიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ კონიუნქტურას და შესაბამისად, მოლოდინს აყალიბებს. ვალუტის კურსის ყველაზე გავრცელებულ მაჩვენებლად აშშ დოლართან კურსი მიიჩნევა.

ინფლაცია სამომხმარებლო ფასების დონის საერთო ზრდას წარმოადგენს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, სამომხმარებლო ფასების ინდექსით იზომება. დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურეობის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან 2014 წლის მიწურულს დაიწყო, აღნიშნულს შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებდა (იხ. სტატია). დასახელებულ პერიოდთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით, დაახლოებით 90%-ით არის გაუფასურებული, ხოლო 2020 წლის დასაწყისთან შედარებით, 20%-ით. ხშირად, პოლიტიკოსებისა თუ მოსახლეობის ნაწილი, დოლართან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურებასა და ინფლაციას შორის ტოლობას სვამენ და მთელ რიგ ეკონომიკურ მონაცემებს აშშ დოლარში ითვლიან, რაც არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. აძვირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაცია მაინც არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რადგან ვალუტის კურსის გაუფასურება იმპორტული საქონლის გარკვეულ ნაწილს აძვირებს, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელში აისახება.

კობა გვენეტაძის განცხადების მიზანს წარმოადგენს, გაამყაროს არგუმენტი იმისა, რომ ლარის დოლართან გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მართლაც, ლარის კურსის გავლენა ინფლაციაზე შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებით დაბალანსდეს და ამ ორ ეკონომიკურ პარამეტრს შორის, კავშირი მართლაც არაპირდაპირია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა მასშტაბებით ვლინდება.

გრაფიკი 1: საშუალო წლიური ლარის კურსი (დოლართან მიმართებით) და ინფლაცია 2005-2019 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების შესაბამისად, 2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5.6% იყო მაშინ, როდესაც 2015-2019 წლებში, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვენებელი უფრო ნაკლებია - 3.9%. ბუნებრივია, ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის არსებული არაპირდაპირი კავშირის გარდა, აღნიშნულ მონაცემებზე უამრავი სხვა ფაქტორიც ავლენს ზემოქმედებას, მათ შორის ეკონომიკური ზრდა, რომლის მაღალი მაჩვენებელიც ფასების ზრდისკენ მიმართულ ზემოქმედებას აჩენს. ამავდროულად, განცხადება როგორც ფაქტობრივად, ასევე კონტექსტიც ზუსტია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი