რეზიუმე: ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს.
რეალური მშპ 2012-2019 წლებში დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი. მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მშპ-ს რომელიმე მონაცემის დოლარში კონვერტაციას ახდენს, თუმცა, აღნიშნული მიდგომის გამოყენება მშპ-ს დინამიკის შესაფასებლად მანიპულაციურია და ეკონომიკური ზრდის დინამიკის რეალურ სურათს არ ასახავს.
2012-2019 წლებში არცერთ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში არ შემცირებულა [1] და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. შესაბამისად, კრიტიკა მშპ-ს ზრდის ტემპის ვარდნაზე უნდა იყოს მიმართული და არა - მშპ-ს შემცირებაზე. უშუალოდ 2003-2012 წლებში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 70.8%-ით გაიზარდა, ანუ 1.71-ჯერ და არა 4-ჯერ, როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა. ოთხჯერ მხოლოდ ნომინალური მშპ (დოლარი) გაიზარდა, თუმცა ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად არასწორია.
ანალიზი:
ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა, TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა (40 წთ): „არა მხოლოდ 1%-ით არ გაიზარდა ერთიანი ეროვნული პროდუქტი [მშპ], არამედ 8 წლის შედეგად შემცირდა 7-8%-ით, როდესაც ჩვენს დროს გაიზარდა 4-ჯერ“.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებელი, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. ხშირად სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება ანალიზისთვის, რომელიც არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებს.
ცხრილი 1. მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2019 წლებში (რეალური მშპ მოცემულია 2015 წლის ფასებში)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური,
2012-2019 წლებში, მშპ მხოლოდ დოლარში გამოსახული რეალური მაჩვენებლის შემთხვევაში შემცირდა, 22%-ით, რაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებულ პროცენტს მკვეთრად აღემატება. დიდი ალბათობით, პოლიტიკოსი 2017 წლის დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 7%-ით ჩამოუვარდებოდა. თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს მაჩვენებელი დინამიკის შესაფასებლად არ გამოდგება. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. აძვირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაცია მაინც არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. შესაბამისად, არასწორია მიდგომა, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მცირდება (იხ. გრაფიკი 1.2). სინამდვილეში, 2012-2019 წლებში, არცერთ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. შესაბამისად, კრიტიკა მშპ-ს ზრდის ტემპის ვარდნაზე უნდა იყოს მიმართული და არა - მშპ-ს შემცირებაზე.
გრაფიკი 1.2. რეალური მშპ-ს ცვლილების ტენდენცია
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2003-2012 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 70.8%-ით, ანუ 1.71-ჯერ და არა 4-ჯერ, როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა. 4-ჯერ, ანუ 300%-ით ზრდა, ფიქსირდება მხოლოდ ნომინალური მშპ (დოლარი) შემთხვევაში, რომელი მაჩვენებლითაც სხვადასხვა დროში არსებული ეკონომიკური ვითარების შეფასება არასწორია, ვინაიდან ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს სავალუტო რყევებისა და ინფლაციის გავლენას მშპ-ს მაჩვენებელზე. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი დროში ეკონომიკის ცვლილების შესაფასებლად განმცხადებელმა მანიპულაციურად გამოიყენა.
ცხრილი 2: მშპ 2003-2012 წლებში (რეალური მშპ მოცემულია 2010 წლის ფასებში)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
[1] პანდემიის პირობებში 2020 წელი იქნება პირველი პერიოდი 2009 წლის შემდგომ როცა ქვეყანაში მშპ მართლაც შემცირდება.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში გამოყენებული ვერდიქტი - "ტყუილი" შეიცვალა ვერდიქტით - "რიცხვებით მანიპულირება." მიხეილ სააკაშვილის მიერ მოყვანილი რიცხვების ნაწილი ნომინალურად სწორია, თუმცა სტატიაში მკვეთრადაა აღნიშნული, თუ რატომ წარმოადგენს რიცხვების ამგვარი გამოყენება მანიპულირებას. სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვერდიქტი საჭიროებდა დაზუსტებას და სტატია ჩასწორდა ახალი ვერდიქტის შესაბამისად.