რეზიუმე:1 ნოემბერს Facebook-ზე გავრცელდა პოსტი, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სავალდებულო ინექციას ეხება. მასალის თანახმად, პრესტიჟულმა სამეცნიერო გამოცემამ New England Journal of Medicine-მა გეითსის მიერ შემუშავებული გეგმა გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, გეითსის გეგმა მთელი მსოფლიოს იძულებით ვაქცინაციას ისახავს მიზნად. თუ საჭირო გახდება, მოსახლეობის იძულებისთვის ისეთი მექანიზმები იქნება გამოყენებული, როგორებიცაა: შინაპატიმრობაში გადაყვანა, შემოსავლის წყაროს შეწყვეტა, ჯარიმები. პოსტში ასევე საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უნარზე, ადამიანის უჯრედების მახასიათებლები შეცვალოს და ადამიანის სხეულსა და გონებაზე კონტროლი დაამყაროს. პოსტში ასევე ნახსენებია „ღონისძიება 201“, რომელსაც პოსტის ავტორი ბილ გეითსის მიერ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების ერთ-ერთ წინასწარ შემუშავებულ გეგმას მიაწერს. Facebook- პოსტში მანიპულაციები ასევე PCR ტესტებთან დაკავშირებით გხვდება. მასალა მთლიანად ყალბი ამბებისა და კორონავირუსის გარშემო გავრცელებული შეთქმულების თეორიების ერთობლიობას წარმოადგენს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ანალიზი
მტკიცება, რომ New England Journal of Medicine-ის თანახმად, ბილ გეითსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს იძულებით ვაქცინაციას, არის ყალბი ამბავი.
New Engaland Journal of Medicine არის ყოველკვირეული სამედიცინო ჟურნალი, რომელსაც მასაჩუსეტსის სამედიცინო საზოგადოება გამოსცემს. ჟურნალში ბილ გეითსის პუბლიკაციებს სათაურებით: „შემდეგი ეპიდემია - გაკვეთილები ებოლადან“, „ინოვაცია პანდემიებისთვის“, „პასუხი COVID-19-ზე - საუკუნის პანდემია?“ , ნამდვილად ვხვდებით.
სავარაუდოდ, Facebook-პოსტის ავტორი სწორედ იმ სტატიის გარშემო ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც კორონავირუსს ეხება და რომელიც 2020 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა. სინამდვილეში, სტატიაში ბილ გეითსი კორონავირუსის, როგორც ახალი პანდემიის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე და ვირუსთან გამკლავების გზებზე საუბრობს. მას პოსტის ავტორის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც ბილ გეითსი მთელი მსოფლიოს იძულებით ვაქცინაციას ისახავს მიზნად, საერთო არაფერი აქვს.
ვაქცინის საყოველთაო სავალდებულოობაზე არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და არც რომელიმე სახელმწიფოს განუცხადებია. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სატესტო რეჟიმშია და არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული, გარდა რუსეთისა. თუმცა, რუსეთის მიერ დამტკიცებული ვაქცინების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მრავალი კითხვის ნიშანია, რადგან ვაქცინას, ფაქტობრივად, ტესტირების მესამე ფაზა არ გაუვლია.
იხილეთ ჩვენი სტატიები (ბმული 1; ბმული 2) ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე.
მტკიცება, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ შემუშავებულ ვაქცინას ექნება უნარი შეცვალოს ადამიანის უჯრედების სტრუქტურა, არის ყალბი ამბავი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორისაა მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია.
სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება, რომელიც არა ადამიანის დნმ-ს, არამედ ვირუსის დნმ-ს მიემართება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. არაინფიცირებულ ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეულმა მკვლევარმა, მარკ ლინასმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის უჯრედების სტრუქტურასა და გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.
მტკიცება, რომ PCR ტესტები იძლევა ცრუ დადებით შედეგს, არის ყალბი ამბავი
რეალურად, PCR ტესტები კორონავირუსის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდს მიიჩნევენ. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიაში სასუნთქი გზებიდან ტესტირებისთვის აღებული მასალის ანალიზის შემდეგ მასში ახალი კორონავირუსის რნმ-ი გამოვლინდება, ტესტი დადებითია და პიროვნების კორონავირუსით ინფიცირებულობა დასტურდება. ხოლო მაშინ, როდესაც ნაცხში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა ვერ ხდება, მიიჩნევა, რომ ადამიანი ინფიცირებული არაა. ინფიცირებულობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ტარდება. PCR ტესტები კი, რომლებიც COVID – 19-ის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, არა ზოგადად ვირუსების, არამედ კონკრეტულად SARS-CoV-2-ის გამოვლენაზეა ორიენტირებული და პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ინფიცირებულების გამოვლენის მხრივ, მათი სიზუსტე დაახლოებით 98%-ია.
მტკიცება, რომ „ღონისძიება 201“ ბილ გეითსის მიერ მსოფლიო კონტროლის დამყარების და კორონავირუსის პანდემიის წინასწარ შემუშავებულ გეგმას წარმოადგენს არის ყალბი ამბავი.
სინამდვილეში, „ღონისძიება 201“ ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანამშრომლობით გამართული სიმულაციური სწავლებაა. ის 2019 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართა. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ღონისძიება სიმულაციური, სცენარზე დაფუძნებული დისკუსიების სერიების ერთობლიობაა. ის მიზნად ისახავდა გლობალურ გამოწვევებთან და მსოფლიო კრიზისებთან გასამკლავებლად გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების და მზაობის დონის გაზრდას. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა კითხვაზე - იყო, თუ - არა, აღნიშნული სიმულაცია მიმდინარე პანდემიის წინასწარმეტყველება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, მათ შექმნეს პანდემიის გამოგონილი სცენარი, თუმცა ეს არ იყო მოვლენების წინასწარი პროგნოზი. „ღონისძიება 201“ არ არის ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ ჩატარებულ პირველი სიმულაციური სწავლება. მსგავსი სახის ღონისძიებებს ცენტრი 2001 წლიდან ატარებს. მაგალითად, 2001 წელს ღონისძიება სახელწოდებით „Dark Winter“ გაიმართა, 2005 წელს - „Atlantic Storm“, 2018 წელს კი ცენტრმა პანდემიის სიმულაციური ღონისძიება სახელწოდებით „Clade X“ მოაწყო. შესაბამისად, „ღონისძიება 201“ ბილ გეითსის გეგმას მსოფლიო კონტროლის დამყარების შესახებ არ წარმოადგენს.
შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტი, მრავალი სახის დეზინფორმაციას შეიცავს, რომლებიც კორონავირუსის გარშემო გავრცელებული შეთქმულების თეორიებთანაა დაკავშირებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.