გავრცელდა ფეისბუქ პოსტები, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები დოლარშია დათვლილი. კერძოდ, 2012-2020 წლებში, ლარის კურსის დოლართან მკვეთრად გაუფასურების გამო, მონაცემების დოლარში დათვლა მნიშვნელოვან კლებას იწვევს. ლარის კურსის გაუფასურებაში მოქმედებდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებიც (იხილეთ სტატია). ლარის ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის, ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას, დოლარში კონვერტაცია მაინც არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. ამასთან, კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მოიცავს საკუთარ თავში, შესაბამისად, რეალური სურათის/მონაცემის მისაღებად მაჩვენებლები დოლარში კი არ უნდა გაიზომოს, არამედ ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.

„ფაქტ-მეტრი“, დოლარში გადაყვანილი მაჩვენებლებით ეკონომიკური დინამიკის შეფასების უმართებულობას წარსულშიც არაერთხელ უსვამდა ხაზს (მაგალითისთვის, იხილეთ სტატია 1, სტატია 2)

პენსია

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე, პენსია 110-125 ლარი იყო, ხოლო 2020 წლისთვის პენსიამ 220 ლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საწყის მაჩვენებლად ავიღებთ 110 ლარს, პენსია ნომინალურად, დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. დროში ფინანსების შესადარებლად მნიშვნელოვანია მისი კორექტირება ინფლაციის მაჩვენებლით. ამგვარად მივიღებთ პენსიის რეალურ ზრდას.

პენსიის რეალურმა ზრდამ 34.4-52.7% შეადგინა, იმის მიხედვით, საწყის მაჩვენებლად 110 ლარს ავიღებთ თუ 125 ლარს. ამასთან, გარდა საბაზისო პენსიისა, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერისთვის, მათ შორის 70 წელს გადაცილებულთათვის, საპენსიო დანამატია გათვალისწინებული (უფრო ვრცლად, აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ხელფასები

როგორც პენსიის შემთხვევაში, ასევე ხელფასის დინამიკის ანალიზისას უნდა განვიხილოთ ინფლაციით კორექტირებული და არა დოლარში კონვერტირებული მაჩვენებელი. 2012 წელს, საშუალო ნომინალური ხელფასი712 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 1129 ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 59.5%-ით მეტია. მიუხედავად თითქმის 60%-იანი ზრდისა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ინფლაციამ დაახლოებით 29% შეადგინა და, შესაბამისად ამ ზრდის ნაწილი „შეჭამა“. თუ 2019 წლის საშუალო ხელფასს ინფლაციაზე დავაკორექტირებთ, გამოვა, რომ 2012 წლის ფასებში ეს ხელფასი 875 ლარი იქნებოდა, ვინაიდან ის, რაც 2012 წელს ღირდა 1 ლარი, ახლა ღირს 1.29 ლარი (1129:1,29). შესაბამისად, 2012-2019 წლებში ხელფასი, რეალურად, 163 ლარით გაიზარდა. ეს მართალია ძალიან მცირე ზრდაა და 2019 წლის მაჩვენებელი 2012 წლის მაჩვენებელს რეალურ ფასებში მხოლოდ 23%-ით აღემატება, თუმცა ზრდა არის და მისი დოლარში კონვერტირებისას მიღებული შემცირება, სინამდვილეში, მანიპულაციურია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მთლიანი შიდა პროდუქტი და საგარეო ვალი

მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2019 წლებში საშუალოდ 4.1%-ით იზრდებოდა და არა 3.4%-ით, როგორც ერთ-ერთ პოსტშია აღნიშნული. თუმცა, ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს პოზიციას, რომ 4.1% საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის საჭიროზე მცირეა.

საგარეო ვალი მთავრობის ვალის კომპონენტია, მთავრობის ვალი შიდა და გარე ვალის ჯამისგან შედგება. პოსტში, ყურადღება საგარეო ვალზეა გამახვილებული. ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების შედეგად, სამთავრობო ვალის 60%-მდე ზრდა იგეგმება. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როდესაც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში ვალმა შესაძლოა 60%-ს გადააჭარბოს (იხილეთ სტატია).

2012-2020 წლებში საგარეო ვალი 4 მლრდ აშშ დოლარიდან 6.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ვალზე საუბრისას ასევე განხილულ უნდა იქნას ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. საგარეო ვალი 2012 წელს მშპ-ს 26.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს მოსალოდნელი მშპ-ს 41.2%-ს შეადგენს. საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია რომ 2020 წელს, საგარეო ვალის მკვეთრი ზრდისა და მშპ-ს შემცირების ტენდენცია გლობალურია და ახალი კორონავირუსის გავრცელებით არის განპირობებული.