მიმდინარე წლის 11 ივლისს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პენსია ჩემ დროს იყო 75 დოლარი და ვაპირებდით გაგვეზარდა 150 დოლარამდე. ახლა, რეალურად, პენსია არის 74 დოლარი. იმიტომ, რომ ლარი გაუფასურდა 60%-ით. საშუალო ხელფასი ჩვენ დროს იყო 430 დოლარი, ახლა არის 370 დოლარი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. შესაბამისი მონაცემის ცვლილების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს.

ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც დენომინირებულია ლარში, ანუ იგივე ვალუტაში, რაშიც დათვლილია საშუალო ნომინალური ხელფასი. შესაბამისად, შემოსავლის (ხელფასის, პენსიის) ცვლილების ტენდენციის შეფასებისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული მიდგომა მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ხარჯების უმთავრესი ნაწილი დენომინირებული იქნებოდა უცხოურ ვალუტაში, რაც საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის.

  ცხრილი 1:

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი (ლარი)

1 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოში მთლიანი მოხმარების მნიშვნელოვანი წილი იმპორტს უჭირავს, შესაბამისად, ვალუტის კურსი ამ მხრივ ხარჯებზე გავლენის მქონე ფაქტორია. თუმცა, სამომხმარებლო ფასების ცვლილება საკუთარ თავში ვალუტის კურსის ცვლილებასაც მოიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კურსის ცვლილებით გამოწვეული ხარჯების ზრდა ასახულია ინფლაციის მაჩვენებელში. შესაბამისად, განსხვავებული პერიოდის შემოსავლების შესადარებლად მართებულია გამოვიყენოთ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით კორექტირებული მაჩვენებლები და არა უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული შემოსავალი. ცხრილში მოცემულია ნომინალური ხელფასის მოცულობა 2010-2017 წლებში, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის გათვალისწინებით, თუ რამდენი იქნებოდა სხვა წლების ნომინალური ხელფასი 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მდგომარეობით.

მონაცემების ანალიზიდან ნათელია, რომ არცერთი პერიოდის შესაბამისი საშუალო ხელფასი, გადაანგარიშებული 2016 წლის მდგომარეობით (ფასების ინდექსის გათვალისწინებით), წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში არ შემცირებულა, 2011 წლის პირველი კვარტლის გარდა. ამდენად, ნომინალური ხელფასის ზრდის ტემპი აღემატებოდა სამომხმარებლო ფასების ზრდის (ინფლაციის) ტემპს, ანუ რეალური ხელფასი 2010-2017 წლებში (2011 წლის პირველი კვარტლის გარდა) იზრდებოდა.

პენსიის შემთხვევაშიც, მისი უცხოურ ვალუტაში გადაყვანა და შემდეგ შედარება არასწორია. თუმცა, აქაც უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციის დონე და დავაკვირდეთ რეალური პენსიის ცვლილებას. 2012 წლის არცერთ კვარტალში პენსიის მსყიდველუნარიანობა არ ყოფილა უფრო მაღალი, ვიდრე შემდგომი წლების ანალოგიურ პერიოდებში. მაგალითად, 2012 წლის მესამე კვარტლის ნომინალური პენსია 125 ლარი შეესაბამება 2016 წლის 136.2 ლარს (რასაც იყიდდა პენსიონერი 2012 წლის სექტემბერში 125 ლარით, იგივე პროდუქტის შესაძენად 2016 წლის სექტემბერში მას დასჭირდებოდა 136.2 ლარი), 2016 წლის სექტემბრის ნომინალური პენსია აღნიშნულ მაჩვენებელს (136.2 ლარი) 43.8 ლარით აღემატება და 180 ლარს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ პენსია გაიზარდა უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე სამომხმარებლო ფასები.

  ცხრილი 2:

ასაკობრივი პენსია 2010-2017 წლებში

2 წყარო: საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  

დასკვნა 2012

წლის მესამე კვარტალში (2012 წლის ნოემბრიდან ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა) საშუალო თვიურმა ხელფასმა 753.2 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 456 დოლარს შეესაბამებოდა (1.65₾=1$), ხოლო პენსია სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერების შემთხვევაში 110 და 125 ლარის ნიშნულზე იყო, რაც 66.7 და 75.8 დოლარს უტოლდებოდა. 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი 980.6 ლარი, ხოლო პენსია 180 ლარს შეადგენს რაც, შესაბამისად, 422.7 და 77.6 დოლარს უტოლდება (2.32₾=1$). თუმცა, მოცემულ შემთხვევაში უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული ნომინალური მაჩვენებლების შედარება, ეკონომიკური თეორიის თანახმად, არ წარმოადგენს მისაღებ მიდგომას და მართებულია, მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასების ცვლილების გათვალისწინებით შედარდეს.

2012

წლის მესამე კვარტლის ნომინალური ხელფასის და პენსიის მსყიდველუნარიანობა 2016 წლის ფასებით შესაბამისად 820.4 და 136.2 ლარს შეადგენს, ხოლო 2016 წლის მესამე კვარტლის ხელფასისა და პენსიის ნომინალური მაჩვენებლები 980.6 და 180 ლარის ნიშნულზეა, რაც 160.2 და 43.8 ლარით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს. ეს ნიშნავს, რომ 4 წლის მანძილზე ხელფასი და პენსია იზრდებოდა უფრო მაღალი ტემპით ვიდრე სამომხმარებლო ფასები. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაში დასახელებული რიცხვები ფაქტობრივად თითქმის სწორია, თუმცა, მონაცემთა არასათანადო მიდგომით გამოყენების შედეგად მსჯელობის შედეგი რეალობას არ შეესაბამება.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი