რეზიუმე: 8 ნოემბრის აქციაზე პროტესტს აგრესიულად მხოლოდ მომიტინგეთა მცირე ნაწილი გამოხატავდა. მთლიანობაში აქცია მშვიდობიანი იყო და მყისიერი საფრთხე, რომლის აღკვეთის დაყოვნებაც ვინმეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, ან სხვა მძიმე შედეგს გამოიწვევდა, არ არსებობდა. შესაბამისად, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენების კანონიერი საფუძველიც, არ არსებობდა.
ანალიზი
8 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მმართველ გუნდს სამი მთავარი მოთხოვნა წაუყენეს - თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, რადგან წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მომიტინგეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენა, როგორც ერთეული აგრესიული მომიტინგეების, ისე მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. ჭავლი მედიის წარმომადგენლების მიმართულებითაც იქნა გამოყენებული.
„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებაზე აქციის მონაწილეები არ გააფრთხილეს იმის გამო, რომ მათგან მყისიერი საფრთხე მოდიოდა და აუცილებელი იყო ასევე მყისიერი ზემოქმედება.
მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში, მომიტინგეთა ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენების კანონიერი საფუძვლები სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის, მათ შორის, სახალხო დამცველის განცხადებით, არ არსებობდა. [1] მომიტინგეთა მცირე ნაწილი გამოხატავდა პროტესტს რკინის ღობეზე ქვების დარტყმის საშუალებით, ხოლო მთლიანობაში აქცია მშვიდობიანი იყო, შესაბამისად, მყისიერი უცნობია არსებობდა თუ არა საფრთხე, რომლის აღკვეთის დაყოვნებაც პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, ან სხვა მძიმე შედეგს გამოიწვევდა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე აქციაზე მომიტინგეთა მცირე ნაწილი აგრესიულ ქმედებებზე გადავიდოდა, პოლიციას ჰქონდა ვალდებულება პრევენციული ღონისძიებები მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პოლიცია მსგავს პრევენციულ ღონისძიებებს არ მიიღებს, ყოველთვის შეიძლება მოხდეს ინციდენტი, რომელსაც პოლიცია მშვიდობიანი მანიფესტნტების დასაშლელ საბაბად გამოიყენებს.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ წყლის ჭავლის გამოყენების ლეგიტიმური საფუძვლები არსებობდა, რჩება კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ დრო და საშუალება, განემუხტათ სიტუაცია და მოეხდინათ პროტესტის დეესკალაცია, განცხადება, რომ პოლიციას მყისიერი რეაგირების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა, მანიპულაციურია.
1.პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენება დასაშვებია მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად და სხვა შემთხვევებში.ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი ვალდებულია, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.