8 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მმართველ გუნდს სამი მთავარი მოთხოვნა წაუყენეს - თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მოთხოვნების შესასრულებლად აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ დრო 20:00 საათამდე მისცეს. რადგან მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შეკრებილებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცესკოს პიკეტირებისკენ მოუწოდა: „დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს“.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. შეკრებილთა გარკვეული ჯგუფი შსს-ს მიერ აღმართულ რკინის ჯებირებზე ქვების და სხვა ნივთების ბრახუნით გამოხატავდა პროტესტს. აღნიშნულის საპასუხოდ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით, შსს-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გაუფრთხილებლად გამოყენება, გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ძალის გამოყენება საფუძველს მოკლებული და არამართლზომიერი იყო.

ცესკოსთან შეკრებიდან მალევე, სამართალდამცველებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით, წყლის ჭავლი კვლავ იქნა გამოყენებული, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მიმართულებით. არსებული ინფორმაციით, დარბევისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა - 2 ადამიანს წყლის ჭავლით თვალი დაუზიანდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის ჭავლთან ერთად, აქციის დაშლისას ცრემლმდენი გაზიც იყო გამოყენებული, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია. მინისტრის მოადგილის განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლთან ერთად, გამოყენებული იყო გარკვეული ნივთიერება, რამაც თვალების და სასუნთქი გზების გაღიზიანება გამოიწვია.

2020 წლის 9 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა საბანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქციის დაშლისას ცრემლმდენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა. მისივე თქმით, იმ დანაყოფის შემადგენლობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება „წიწაკის სპრეი”, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. განსხვავება დიდია, ეს არ არის ცრემლსადენი გაზი“.

პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენება დასაშვებია მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად და სხვა შემთხვევებში. ასევე, ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი ვალდებულია, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს სერიოზულ, ფართომასშტაბიან არეულობას, საფრთხეშია სხვისი სიცოცხლე ან არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების რისკი; ასევე, როდესაც ნაკლებად დამაზიანებელი ზომების მიღებამ შედეგი ვერ გამოიღო. წყლის ჭავლი მხოლოდ იმ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც სამართალდამცველებს ძალადობაში ჩართული ცალკეული პირების ფოკუსირება და მათი შეჩერება არ შეუძლიათ.

გაეროს ადამიანის უფლებების უახლესი სახელმძღვანელოს მიხედვით წყალსატყორცნის გამოყენების კანონიერი გარემოებებია განმარტებული. დოკუმენტში ცალსახადაა აღნიშნული, რომ შემაღლებულზე მყოფი პირების წინააღმდეგ წყალსატყორცნის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მეორადი დაზიანების მაღალი რისკი არსებობს. შემაღლებულზე (მიკროავტობუსის სახურავზე) მდგომი ჟურნალისტების მისამართით წყალსატყორცნის გამოყენებაზე „მედიაჩეკერის“ სტატიაშია საუბარი. სტატიის მიხედვით ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო.

მედიით გავრცელებული ვიდეომასალებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულ სიტუაციაში, მომიტინგეთა ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ, წყლის ჭავლის გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. კანონის დარღვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული საშუალება შეკრებილი ადამიანების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, მიმართულებით გაფრთხილების გარეშე იქნა გამოყენებული. რეალობას მოკლებული და მანიპულაციურია მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, შეუძლებელი იყო მომიტინგეთა გაფრთხილება, რამდენადაც მყისიერი საფრთხე, რომლის აღკვეთის დაყოვნებას, პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, ან სხვა მძიმე შედეგს გამოიწვევდა, არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ სანამ აქციაზე ვითარება დაიძაბებოდა, მანამდე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს სიტუაციის განსამუხტავად საკმარისი დრო ჰქონდათ. ვითარების განმუხტვა სამართალდამცავ ორგანოებსაც არ უცდიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული ზომები შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

გუშინდელი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოყენებულ ძალას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურს და არაპროპორციულს უწოდებენ.

საია-ს შეფასებით, შს სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არალეგიტიმური იყო. განცხადებაში საუბარია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზეც:

„აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ასევე, დაზიანდა მათი ტექნიკა. პოლიციამ არ დაიცვა კანონით მისთვის დადგენილი ვალდებულება,[16] ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას“. საერთო ჯამში, „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და ჟურნალისტების მფლობელობაში არსებული ტექნიკა დაზიანდა.

ძალის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ომბუდსმენის განცხადებით, პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, მე-11 აბზაცში მოცემული ინფორმაცია ორაზროვანი იყო. შესაბამისად, მოცემული წინადადება დაზუსტდა, ხოლო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებული განხადების შესახებ ჩვენი შეფასება ამოღებულია.

ფოტო: ტაბულა

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია