იტვირთება

Facebook-ზე ვრცელდება პოსტი, რომელიც კორონავირუსისა და მასთან დაკავშირებით ბილ გეითსის განცხადების შესახებ მკითხველს მცდარ ინფორმაციას აწვდის. პოსტის თანახმად, ბილ გეითსმა ტრამპის გამოჯანმრთელება ვერ აიტანა და პრეზიდენტის მდგომარეობას განკურნება არ უწოდა. ასევე, ავტორი მკითხველს მცდარ ინფორმაციას აწვდის, თითქოს ბილ გეითსი გენეტიკური ინჟინერიით კაცობრიობის დამღუპველ ვაქცინას ამზადებს. გარდა ამისა, პოსტში მონოკლონური სხეულებისგან შემდგარი ვაქცინა არასწორადაა ნახსენები და PCR-ის ტესტების მონაცემები მანიპულაციურადაა მიჩნეული.

ავტორი პოსტში ფაქტობრივ უზუსტობას უშვებს, როდესაც მონოკლონური ანტისხეულებისგან შემდგარ ვაქცინას ახსენებს. სინამდვილეში, მონოკლონური ანტისხეულები და ვაქცინა სხვადასხვა რამაა. კერძოდ, ანტისხეული იმუნური სისტემის მიერ ინფექციის საწინააღმდეგოდ წარმოებული მოლეკულაა. სხეულს აქვს შესაძლებლობა, წარმოქმნას მრავალი განსხვავებული ანტისხეული, რომელთაც თითქმის ყველა ვირუსის ამოცნობა შეუძლიათ, მათ შორის, COVID-19-ის. ეს მოლეკულები ვირუსების ჯანმრთელ უჯრედებში გავრცელებას უშლიან ხელს. რაც შეეხება მონოკლონურ ანტისხეულს, ის ინფიცირებული ადამიანის სისხლისგან მზადდება - სისხლისგან გამოყოფენ ანტისხეულების წარმომქმნელ B უჯრედებს და გენეტიკური თანმიმდევრობის მეთოდით წარმოიქმნება უფრო მეტი ანტისხეული. შესაბამისად, თუ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სისხლიდან COVID-19-ის ვირუსის გამანეიტრალებელ ანტისხეულებს გამოვყოფთ, ამ ანტისხეულების მასიური რაოდენობით წარმოება და სამკურნალოდ გამოყენება შეიძლება. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული თერაპია ინფექციის უკვე არსებული შემთხვევების სამკურნალოდ გამოიყენება.

მონოკლონური ანტისხეულებით თერაპიისგან განსხვავებით, ვაქცინა არა ინფიცირებულ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელ ადამიანზე ვირუსით ინფიცირების პრევენციისთვის გამოიყენება. ვაქცინა არააქტიური ან დასუსტებული ვირუსის მცირე ნაწილია. როდესაც ის ადამიანის ორგანიზმში შეყავთ, იმუნური სისტემა მასზე შეტევას იწყებს ისე, თითქოს ადამიანი ვირუსით ნამდვილად დაინფიცირდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ადამიანი არ ავადდება და ეს შეტევა ადამიანს „იმუნურ მეხსიერებას" გამოუმუშავებს. იმუნური მეხსიერება მათ მომავალი ინფიცირებისგან იცავს, რადგან სხეულმა ვირუსზე რეაგირება უკვე ისწავლა.

რაც შეეხება ბილ გეითსის განცხადებას, სინამდვილეში, მან ამერიკულ ტელევიზია NBC-სთან აღნიშნა: არასწორი იქნება, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ კორონავირუსის ექსპერიმენტულ მონოკლონურ ანტისხეულს წამალი ეწოდოს. გეითსის თანახმად, პირველ რიგში, ამის მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის მონოკლონური ანტისხეულები ექსპერიმენტული თერაპიაა, რომელიც ამერიკის „საკვების და წამლის უსაფრთხოების ადმინისტრაციას“ (FDA) ოფიციალურად არ დაურეგისტრირებია. გარდა ამისა, კორონავირუსის ეფექტური მკურნალობის შემთხვევაშიც კი, რომელმაც შეიძლება, ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინოს, პანდემია ხალხის ცხოვრებაზე გავლენას ვაქცინის დადასტურებამდე განაგრძობს. აღნიშნულის მიზეზად, ბიოტექნოლოგიური კომპანიის, „Regeneron Pharmaceuticals“, დამფუძნებელმა, ლეონარდ შლაიფერმა, მონოკლონური ანტისხეულების ეფექტურობის ხანგრძლივობა დაასახელა - მონოკლონური ანტისხეულები ნამდვილად წარმოქმნიან იმუნიტეტს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდება. გამომდინარე აქედან, მონოკლონური ანტისხეულები ვერ იქნება წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, პრეზიდენტისთვის ჩატარებული მკურნალობა ყველაზე პერსპექტიულია კორონავირუსის წინააღმდეგ ექსპერიმენტულ მკურნალობაში. ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს მირონ კოენი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი, სწავლობს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, 6 ოქტომბრის განცხადების თანახმად, მონოკლონური ანტისხეულები „აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას“. მათი გამოცდა აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში დაიწყო. ცერცვაძის თქმით, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის, პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა საშუალება, მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის მოხვედრილიყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თანახმად, მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიდგომაა, რომელიც უშუალოდ კორონავირუსთან საბრძოლველად არ შექმნილა, არამედ ის სიმსივნური, რევმატოიდული ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ამჟამად, ის კორონავირუსთან მიმართებით გამოიყენება. ენტონი ფაუჩის განცხადებით კი, მონოკლონური ანტისხეულები თერაპიის ძალიან პერპექტიული ფორმაა. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ კლინიკურ კვლევებზეა და მუდმივი გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ბოლო დროს მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ისინი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ძალიან პერსპექტიული ფორმაა.

ბილ გეითსის შესახებ შეთქმულების თეორიები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ვაქცინებთან დაკავშირებით გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა.

პოსტის ავტორის მტკიცება, რომ ბილ გეითსი მთელი გენეტიკური ინჟინერიით კაცობრიობის დამღუპველ ვაქცინას ამზადებს, მხოლოდ შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. ბილ და მელინდა გეიტსებს ფონდი აქვთ, რომლის მიზანი, როგორც ახალი ვაქცინების განვითარების, ისე არსებულის გაუმჯობესების გზით, სხვადასხვა მძიმე ინფექციურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლაა.

რაც შეეხება უშუალოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, მასზე მუშაობა ერთ-ერთმა პირველმა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2020 წლის 10 იანვარს დაიწყეს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენომი გამოაქვეყნეს. ვაქცინის გლობალური ალიანსის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცხოველებზე ვაქცინის გამოცდისას წარმატებული შედეგები მიიღეს, მისი ადამიანებზე გამოცდის ფაზები დაიწყეს. კლინიკური კვლევის პირველი/მეორე (Phase I/II) ფაზა 23 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის აღნიშნული ვარიანტი რაიმე გაუთვალისწინებელ რეაქციას არ იწვევდა, კვლევის პროცესი 28 მაისს დიდ ბრიტანეთში მეორე/მესამე ფაზაში (Phase II/III) გადავიდა.

ოქსფორდის ვაქცინის დასამზადებლად შიმპანზეს ადენოვირუსის ვაქცინის ტექნოლოგიაა გამოყენებული. ვაქცინაციის დროს ადამიანის სხეულში შეყავთ გრიპის დასუსტებული, არააქტიური, უვნებელი პათოგენური ორგანიზმი - ვირუსი, რაც ადამიანის ორგანიზმის მიერ იმუნიტეტის მშენებლობას უწყობს ხელს. ვაქცინა იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. ადამიანის სხეულში მოხვედრილი ვაქცინა გენეტიკურ კოდს სპეციფიკური ცილის გამოსამუშავებლად იყენებს, რომელიც იმუნიტეტის მშენებლობას ხმარდება. თუ კორონავირუსის მიკრობი ადამიანის ორგანიზმში კიდევ მოხვდა, იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე მზად იქნება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ ბილ გეითსი მთელი გენეტიკური ინჟინერიით კაცობრიობის დამღუპველ ვაქცინას ამზადებს, შეთქმულების თეორიაა.

Facebook-ზე გავრცელებული პოსტი ასევე ეჭვქეშ აყენებს PCR ტესტების შედეგებს და მათ აფერისტულ მანიპულაციას უწოდებს, რითიც მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას უწყობს ხელს.

რეალურად, PCR ტესტები კორონავირუსის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდს მიიჩნევენ. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიაში სასუნთქი გზებიდან ტესტირებისთვის აღებული მასალის ანალიზის შემდეგ მასში ახალი კორონავირუსის რნმ-ი გამოვლინდება, ტესტი დადებითია და პიროვნების კორონავირუსით ინფიცირებულობა დასტურდება. ხოლო მაშინ, როდესაც ნაცხში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა ვერ ხდება, მიიჩნევა, რომ ადამიანი ინფიცირებული არაა. ინფიცირებულობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ტარდება. PCR ტესტები კი, რომლებიც COVID – 19-ის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, არა ზოგადად ვირუსების, არამედ კონკრეტულად SARS-CoV-2-ის გამოვლენაზეა ორიენტირებული და პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ინფიცირებულების გამოვლენის მხრივ, მათი სიზუსტე დაახლოებით 98%-ია.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ ფაქტ-მეტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4670 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი