რეზიუმე: ქვეყნის განვითარების საილუსტრაციოდ, დღევანდელი მონაცემების 8 წლის წინანდელთან შედარება, არასწორი და თავისი ხასიათით მანიპულაციურია. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ ქვეყანა 8 წლის განმავლობაში უნდა ვითარდებოდეს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში მინიმუმ სამი მაჩვენებელი: მშპ-ს ზრდის ტემპი, ლარის კურსი და სამთავრობო ვალი მკვეთრად გაუარესდა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებიდან და ანგარიშებიდან, ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში ქვეყანა მრავალი მიმართულებით რეგრესს განიცდის. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებო 2018, 2019 და 2020 წლებია. რიგ შემთხვევებში, საქართველოს შეფასებები 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით უფრო ნაკლები ან ტოლია.
ანალიზი:
2020 წლის 18 ოქტომბერს ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „2012 წლის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა პირადი კომფორტი გადავდეთ გვერდზე, როცა მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას, ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, ქვეყანაში ვითარება - აბსოლუტურად ყველა მიმართულება შევცვალეთ უკეთესობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეალობის და მისი განვითარების დაბალი დონის გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემების 8 წლის წინანდელთან შედარება არასწორია. 8 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და ბევრი მაჩვენებლის გაუმჯობესება ბუნებრივი პროცესია. ამიტომაც, კახი კალაძის მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ მიღწევები 8 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარების ფონზე, შთამბეჭდავად წარმოაჩინოს, არასწორია. შედარების არარელევანტურობაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო წლებში, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გაუმჯობესებული არა ერთი მაჩვენებელი, მუდმივ კლებას განიცდის.
ამასთან, საყურადღებოა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მინიმუმ სამი მაჩვენებელი: მშპ-ს ზრდის ტემპი, ლარის კურსი და სამთავრობო ვალის მაჩვენებელი, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, მკვეთრად გაუარესდა.
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი
მთლიანი შიდა პროდუქტი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მაჩვენებელია და წარმოადგენს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების მოცულობას. რეალური [1] მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
2004-2012 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.04%-ით იზრდებოდა. აშკარაა, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორები აქვს, რომელთაგან ნაწილი ცალკეული ქვეყნის ხელისუფლების გავლენის სფეროს არ განეკუთვნება, თუმცა ნაწილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
გრაფიკი 1: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ლარის კურსი და სამთავრობო ვალი
2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 75%-ით გაუფასურდა და 2020 წლის იანვარში დაახლოებით 2.88 ნიშნულზე იყო. 2012 წლის ბოლოს ლარი დაახლოებით 1.65 ნიშნულზე იყო. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებით 2014 წლის მიწურულს დაიწყო, რაზეც საგარეო ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებასაც ეკისრება. ლარის მკვეთრ გაუფასურებას რიგი უარყოფითი შედეგები მოსდევს მაკროეკონომიკური კონიუნქტურის ცვლილების თვალსაზრისით, მაგალითად: იწვევს ინფლაციურ პროცესებს და ზრდის საგარეო ვალის გადასახდელ მაჩვენებლებს. შესაბამისად, საგარეო ვალის მაჩვენებლების ზრდა ნაწილობრივ ვალუტის კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.
მთავრობის ვალი შიდა და გარე ვალისგან შედგება. 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით, მთავრობის მთლიანი ვალი დაახლოებით 27.1 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის, შიდა ვალი - 5.7 მლრდ ლარს, ხოლო საგარეო ვალი 21.3 მლრდ ლარს. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია, მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. 2004-2012 წლებში, საშუალო სამთავრობო ვალი მშპ-ს 33.1 % იყო. 2012 წელს მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით, 28.8 პროცენტი იყო. 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 54.3 %-მდე გაიზარდა (იხ. გრაფიკი 2). თებერვალში დაწყებული ახალი კორონავირუსის პანდემიისა და შემდეგ ეკონომიკური კრიზისის გამო, 2020 წელს მთავრობის ვალის ზრდა ბუნებრივი პროცესია. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელი, მშპ-სთან მიმართებით, 11 %-ით არის გაზრდილი (იხ.გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან, 2012-2020 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გათვლები.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული მაჩვენებლები საკმარისია, იმის დასადასტურებლად რომ კახი კალაძის განცხადება, ქვეყნის ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ განვითარების შესახებ, არის ტყუილი, ქვემოთ იმ საერთაშორისო რეიტინგების, კვლევებისა და ანგარიშების მოკლე ანალიზს გთავაზობთ, რომლებიც საქართველოს (2012-2020 წლებში) სხვადასხვა კრიტერიუმით, ყოველწიურად აფასებდნენ.
Doing Business
მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს 2003 წლიდან (Doing Business B2004) აქვეყნებს. ამ დროისთვის კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული, საწყის ეტაპზე კი 155-მდე ქვეყანას მოიცავდა. „Doing Business” აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის წამოწყების, მართვისა და დახურვისათვის საჭირო სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს, ასევე, სასამართლოს მომსახურების ეფექტურობას ზომავს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნებში არსებული ბიზნეს გარემოს შესაფასებლად. ამასთან, სარეიტინგო ქულის შეფასების კრიტერიუმები დროთა განმავლობაში იცვლება, რაც ცალკეული ქვეყნის მახასიათებლების ცვლილებისაგან დამოუკიდებლად, რეიტინგში ადგილის ცვლილებას გარკვეულწილად განაპირობებს. „Doing Business-ის” ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს.
2020 წლის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო, წინა წელთან შედარებით, 1 პოზიციით დაქვეითდა და მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. 2012-2020 წლებში, საქართველოს რეიტინგი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015-2016 წლებში, პოზიციის გაუარესება მეთოდოლოგიის ცვლილებამ განაპირობა.
ცხრილი 1: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში
წყარო: მსოფლიო ბანკი
კანონის უზენაესობის ინდექსი (WJP)
„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნებს რვა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების შესრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს აფასებს სკალაზე 0-დან 1-მდე, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 0.6 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით, ხოლო პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა. შეფასების გაუარესება, კორუფციის, მთავრობის ღიაობის, ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვისა და ძირითადი უფლებების კრიტერიუმებში დაბალმა შეფასებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2020 წლის შეფასება 2014 წლის ნიშნულზე დაბრუნდა, ხოლო პოზიციურად ბოლო 6 წელიწადში, საქართველო 11 საფეხურით დაქვეითდა. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს, საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, საქართველოს პოზიცია მუდმივად უარესდება (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-20 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი
„კანონის უზენაესობის ინდექსის“ 2012-13 წლის კვლევაში მონაცემები დამუშავებული, მხოლოდ ინდიკატორების მიხედვითაა და ჯამური საშუალო ქულის განსაზღვრა შეუძლებელია. ამიტომაც, 2012-13 და 2020 წლის შედარებას, ცალკეული ინდიკატორების მიხედვით გთავაზობთ (იხ. ცხრილი 3). აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე ინდიკატორის მიხედვით, 2012-13 წლებთან შედარებით, 2020 წლის რეიტინგში საქართველოს შეფასება და პოზიცია გაუარესებულია.
ცხრილი 3: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ინდიკატორების მიხედვით, 2012-13 და 2020 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი
პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს. კვლევაში წარმოდგენილი ქვეყნები მედიის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, 100 ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 1 საუკეთესო შეფასებაა. ეს გულისხმობს, რომ, რაც უფრო მეტი ქულაა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით. „პრესის თავისუფელბის მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველო 2013 წლიდან მონაწილეობს. 2020 წელს მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველომ 28.59 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, მე-60 ადგილი დაიკავა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მედია პლურალისტურია, თუმცა თავისუფალი ჯერ კიდევ არაა. ამასთან, ქართული მედიასივრცე, კვლავაც პოლარიზებული რჩება. კვლევაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ტელევიზიაზე ზეწოლა მიმდინარეობს.
საქართველოს 2020 წლის შეფასება, წინა წელთან შედარებით, 0.29 ქულით გაუმჯობესდა. „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“-ს მიხედვით, საქართველოს, საუკეთესო შეფასება 2018 წელს ჰქონდა (იხ.გრაფიკი 3), თუმცა რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო. შესაბამისად, შეფასების გაუარესების მიუხედავად, საქართველოს პოზიციური დაწინაურება, სხვა ქვეყნების შეფასების გაუარესებით შეიძლება აიხსნას.
გრაფიკი 3: „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2013-20 წლებში
წყარო: რეპორტიორები საზღვრების გარეშე
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI)
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან აქვეყნებს. ინდექსი მიზნად ისახავს პროდუქტიულობის მამოძრავებლების გაზომვას, პროდუქტიულობის დონე კი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელია. გლობალური კონკურენტუნარინობის ინდექსი 103 ინდივიდუალური ინდიკატორისგან შედგება, რომლებიც 12 სვეტად არის დაჯგუფებული. ესენია: ინსტიტუციები; ინფრასტრუქტურა; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება; მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ჯანდაცვა; შრომისუნარიანობა; სასაქონლო ბაზარი; შრომის ბაზარი; ფინანსური სისტემა; ბაზრის ზომა; ბიზნესის დინამიკურობა და ინოვაციური შესაძლებლობები. თითოეული სვეტი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო მაჩვენებელია (უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 141 ქვეყნიდან საქართველო 60.6 ქულით 74-ე ადგილს იკავებს და წინა წელთან შედარებით, რეიტინგში 8 პოზიციით უკანაა. 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, შეფასებები გაუარესდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისების, ჯანმრთელობის, სასაქონლო ბაზრისა და შრომის ბაზრის, კომპონენტებში. შედარებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსური სისტემისა და ბაზრის ზომის კომპონენტები, ხოლო დანარჩენი - უცვლელი დარჩა.
ცხრილი 4: „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ რეიტინგში მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, რეიტინგში რამდენიმე ინდიკატორი და კომპონენტი ახლით ჩაანაცვლეს. შეიცვალა ქვეყნის შეფასების შკალაც და მაქსიმალური 7- ქულიანი შეფასება 100 ქულით ჩანაცვლდა. შესაბამისად, ახლანდელი შეფასებების შედარება 2018 წლამდელ მონაცემებთან, არასწორია. ამიტომაც, გასულ წლებთან შედარებისთვის, შეგვიძლია, რეიტინგში ქვეყნის პოზიციის მაჩვენებელი გამოვიყენოთ. ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველოს რეიტინგში საუკეთესო პოზიცია 2016-2017 წლის ანგარიშში ჰქონდა. ამასთან, 2016-17 წლების ანგარიშთან შედარებით, 2019 წელს, საქართველოს პოზიცია 15 ერთეულით არის გაუარესებული.
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „Heritage Foundation“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი 12 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგება. ესენია: საკუთრების უფლება, მართლმსაჯულების ეფექტურობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, საგადასახადო ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება და ფისკალური თავისუფლება. თითოეული ინდიკატორი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო მაჩვენებელია.
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ 77.1 ქულა მიიღო, რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. 2020 წლის შეფასება საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია (იხ. ცხრილი 5). „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის რეიტინგში 2018 წლის მეორე ნახევრისა და 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებია ასახული. შესაბამისად, მოცემულ რეიტინგში, 2019 წლის მეორე ნახევარში საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეები, მანიფესტაციების დაშლა, საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და ა.შ. არ ასახულა.
ცხრილი 5: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით საქართველოს შეფასება 2012-20 წლებში
წყარო: Heritage Foundation
2020 წლის ჯამური შეფასება საქართველოსთვის, ყველაზე მაღალია. თუმცა, საყურადღებოა, რომ ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს საუკეთესო შედეგები სხვადასხვა წლებში ჰქონდა. მაგალითად, „მართლმსაჯულების ეფექტურობის“ კუთხით, 2020 წელს საქართველომ 57.9 ქულა მიიღო, რაც 2016 წლის შეფასებასთან შედარებით, 8.6 ქულით ნაკლებია. ამასთან, 2018 წლიდან საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნებიდან ზომიერად თავისუფალ ქვეყნებში გადაინაცვლა. „მთავრობის კეთილსინდისიერების“ კუთხით 2020 წლის შეფასება, 64.8 ქულა, 2017 წლის შეფასებაზე 0.2 ქულით ნაკლებია. „მთავრობის დანახარჯების“ კუთხით, საუკეთესო შეფასება საქართველომ 2016 წელს მიიღო, რაც 2020 წლის შეფასებას 1.7 ქულით აღემატება. „ბიზნესის თავისუფლების“ ინდიკატორში 2020 წელს საქართველო 85.3 ქულით შეფასდა, რაც 2013 წელთან შედარებით, 5.3 ქულით ნაკლებია. „შრომის თავისუფლების“ კუთხით 2020 წელს საქართველომ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი, 76.3 ქულა მიიღო და თავისუფალი ქვეყნებიდან, მეტწილად თავისუფალ ქვეყნების სიაში გადავიდა. რეგრესთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ „საკუთრების უფლების“ კუთხით, საქართველომ 2016 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამ კრიტერიუმით, 2020 წელს უმაღლესი შეფასება, 68.6 ქულა დაიმსახურა.
კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI)
საერთაშორისო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ყოველწლიურად „კორუფციის აღქმის ინდექსს“ აქვეყნებს, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. 2019 წლის რეიტინგი 13 სხვადასხვა გამოკითხვას ემყარება. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2019 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან ერთად 44-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს შედეგი 2 ქულით, ხოლო პოზიცია 3 ერთეულით გაუარესდა (იხ. ცხრილი 6). კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. საქართველო კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.
2019 წლის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რისი შედეგიც გასულ წელთან შედარებით, კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით დაბალი შეფასებაა“. ასევე, საყურადღებოა, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს დემოკრატიის სფეროში უკუსვლა ემუქრება. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა, სამართალდამცავი ორგანოებში ძალაუფლების მომეტებული კონცენტრაცია და სასამართლოში პოლიტიკური გავლენებისა და კორუფციის არსებობა იყო დასახელებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.
ცხრილი 6: „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-20 წლებში
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
Freedom House
გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინ წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს, ორი კატეგორიით, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით აფასებს 100 ქულიანი სკალიდან, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. 2020 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2020“, საქართველო 100-დან 61 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 24, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 37 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, ორი ერთეულით შემცირდა. 2019 წლის რეიტინგში საქართველოს 63, ხოლო 2018 წლის რეიტინგში 64 ქულა ჰქონდა.
საყურადღებოა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, 2020 წლის ანგარიშში საქართველოს 4-დან 2 ქულა აქვს. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, სამთავრობო დონეზე პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. „ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტიან გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა აფერხებს. ასევე, წარმატებული საქმეების ნაკლებობაა იმ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაში არიან“ ,- ვკითხულობთ შეფასებაში.
გრაფიკი 4: Freedom House -ის ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-20 წლებში
წყარო: Freedom House
გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასება 2017 წლის ანგარიშში ჰქონდა და მას შემდეგ, მუდმივ კლებას განიცდის. [2]
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.
კორუფციის კონტროლის კუთხით, 2020 წლის რეიტინგში საქართველომ 100%-იანი სკალიდან 74.04 % მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.4 %-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 3.36 %-ით ნაკლებია (იხ.გრაფიკი 5). კორუფციის კონტროლის კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2018 წელს ჰქონდა, მას შემდეგ, კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველოს შეფასება ყოველწლიურად უარესდება.
გრაფიკი 5: საქართველოს შეფასება კორუფციის კონტროლის ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„რეგულირების ხარისხის“ ინდიკატორი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის გატარებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასებას. ამ კრიტერიუმით, საქართველომ 2020 წელს 82.692 % მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.48 %-ით ნაკლებია (იხ. გრაფიკი 6). „რეგულირების ხარისხის“ ინდიკატორში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წელს ჰქონდა.
გრაფიკი 6: საქართველოს შეფასება „რეგულირების ხარისხის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„მთავრობის ეფექტურობის“ ინდიკატორი ქვეყნებს საჯარო და სამოქალაქო სერვისების, მათ შორის, საჯარო ინფრასტრუქტურის, კომუნალური სერვისებისა და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის მიხედვით აფასებს. „მთავრობის ეფექტურობის“ კუთხით, 2020 წელს საქართველომ 76.923 % მიიღო, რაც საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
გრაფიკი 7: საქართველოს შეფასება „მთავრობის ეფექტურობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასმართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. 2020 წლის შეფასებაში საქართველომ 62.02 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 1.92%-ით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა (იხ.გრაფიკი 8).
გრაფიკი 8: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„პოლიტიკური სტაბილურობისა და არაძალადობრივი გარემოს“ ინდიკატორი ქვეყნებს პოლიტიკურ სტაბილურობის, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის, უსაფრთხოების დონის, შიდა და გარე კონფლიქტების კრიტერიუმებით აფასებს. 2020 წელს საქართველო „პოლიტიკური სტაბილურობისა და არაძალადობრივი გარემოს“ კუთხით 29.05 % მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.95%-ით ნაკლებია. ამ ინდიკატორით, საქართველოს, საუკეთესო შეფასება 2014 წელს ჰქონდა (იხ.გრაფიკი 9). საყურადღებოა, რომ 2016 წლიდან, „პოლიტიკური სტაბილურობისა და არაძალადობრივი გარემოს“ კუთხით საქართველოს მდგომარეობა, მუდმივად უარესდება.
გრაფიკი 9: საქართველოს შეფასება „პოლიტიკური სტაბილურობისა და არაძალადობრივი გარემოს“ ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 53.202 % მიიღო, რაც 2013-2020 წლებში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საუკეთესო შეფასება „მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხის“ ინდიკატორში საქართველოს 2014 წელს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მერე საქართველოს შეფასება, თითქმის ყოველწლიურად უარესდება (იხ.გრაფიკი 10).
გრაფიკი 10: საქართველოს შეფასება „მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
დემოკრატიის ინდექსი
„დემოკრატიის ინდექსი“ საერთაშორისო გამოცემის, „ეკონომისტი“ რეიტინგს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 167 ქვეყანაში დემოკრატიის დონეს აფასებს. დემოკრატიის ინდექსი 60 ინდიკატორს ემყარება, რომლებიც 5 კატეგორიადაა დაყოფილი. ესენია: საარჩევნო პროცესები და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტივობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო უფლებები. ქვეყნები ფასდება 10 ქულიანი სკალის მიხედვით, სადაც 10 ქულა საუკეთესო შეფასებაა. ქულების მიხედვით, ქვეყნები 4 კატეგორიად იყოფა, სრული დემოკრატია (10 – 8), ნაწილობრივი დემოკრატია (8 – 6), ჰიბრიდული რეჟიმი (6 – 4), ავტორიტარული რეჟიმი (4 – 0). „დემოკრატიის ინდექსის“ 2019 წლის რეიტინგში საქართველომ 5.42 ქულა მიიღო და ჰონდურასთან ერთად, მსოფლიო რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს. კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო ჰიბრიდული ქვეყნების სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2013 წელს ჰქონდა (იხ. გრაფიკი 11). ამასთან, 2014- 2017 წლებში, საქართველოს შეფასება მზარდი იყო, ხოლო 2018 წლიდან შეფასება მკვეთრად გაუარესდა.
გრაფიკი 11: „დემოკრატის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2006-2019 წლებში
წყარო: Economist intelligence unit
დასაწყისში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლის მონაცემების 2012 წლის მონაცემებთან შედარება, არასწორია. 8 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და ბევრი მაჩვენებლის გაუმჯობესება ბუნებრივი პროცესია. ამიტომაც, კახი კალაძის მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ მიღწევები 8 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარების ფონზე, შთამბეჭდავად წარმოაჩინოს, თავისი ხასიათით, მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. აღსანიშნავია, რომ არასწორი და მანიპულაციური შედარების მიუხედავად, კახი კალაძის განცხადება, რომ „ქართული ოცნებამ ქვეყანაში ვითარება, აბსოლუტურად, ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეცვალა“, არის ტყუილი. 2012-20 წლებში, მშპ-ს ზრდის ტემპი, ლარის კურსი და სამთავრობო ვალის მაჩვენებელი, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, მკვეთრად გაუარესდა.
ამასთან, ზემოთ განხილული კვლევები და რეიტინგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში (2018-20 წლები), ამავე პარტიის მმართველობის საწყის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მრავალი მაჩვენებელი უარესდება და 2012 წლის მაჩვენებლებს უახლოვდება. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებო, ის მაჩვენებლებია, რომლებიც 2012 წელთან შედარებითაც კი, შემცირებულია.
1. რეალურ მაჩვენებლებში გამორიცხულია ფასების ზრდის ზემოქმედება.
2.2014 წლამდე ორგანიზაცია ანგარიშებს განსხვავებული მეთოდოლოგიით ამზადებდა. შესაბამისად, მიმდინარე შეფასებების, უფრო ადრინდელი მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.