რეზიუმე: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგში საქართველო 8 პოზიციით ჩამოქვეითდა და 74-ე ადგილი დაიკავა
ანალიზი
9 ოქტომბერს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენა გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას დამოუკიდებელი დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის ანგარიშში საქართველომ 8 პოზიციით დაიწია უკან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან აქვეყნებს. ინდექსი მიზნად ისახავს პროდუქტიულობის მამოძრავებლების გაზომვას, პროდუქტიულობის დონე კი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელია.
გლობალური კონკურენტუნარინობის ინდექსი 103 ინდივიდუალური ინდიკატორისგან შედგება, რომლებიც 12 სვეტადა არის დაჯგუფებული. ესენია:
- ინსტიტუციები;
- ინფრასტრუქტურა;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება;
- მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
- ჯანდაცვა;
- შრომისუნარიანობა;
- სასაქონლო ბაზარი;
- შრომის ბაზარი;
- ფინანსური სისტემა;
- ბაზრის ზომა;
ბიზნესის დინამიკურობა და ინოვაციური შესაძლებლობები.
თითოეული სვეტი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო მაჩვენებელია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 141 ქვეყნიდან საქართველო 60.6 ქულით 74-ე ადგილს იკავებს და წინა წელთან შედარებით რეიტინგში 8 პოზიციით უკანაა.
გრაფიკი 1: საქართველოს 2019 წლის მაჩვენებლები გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში
წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის ანგარიში
როგორც დიაგრამიდან ჩანს, შედარებით უკეთესი მაჩვენებლები საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ჯანმრთელობის კომპონენტებში აქვს, შედარებით ცუდი კი - ინოვაციურ შესაძლებლობებსა და ბაზრის ზომაში.
2018 წლის მონაცემებთან შედარებით, შეფასებები გაუარესდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისების, ჯანმრთელობის, სასაქონლო ბაზრისა და შრომის ბაზრის, კომპონენტებში. შედარებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსური სისტემისა და ბაზრის ზომის კომპონენტები, ხოლო დანარჩენი - უცვლელი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს 8 პოზიციით ჩამოქვეითება ორგანიზაციის მეთოდოლოგიის ცვლილებით ახსნა. მან აღნიშნა, რომ შეფასება არ გაუარესებულა და საქართველოს კვლავ 61 ქულა მიენიჭა, რაც მისივე აზრით, საკმაოდ მაღალი შეფასებაა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს 60.9 ქულა ჰქონდა. რაც შეეხება მეთოდოლოგიის ცვლილებას, 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეთოდოლოგია უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც, ორგანიზაციის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანგარიშთან შედარებისას, ცვლილებებზე მას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებები ინსტიტუციების, სასაქონლო ბაზრისა და შრომის ბაზრის კომპონენტებს შეეხო.
ინსტიტუციების კომპონენტში ცვლილება შეეხო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ქვეკომპონენტს. კერძოდ, ბიუჯეტის ღიაობის მონაცემები ბიუჯეტის ღიაობის ინდექსით შეიცვალა. ასევე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციის ქვეკომპონენტს სამი ახალი მაჩვენებელი დაემატა: ენერგიის ეფექტიანობის რეგულირება, განახლებადი ენერგიის რეგულირება, გარემოსთან დაკავშირებული ხელშეკრულებების რატიფიკაცია. 2018 წლის მონაცემებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ქვეკომპონენტში საქართველოს 73.1 ქულა ჰქონდა, ხოლო 2019 წელს გაუმჯობესდა და 82 ქულა შეადგინა. საერთო ჯამში, სამი ახალი მაჩვენებლის დამატების მიუხედავად, ინსტიტუციების კომპონენტი წინა წლის მსგავსად 61 ქულით შეფასდა.
სასაქონლო ბაზრის კომპონენტს მომსახურებით ვაჭრობის შეზღუდულობის ინდექსი გამოაკლდა. საქართველოს მომსახურებით ვაჭრობის ღიაობა 2018 წლის მონაცემებით 88.5 ქულით შეფასდა. საერთო ჯამში, სასაქონლო ბაზრის კომპონენტის 2019 წლის შეფასება წინა წელთან შედარებით 2.6 ქულით გაუარესდა.
შრომის ბაზრის კომპონენტში, ქვეკომპონენტი ბაზრის შიდა მობილურობა აღარ ეხება ისეთ პატარა სახელმწიფოებს, როგორებიცაა ბაჰრეინი, ბრუნეი, ჰონგ-კონგის რეგიონი, ქუვეითი, მალტა, კატარი და სინგაპური.
ცხრილი 1: საქართველოს პოზიცია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგში 2009 -2019 წლებში
პოზიცია |
90 |
93 |
88 |
77 |
72 |
69 |
66 |
59 |
67 |
66 |
74 |
ქვეყნების რაოდენობა |
132 |
131 |
139 |
140 |
139 |
147 |
140 |
138 |
137 |
140 |
141 |
წელი/ანგარიში |
2009-2010 |
2010-2011 |
2011-2012 |
2012-2013 |
2013-2014 |
2014-2015 |
2015-2016 |
2016-2017 |
2017-2018 |
2018 |
2019 |
წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2009 -2019 წლების ანგარიშები
ცხრილში წარმოდგენილია საქართველოს პოზიცია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგში 2009-დან 2019 წლამდე. როგორც ჩანს, 2009 წლის შემდეგ, საქართველოს რეიტინგში საუკეთესო პოზიცია 2016-2017 წლის ანგარიში ჰქონდა.