მაია ცქიტიშვილი: გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მაია ცქიტიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება
ანალიზი:
პარტია „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის 8-წლიანი მუშაობა შეაფასა და განაცხადა: „2012 წელთან შედარებით, გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი“. ვიდეო (22 წთ)
2012 წელს ინტერნეტით უზრუნველყოფილი 483 300 აბონენტი იყო, 2019 წელს მათი რაოდენობა 919 905-ია, რაც 2012 წლის მონაცემს 1.9-ჯერ აღემატება. შესაბამისად, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი, როგორც მინისტრი ამბობს, თითქმის გაორმაგებულია. თუმცა, მაია ცქიტიშვილი აღნიშნულს „ქართული ოცნების“ მიღწევად წარმოაჩენს, მაშინ, როდესაც 2020 წლის იანვრის მონაცემით (იხილე: idfi კვლევა) , საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ აბონენტების 80%-ს ორი მსხვილი პროვაიდერი ემსახურება, მაგთიკომი (446 378) და სილქნეტი (287 346 აბონენტი). იმავ დროის მონაცემებით, მობილურ ინტერნეტს 3 189 300 მომხმარებელი იყენებს. ეს ბაზარიც ერთფეროვანია და მასში მხოლოდ სამი პროვაიდერი ფიგურირებს: მაგთიკომი, სილქნეტი (ყოფილი ჯეოსელი) და ვიონი საქართველო (ე.წ. ბილაინი). ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს წილი ინტერნეტიზაციის მაჩვენებლის გაორმაგებაში, ნულოვანია.
„ქართული ოცნების“ ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისთვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი ინტერნეტს მიიღებდა. ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა. თავდაპირველი ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნდა ყოფილიყო, ახლა ირკვევა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 19 ოქტომბერს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. მიუხედავად აღნიშნულისა, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის დაპირება ვერ შეასრულა. მთავრობას საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოთხი წლს განმავლობაში არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია და არჩევნებამდე მხოლოდ თორმეტი დღით ადრე ავრცელებს ინფორმაციას ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
დაწვრილებით იხილეთ: სტატია.