კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც ვიცით, 1 მარტიდან სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლების პროცესი შეჩერდა. შესაბამისად, დღის წესრიგში, სკოლების და უნივესიტეტების დისტანციურ (ონლაინ) სწავლებაზე გადასვლა დადგა. ახალმა გამოწვევამ, საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის მიმდინარეობა, განსაკუთრებით აქტუალური გახადა.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარება იყო, რომლის ფარგლებშიც პარტია მოსახლეობას სრულ ინტერნეტიზაციას ჰპირდებოდა. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისათვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი ინტერნეტს მიიღებდა. ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა. მოსახლეობის სრულ ინტერნეტიზაციაზეა საუბარი 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამაშიც.

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა.

„ოუფენ ნეტის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ოპერირება, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კერძო სექტორისთვის ხელშეწყობა (ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი) იყო.

ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, დაფინანსების წყარო კი - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

სახელმწიფო პროგრამა ორი ეტაპისგან - ფინანსური ხელშეწყობის და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტისგან შედგება. სამიზნე გეოგრაფიული არეალი თეთრი ზონის (იმ დასახლებული პუნქტების ერთობლიობა, რომელთა კოორდინატიდან 2 კმ რადიუსში არ არის ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ოპტიკური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტად დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ მაგისტრალებთან) იმ დასახლებული პუნქტებით განისაზღვრება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და ოპერატორების მიერ პროგრამის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი საქართველოს ათი რეგიონის 500-მდე სოფლისთვის უნდა გამხდარიყო.

პროგრამის მიხედვით, „ოუფენ ნეტს“ მაგისტრალურ ქსელები უნდა აეშენებინა და შესაბამისი კონკურსის შედეგად ოპერაციულ მართვაში კერძო კომპანიებისთვის გადაეცა. აღნიშნული ქსელის ქირავნობა ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მოხდებოდა. სააბონენტო გადასახადი კი ადგილობრივი ინტერნეტპროვაიდერის პრეროგატივა იქნებოდა.

2016 წლის სექტემბერში პროგრამის პირველი ეტაპის დაწყება დაანონსდა. იმავე პერიოდში „ოუფენ ნეტის“ დირექტორ ნინო ქუბინიძეს და საბანკო სექტორის და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ განემარტათ, თუ რა ფორმით შეიძლებოდა თანამშრომლობა ბანკებსა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის.

2018 წლის 10 მაისს „ოუფენ ნეტმა“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, სოციალურ ქსელში სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, პასიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებებით იყო დაგეგმილი.

2017 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ოუფენ ნეტს“ გამარტივებული შესყიდვის წარმოების უფლება მისცა. შესყიდვის ღირებულება 20 მილიონი ლარი იყო. შეთანხმების საფუძველზე ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების (კატეგორია 452 00000) და საინჟინრო მომსახურების (713 00000) შესასყიდად უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში „ოუფენ ნეტის“ მიერ გამოცხადებული აღნიშნული შინაარსის ტენდერი არ იძებნება.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა (იხ: სტატია 1, სტატია 2 ) მაშინ ჩვენ კომპანია „ოუფენ ნეტთან“ დაკავშირებას წერილობით და სატელეფონო კომუნიკაციითაც შევეცადეთ. სამწუხაროდ, ვერც ელექტრონულ წერილზე და ვერც სატელეფონო ზარებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პროგრამის მიმდინარეობაზე პასუხი ვერც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მივიღეთ. თუმცა, მოგვიანებით, სამინისტროს მიერ გავრცელებულმა არაერთმა ოფიციალურმა განცხადებამ ცხადყო, რომ პროექტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ის თითქმის არ მიმდინარეობდა.

2019 წლის ოქტომბერში მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შეფერხება კერძო სექტორის გარკვეულმა კრიტიკამ გამოიწვია, შესაბამისად, პროექტის იმგვარი განახლება მიმდინარეობს, რომ კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შევიდეს. კითხვაზე, ფონდი „ქართუ“ პროექტის დაფინანსებას გააგრძელებს თუ არა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ფონდი ყოველთვის მზადაა, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია.

მოგვიანებით, მიმდინარე წლის იანვარში, ეკონომიკის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს არა ფონდი „ქართუ“, არამედ, მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელებდა. რამდენიმე დღის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მისი მიმდინარეობა კვლავ შეფერხდა. მინისტრის ინფორმაციით, პროექტის პირველი საპილოტე ფაზის დასაწყებად ყველაფერი მზად იყო, მსოფლიო ბანკთან დაფინანსებაზეც მოლაპარაკება დასრულებული იყო. „ახლა, როგორც კი ობიექტური შესაძლებლობა იქნება, პროექტი განახლდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

2019 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 79.3%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა. ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 86.1%-ია, სოფლებში კი - 69.9%. ბოლო წლებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების სტატისტიკა კი, შემდეგნაირია:

ცხრილი 1: ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი (%)

წელი

2016 ივნისი

2017 ივნისი

2018 ივლისი

2019 ივლისი

საქართველო

70.1

70.7

75.8

79.3

ქალაქი

79.7

81.8

84.2

86.1

სოფელი

57.4

56.2

64.8

69.9

კახეთი

55.9

53.2

63

65.3

თბილისი

84.8

84.6

87.5

88.4

შიდა ქართლი

58.2

60.2

70

74.9

აჭარის ა.რ

75.7

85.3

87.3

89.8

სამეგრელო-ზემო სვანეთი

64.1

62.2

72.8

74

იმერეთი

60.9

61.8

68

73

დანარჩენი რეგიონები

63.7

66.2

69.1

76.4

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

*შენიშვნა: 2016-2018 წლებში მოიცავს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონსაც

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ პროექტი თითქმის ჩავარდა. როგორც აღვნიშნეთ, პროექტის დაწყება 2016 წელს დაანონსდა. მას შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა და, როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, პროექტი საწყის ეტაპზეც კი არ არის (თუ არ ჩავთვლით სტრუქტურის შექმნას და პირველად კვლევებს, რომელიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა). თავდაპირველი ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნდა ყოფილიყო, ახლა ირკვევა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ყოველივე ზემოთქმული იმის განცხადების საფუძველს იძლევა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით, ვერ შესრულდება.

თეგები: