იტვირთება

დეზინფორმაცია: COVID -19-ის პანდემია სეზონური გრიპის ვირუსზე ნაკლებად სახიფათოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ლალი მოროშკინამ არაერთი ყალბი ამბავი გაავრცელა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა. ამჯერად კი, Facebook-ზე ლალი მოროშკინა COVID-19-ის პანდემიას კიდევ ერთ პოსტს უძღვნის, სადაც ის საზოგადოებას პანდემიასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარ ანალიზს სთავაზობს:

იხ. ლალი მოროშკინას Facebook-პოსტი:

Facebook-პოსტში ლალი მოროშკინა დაუსაბუთებელ მტკიცებებზე დაყრდნობით მორიგ შეთქმულების თეორიას ავითარებს. აღნიშნული შეთქმულების თეორიის მიხედვით, ახალი კორონავირუსის პანდემია, რომლის განმავლობაშიც, მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 მილიონზე მეტი დაიღუპა, „სპექტაკლია“ და მას „მედია და ექიმების ჯგუფი ამყარებდა“. Facebook-პოსტში ლალი მოროშკინა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებას იშველიებს, რომელშიც კორონავირუსი სეზონურ გრიპთან არის შედარებული. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ეს განცხადება, რომელიც Facebook-სა და Twitter-ზე გავრცელდა, Twitter-მა შეცდომაში შემყვანად და პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის ტვიტი დამალა, ხოლო Facebook-მა აღნიშნული განცხადების შემცველი პოსტი, იმავე მიზეზით, პლატფორმიდან წაშალა. ლალი მოროშკინას Facebook-პოსტში განვითარებული შეთქმულების თეორიით კი, იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა კორონავირუსი სეზონურ გრიპს შეადარა, რითიც მოროშკინას მიხედვით, „კოვიდ სპექტაკლი“ გამოააშკარავა, ის სწორი მიმართულებით მებრძოლ პოლიტიკოსად უნდა მივიჩნიოთ:

„...ტრამპის განცხადებამ, რომ მან კოვიდი სულ რამოდენიმე დღეში დაამარცხა - ეს უბრალოდ, სეზონური გრიპია და ახლა ის 20 წლით გაახალგაზრდავდა - საბოლოოდ დაალაგა არეული ფაზლი. დონალდ ტრამპმა გაილაშქრა გლობალისტების და ფედერალური ბანკის მიმტაცებლების წინააღმდეგ, ჩინეთის უახლესი ტექნოლოგიების და ბიო-ქიმიური ლაბორატორიების, ასევე ჯანმოს თავკაცის აღვირახსნილი ქმედებების და ჰოლივუდის პედოფილიური მისწრაფებების წინააღმდეგ, თითქოს "სად ერეკლე სად ყურებიანი ქუდი"...არადა რა ნათელი, უპს...ბნელი კავშირია...დაფინანსება შეწყვეტილმა ჯანმომ ახალი პატრონი იპოვა - რუსეთი“.

მოროშკინა საკუთარ Facebook-პოსტში მსჯელობას იმის მტკიცებით აგრძელებს, რომ „კოვიდი უბრალოდ სპექტაკლია“, რომელსაც, რეალური საფრთხე, ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია, მოჰყვება. ლალი მოროშკინა ვაქცინაციას კაცობრიობის გადაშენებას უკავშირებს, რის გამოც ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე აქტორებს - ჩინეთს, პუტინსა და ბილ გეითსს აკრიტიკებს:

„მთავარი და ნამდვილი საშიშროება წინაა და ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ამოცანაა დროულად შეაჩეროს ადამიანების გადაშენება - ვაქცინაციით შეპყრობილი ჩინეთი, პირადად პუტინი და გეითსი (ასევე გაიშიფრა პუტინის გლობალისტებთან ალიანსი).“

ლალი მოროშკინა გამოსავალს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაში ხედავს. მოროშკინას აზრით, ტრამპი გამარჯვების შემდეგ პანდემიის კონტექსტში „დამნაშავე“ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს:

„ვფიქრობ 3 ნოემბრის აშშ არჩვენებს მცირე რყევები მოყვება, მაგრამ ამერიკელი ხალხი კარგად არჩევს შავს და თეთრს და ყველა შეიარაღებულია საკუთარი სიმართლის დასაცავად. შემდეგ ტრამპი დაიწყებს სადამსჯელო ოპერაციას: 1. კოვიდთავკაცები 2. ბაიდენის ანკლავი 3. თითქმის სრულად აჟიოტაჟის ამწევი მედია 4. ექიმთა ჯგუფი 5. ქვეყნები, რომლებმაც ჯანმოს კვერი დაუკრეს 6. თავად ჯანმოს ორგანიზაციას, ლიკვიდაცია ან სრული რეორგანიზაცია ემუქრება“.

ლალი მოროშკინა საზოგადოებას „აპოკალიფსის ბაიდენური სცენარის“ გაცნობას საკუთარი ტრილოგიის დასკვნით ნაწილში ჰპირდება, რომლის სახელწოდებაც, Facebook-პოსტის მიხედვით, „საუკუნის აფიორა“ იქნება.

ლალი მოროშკინას Facebook-პოსტი ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა მედიის მიერ აქტიურად გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5)

ხაზგასასმელია, რომ ლალი მოროშკინას Facebook-პოსტში მოყვანილი მტკიცებები ფაქტებს არ ეფუძნება და მას პანდემიის პერიოდში საზოგადოება, COVID-19-ისგან მომდინარე საფრთხისა და ვაქცინების დანიშნულების შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, შეცდომაში შეჰყავს, რაც საქართველოში ეპიდსიტუაციის გართულების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საყურადღებოა.

რით განსხვავდება COVID-19 სეზონური გრიპისგან?

COVID-19 უფრო გადამდებია, ვიდრე სეზონური გრიპი. კორონავირუსის ეს შტამი 2-2.5 ადამიანს აინფიცირებს, გრიპი კი - 1.3-ს. COVID-19 უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება.

COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია, სეზონური გრიპის გარდაცვალების მაჩვენებელი კი დაახლოებით 0.1%-ია. თუმცა, ამ ეტაპზე, კორონავირუსის პანდემია აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად COVID-19-ის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა რთულია და ეს პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტი არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვნად მაღალია, (შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც), ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობის შემთხვევაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, გრიპთან დაკავშირებული მიზეზებით, 290 000-650 000 ადამიანი იღუპება. COVID-19-ით კი, უკვე მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ისთვის დამახასიათებელია, ყნოსვის და გემოს დაკარგვა. საინკუბაციო პერიოდიც განსხვავებულია, გრიპის დროს სიმპტომები 1-დან 4 დღემდე ვლინდება, COVID-19-ის შემთხვევაში, სიმპტომების გამოვლენას 2-დან 14 დღემდე სჭირდება. ამასთან, ახალ კორონავირუსს შეიძლება, უფრო მძიმე გართულებები მოჰყვეს, ვიდრე გრიპს. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო უფრო ხანგრძლივია. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, კრიტიკულ შემთხვევაში კი, რამდენიმე თვეც.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტი ჯერჯერობით არ არსებობს [1], რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის და გარდაცვალების მაჩვენებელზეც შესაბამის გავლენას ახდენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსოფლიოში 100-ზე მეტი ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს, მათგან 30-ზე მეტს უკვე ადამიანებზე ცდიან. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია სავარაუდოდ, 2021 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.

რა დანიშნულება აქვს ვაქცინას და ემუქრება, თუ -არა , საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას აცრის შემთხვევაში?

ვაქცინა პრეპარატია, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების აქტიური იმუნიზაციისათვის დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით გამოიყენება. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის პროცესს კი ვაქცინაცია ეწოდება და ის მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან იცავს. ვაქცინა ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის მომზადებას ინფექციებთან საბრძოლველად, ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმის (ბაქტერია ან ვირუსი) არააქტიური ფორმის შეყვანით. ვინაიდან მიკროორგანიზმი დეაქტივირებულია, იგი ვერ გამოიწვევს დაავადებას. თუმცა, ის იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. შემდგომში, თუ ეს მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, იმუნური სისტემა უკვე მზად არის მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაქცინებმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე იქონია. ამის ერთ-ერთი მაგალითი, 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმართული მრავალწლიანი კამპანიის შედეგად, ინფექციური დაავადების, ყვავილის დამარცხებაა. დანიშნულების მხრივ კი, რასაკვირველია, არც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა განსხვავდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიზანს, რომელიც ტესტირების მკაცრი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება, არა ადამიანების დაავადება, არამედ ვირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის იმუნიტეტის შექმნა წარმოადგენს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე).

[1] აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს. რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა და ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. თუმცა, მეცნიერების დიდი ნაწილი რუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევს. რუსული ვაქცინა კლინიკური კვლევების უხეში დარღვევით, მესამე ფაზის გამოტოვებით, დამტკიცდა. მესამე ფაზა არის ფართომასშტაბიანი კვლევა. ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ამ ფაზაში დასტურდება.


მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი