იტვირთება

ჯაბა ფუტკარაძე: 2020 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52 მლნ დოლარს აღწევს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ითაა გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე


რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში, ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), წინასწარი მონაცემებით, 237 მილიონ 784 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 51 873 200 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, რეგიონში 38 527 900 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აჭარაში 34.64%-ით მეტი FDI შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის მეორე კვარტალში.
აღსანიშნავია, რომ 34.6%-იანი ზრდა 2020 წლის II კვარტლის 2019 წლის II კვარტალთან შედარებისას ფიქსირდება. 6 თვის ჯამური მონაცემების შედარების შემთხვევაში ზრდა გასულ წელთან მიმართებით მხოლოდ 15%-ია. ამავდროულად 2019 წელი იყო ყველაზე დაბალი ნიშნული ბოლო წლების განმავლობაში და ზრდაც არსებითად შემცირებულ პერიოდთან მიმართებით ფიქსირდება. 2020 წლის 6 თვის FDI შესაბამისად 6 და 40 მლნ-ით ჩამორჩება 2018 და 2017 წლების მაჩვენებლებს. აღნიშნულ საკითხზე განცხადების ავტორს ყურადღება არ გაუმახვილებია და რიცხვები კონტექსტის გარეშე დაასახელა, რითაც ზოგადი სურათი არასრულად იქნა წარმოჩენილი.
შესაბამისად, პოლიტიკოსი უშუალოდ რიცხვებს ბუკვალურად სწორად ასახელებს, თუმცა მთლიანი სურათიდან იღებს მხოლოდ კონკრეტულ მონაცემს (მეორე კვარტალი მეორე კვარტალთან და არა 6 თვის მონაცემი 6 თვის მონაცემთან), რითიც ამ მიმართულებით არსებულ ზოგად ტენდენციას ყურადღების მიღმა ტოვებს და არასრულფასოვნად წარმოაჩენს.

ანალიზი:
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: „2020 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52 მლნ დოლარს აღწევს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ითაა გაზრდილი. გამოირჩევა განსაკუთრებით, სამშენებლო და ენერგეტიკის სექტორი. რაც შეეხება უშუალოდ პუი-ს კომპონენტებს, გაზრდილია სააქციო კაპიტალის დაფინანსება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პირდაპირ უცხოეთიდან ხდება კომპანიის კაპიტალში თანხების ჩასხმა და მობილიზება. აგრეთვე, საკმაოდ მაღალია რეინვესტირების მაჩვენებელი. გარდა ტრადიციული ქვეყნებისა, ინვესტიციების 35% ისეთ ქვეყნებზე მოდის, როგორიცაა ნიდერლანდები, ავსტრია და შვეიცარია.“

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრმა“ მონაცემები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. თუ შარშან, მეორე კვარტალში, FDI-ს ჯამური მაჩვენებელი 38 527 900 აშშ დოლარი იყო, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 51 873 200 აშშ დოლარს ანუ 34.64%-ით მეტს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი პირველი კვარტლის FDI-ს მოცულობა შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩება, თუმცა ამის ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიაა, რომელმაც ეკონომიკური პროცესების შეფერხება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, შემცირდა სააქციო კაპიტალი და თუ ეს კომპონენტი 2019 წლის მეოთხე კვარტალში 57 219 700 აშშ დოლარი იყო, წელს, პირველ კვარტალში, მხოლოდ 75 900 აშშ დოლარს შეადგენდა. მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემით კი სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და 46 515 400 აშშ დოლარს აღწევს, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 38 917 500 აშშ დოლარით ( 512,21%), ხოლო 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემს 46 439 500 აშშ დოლარით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია რეინვესტიციის კომპონენტი. 2019 წლის მეორე კვარტალში რეინვესტირების მაჩვენებელი მინუსებში წავიდა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციის მთლიან მოცულობას 1 797 300 აშშ დოლარი მოაკლდა. 2020 წლის მეორე კვარტალში კი, წინასწარი მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობა 3 396 200 ლარს შეადგენს, რაც, შესადარებელ მაჩვენებელთან მიმართებით, 288,96%-ით მეტია. თუმცა გასული წლის მესამე და მეოთხე კვარტლების მაჩვენებლებს მკვეთრად ჩამორჩება.

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2019 წლისა და 2020 წლის I-II კვარტლების მიხედვით, აშშ დოლარი



წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, დანართი 1

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში FDI-ის მთლიანი მოცულობის ყველაზე დიდი წილი მშენებლობის სექტორზე მოდის. ასევე შედარებით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკასა და დამამუშავებელ მრეწველობაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკის სექტორში შარშან, პირველ, მეორე და მეოთხე კვარტლებში უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში. ასევე გაცილებით მაღალია 2019 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლები ისეთ დარგებში, როგორიცაა კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება. თუმცა 2020 წლის პირველ კვარტალში, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით, შედარებით მეტი პუი განხორციელდა 2019 წლის მეოთხე და 2020 წლის პირველ კვარტლებში.

გრაფიკი 1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით, 2019 წელი და 2020 წლის I-II კვარტალი, აშშ დოლარი



წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, დანართი 1

როგორც გრაფიკიდან ჩანს, შარშან, მეოთხე კვარტალში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა თითქმის იმ მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რამდენიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჯამურად.

რაც შეეხება FID-ის გადანაწილებას ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, საერთო მაჩვენებელში, გაზრდილია ნიდერლანდების, ავსტრიისა და შვეიცარიის წილი და 35,4%-ს შეადგენს.

ცხრილი 2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, 2019 წელი და 2020 წლის I-II კვარტალი, აშშ დოლარი

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, დანართი 1

რაც შეეხება იტალიას, საფრანგეთს, სირიას, ირლანდიას, იორდანიას, კანადას, ირანს, პოლონეთს, გერმანიას, საბერძნეთს, ჩინეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ისრაელს, მათ პუი-ს წილი, გასულ პერიოდებთან შედარებით, შეამცირეს. შემცირდა, ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო ბელგიიდან, უნგრეთიდან, მალტიდან და ესპანეთიდან, მიმდინარე წლის პირველ-მეორე და გასული წლის მეოთხე კვარტლების მიხედვით, პუი არ შემოსულა.

აქვე უნდა ითქვას, რომ აჭარაში 2017 წლის 6 თვეში პუის ჯამური მაჩვენებელი 113 მლნ 168 ათასი აშშ დოლარი იყო, 2018 წლის ანალოგიურმა მაჩვენებელმა კი 79 მლნ 236 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.2017 წელთან შედარებით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელიც და 63 მლნ 666 ათას დოლარს უტოლდება. სწორედ ამ არსებითად შემცირებულ მაჩვენებელთან მიმართებაში დაფიქსირდა ზრდა 2020 წლის პირველ ნახევარში. რაც თავისთავად დადებითი ფაქტია, თუმცა კონტექსტის გარეშე განხილვის შემთხვევაში არასწორი წარმოდგენების შექმნას განაპირობებს.

გრაფიკი 2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017-2020 წლების 6-თვიან პერიოდში, მლნ აშშ დოლარი



წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, აჭარის რეგიონში პუი-ს მაჩვენებელი 2017 წლის მოცემულობას ვერც ერთ მომდევნო წელს ვერ მიუახლოვდა.

იმის შესახებ, რომ რეგიონში პუი შემცირდა, ჯაბა ფუტკარაძე გასული წლის ოქტომბერში თვითონაც აცხადებდა, თუმცა ამას უცხოური ინვესტიციების საქართველოს მოქალაქეების ინვესტიციებით ჩანაცვლებას უკავშირებდა. „ფაქტ-მეტრმა“ მინისტრის ეს განცხადებაც გადაამოწმა.

ჩვენ გვსურდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემები ინვესტორების მიხედვით მოგვეწოდებინა, თუმცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განგვიმარტა, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური და საქსტატი მას არ ასაჯაროებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3288 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი