ნათია თურნავა:დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
რეზიუმე:
ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს ხელახლა აშენდა. 2012 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ოფიციალური ფრენა, კიევის მიმართულებით, „Wizz Air“- მა შეასრულა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2016 წელს ავიაკომპანია „Wizz Air“-მა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში პირველი ბაზა გახსნა. 2019 წლის ნოემბრიდან, ქართულ საავიაციო ბაზარზე ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair” შემოვიდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო ოპერირება.
შესაბამისად, მტკიცება, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისის აეროპორტი სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გაიხსნა. ამასთან, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „Wizz Air“-მა საქართველოში ოპერირება, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წლიდან დაიწყო. თუმცა, ამ მიმართულებით მმართველი გუნდის პირობებში პროგრესიც აშკარაა.
ანალიზი
1 სექტემბრიდან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Wizz Air“ საქართველოდან ფრენებს, რიგის მიმართულებით აღადგენს, ნოემბრის დასაწყისიდან კი ფრენებს ასევე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Raynair“-იც, განახორციელებს. ამ თემაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა: „დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს სწორედ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ „Wizz Air“ შემოსულიყო, შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები. 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი, „Raynair“ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ“.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 6 თვეა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიების - „Wizz Air“-სა და “Ryanair”-ს საქართველოს მთავრობა ფრენების ნებართვას არ აძლევს. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ, რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. მთავრობამ რეგულარული ფრენების ეტაპობრივი აღდგენა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პირველ ივლისს დააანონსა, თუმცა არაერთხელ გადაავადა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები მხოლოდ სამი მიმართულებით (პარიზის, მიუნხენის და რიგის) სრულდება.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ოპერირებს. 2016 წელს კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია „Wizz Air“-ის პირველი ბაზა გაიხსნა. 2018 წელს, გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობით, „Wizz Air“ საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი გახდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, თავიდან აშენება, წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა. მისი აშენების იდეა, თავიდანვე სწორედ დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა იყო. მეტიც, იმდროინდელი მთავრობა ქუთაისის აეროპორტს რეგიონის საჰაერო სატრანსპორტო ჰაბად მოიაზრებდა. 2012 წლის 27 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ოფიციალური ფრენა კიევის მიმართულებით „Wizz Air“-მა შეასრულა.
ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “Ryanair” ქართულ საავიაციო ბაზარზე 2019 წლის ნოემბრიდან შემოვიდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება დაიწყო.