რომან გოცირიძე: ყოფილი პრემიერი [გიორგი კვირიკაშვილი] ქუთაისში გამოსვლისას აცხადებდა, რომ 2020 წელს ჩვენ დავამთავრებთ რიკოთსო და ოთხი წლის განმავლობაში 800 კმ რკინაბეტონის გზას გავიყვანთო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ოთხ წელიწადში 800 კმ გზა უნდა აშენებულიყო. სამი წლის მონაცემებით, 274.7 კილომეტრი ახალი გზაა აშენებული. დაპირების შესასრულებლად მიმდინარე წელს 525 კილომეტრი ახალი გზა უნდა აშენდეს, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება მაგისტრალის მშენებლობას, დაპირების მიხედვით ოთხ წელიწადში 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა. დღეის მონაცემით საანგარიშო პერიოდში 125 კილომეტრი მაგისტრალი აშენდა და წლის ბოლომდე 24 კილომეტრი გზის მშენებლობის დასრულება არის დაგეგმილი. ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას (მათ შორის რიკოთის გზის მონაკვეთების) ეხება. აღნიშნული დაპირებაც ვერ შესრულდა და ავტობანის მშენებლობის დასრულების თარიღმა ოფიციალურად 2022 წლის ბოლომდე გადაიწია.

ირაკლი კობახიძე:ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ოცნებაზე 2.5-ჯერ ნაკლები გზა დააგო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, მოძრაობა 266.15 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე გაიხსნა, 2013 წლიდან დღემდე კი - 198 კილომეტრზე. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მართლაც 3-ჯერ მეტი გზა დააგო, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა (42.3 კმ) 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც შეიცვალა და 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

ანალიზი:

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გზების მშენებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა: „გამოვიდა მაშინდელი პრემიერი და თქვა, 2020-ში ჩვენ დავამთავრებთ რიკოთსო. ავაშენებთ 50 ხიდსო, 49 გვირაბსო, 55 კმ გზასო. 800 კმ-ს გავიყვანთ რკინაბეტონის გზასო, ამ ოთხ წელიწადშიო, როდესაც წელიწადში სულ 28 კმ შენდება. რიკოთი საერთოდ ახლა დაიწყეს“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ - საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა იყო. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა.

სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა იყო. ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა (2.7 ინფრასტრუქტურის განვითარება, გვ.23).

ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა 2020 წლამდე დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა: „მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება. დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 სახიდე გადასასვლელი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში სულ 274.7 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, აქედან - 88 კმ ავტობანი. რეაბილიტაცია 1226 კმ გზას და 52 ხიდს ჩაუტარდა. აშენდა 25 ახალი ხიდი, მათ შორის - ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში - ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია (მანამდე, ყველაზე გრძელი ხიდი ქალაქ გორთან მდინარე ლიახვზე არსებული პარალელური ხიდები იყო, რომელთა სიგრძე 880 მეტრია). ასევე, დარიალის ხეობაში 1.7 კილომეტრი სიგრძის გვირაბი აშენდა.

მიმდინარე წელს დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობა 46 კილომეტრ გზაზე უკვე დასრულდა (ხაშურის შემოვლითი გზა -13 კმ, ქუთაისი შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, სამტრედია გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი). წლის ბოლომდე სამუშაოების დასრულება დამატებით 24 კილომეტრი სიგრძის გზაზე იგეგმება. გზის მშენებლობა კი ავტობანის 110 კილომეტრზე მიმდინარეობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ოთხ წელიწადში 800 კმ გზა უნდა აშენებულიყო. სამი წლის მონაცემებით, 275 კილომეტრი ახალი გზაა აშენებული, რაც იმას ნიშნავს რომ მიდინარე წელს 525 კილომეტრი ახალი გზა უნდა აშენდეს, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება მაგისტრალის მშენებლობას, დაპირების მიხედვით ოთხ წელიწადში 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა. დღეის მონაცემით, საანგარიშო პერიოდში, 125 კილომეტრი მაგისტრალია აშენებული და წლის ბოლომდე 24 კილომეტრი გზის მშენებლობის დასრულება არის დაგეგმილი.

ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას (მათ შორის რიკოთის გზის მონაკვეთების) ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2022 წლის ბოლო და არა 2020 წელი, როგორც დაპირებაშია აღნიშნული.

დასახელებული დაპირების შესრულების შეუძლებლობას ამყარებს შემდეგი მონაცემიც: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა 266 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. შესაბამისად წელიწადში საშუალოდ (2006 წელს არ ვთვლით, რადგან ამ წელს ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა) 19 კილომეტრი ავტობანი შენდებოდა. ამ ტემპით, 416 კილომეტრი ავტობანის მშენებლობას 20 წელზე მეტი დასჭირდება. თუ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ავტობანზე დაგებული გზის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ავიღებთ (ქართული ოცნების პერიოდში 198 კმ გზა დაიგო), წელიწადში საშუალოდ 24.8 კილომეტრი გამოვა. თუ ხელისუფლება მშენებლობის საკუთარ ტემპს შეინარჩუნებს, 416 კილომეტრი ავტობანის აშენებას თითქმის 17 წელი დასჭირდება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეაფასა, იმ პერიოდში დაგებულ გზების რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებაზე 2.5-ჯერ ნაკლები გზა დააგო“. რადგან ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლება ძირითადად ყოველთვის დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე დაგებულ გზის რაოდენობაზე აპელირებს, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეც ავტობანზე დაგებულ გზას გულისხმობს.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც 3-ჯერ ნაკლები გზა დაიგო. 2007-2012 წლებში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წელიწადში, საშუალოდ, 11.3 კმ სიგრძის გზა იხსნებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, წელიწადში, საშუალოდ, 24.8 კმ სიგრძის გზა იხსნება.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2018 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. კონკრეტულად, სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექვსი წლის მანძილზე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხილე: სტატია). შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

თეგები:

პერსონები