რეზიუმე
„საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებაში სანდოა, ხოლო დასავლეთი - პირიქით. ამის დადასტურებას ავტორი იალტის ხელშეკრულების „დარღვევის“ მაგალითით შეეცადა, სადაც ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის მიერ სსრკ-ს წინააღმდეგ ომის გეგმის შედგენა ხელშეკრულების დარღვევა იყო. რეალურად ეს მხოლოდ გეგმა იყო, რომელიც არასდროს განხორციელებულა და შესაბამისად, შეთანხმება არ დარღვეულა. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პოლონეთის მოწყობასთან დაკავშირებით თავისი პირობა არ შეასრულა. ამას გარდა, შეგვიძლია, გავიხსენოთ მრავალი მაგალითი, როდესაც რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებები დაარღვია. ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილა თავად საქართველოს შემთხვევაშიც: 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება; დაგომისის ხელშეკრულება; 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის და 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულებები; 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება; გეორგიევსკის ტრაქტატი. ყველა მაგალითი მიუთითებს, რომ რუსეთი ხშირად არღვევს და არ ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს და მის ნდობაზე საუბარი მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანია.
ანალიზი
„საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია „შეიძლება ვენდოთ რუსეთს? ანუ კოაბიტირებული ბოკერიას საცოდავი ჯახირი“, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი ერთგულების დამტკიცების მცდელობას. სტატიის ავტორის არმაზ სანებლიძის მტკიცებით, გიგა ბოკერიას მოსახლეობას ატყუებს, რადგან რუსეთი სანდო სახელმწიფოს წარმოადგენს, დასავლური ქვეყნები (აშშ, დიდი ბრიტანეთი) კი - პირიქით, მოღალატეებს. ამ მოსაზრების დასაბუთებას კი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს დიდი ბრიტანეთის მიერ სსრკ-სთან ომის გეგმის შედგენის ფაქტის დასახელებით ცდილობს.
ავტორს თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მაგალითად მოჰყავს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს იალტის ხელშეკრულება. მისი მტკიცებით, ხელშეკრულება დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა დაარღვიეს, რადგან ჩერჩილის დავალებით დიდი ბრიტანეთის გენერალურ შტაბში შემუშავდა გეგმა სახელწოდებით - ოპერაცია „წარმოუდგენელი“ (Operation Unthinkable). აღნიშნული გეგმა მართლაც მომზადდა, რომელიც მოიცავდა გეგმას თუ როგორ დაიცავდა დიდი ბრიტანეთი თავს საბჭოთა კავშირის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. თუმცა გეგმის შედგენა ხელშეკრულების ჩაშლად ვერ ჩაითვლება, რადგან ის არ განხორციელებულა. მსგავსი სცენარებისა და შესაძლო საპასუხო ნაბიჯების განსაზღვრა სამხედრო სფეროში მიღებული პრაქტიკაა.
ამასთანავე, საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება არარეალურ სცენარს არც წარმოადგენდა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ მოკავშირეები მხოლოდ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იყვნენ, რომლის დამარცხებაც უკვე გარდაუვალი იყო. აშშ და დიდი ბრიტანეთი აცნობიერებდნენ, რომ საბჭოთა კავშირისა და სტალინის მიზანს მთელი ევროპისა და მსოფლიოს „გაწითლება“ წარმოადგენდა. ბრიტანეთის მიერ შემუშავებული გეგმა საბჭოთა კავშირის მხრიდან მსგავსი მიზნის განხორციელების თავიდან აცილებასა და შეწინააღმდეგებას მოიცავდა.
მოკავშირეებს შორის შეთანხმებები პრაქტიკაში მოსკოვმა დაარღვია. საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებს იკავებდა. მან დაარღვია პოლონეთთან დაკავშირებული შეთანხმება და პოლონეთის გერმანიისგან გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა კავშირის მომხრეები მოიყვანა ხელისუფლებაში, ხოლო მოწინააღმდეგეები დაიჭირა და შეავიწროვა. მოკავშირეების შეთანხმება კი პოლონეთში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა, რაც საბჭოთა კავშირმა არ გაითვალისწინა. აღნიშნული აჩვენებს, რომ სსრკ არ იყო სანდო მოკავშირე და ღალატობდა მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. პოლონეთის გარდა, საბჭოთა კონტროლი დამყარებული იყო რუმინეთზე, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკეთზე . აღნიშნული დარღვევები გახდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა ოპერაცია „წარმოუდგენელი“,
თუმცა ზემოთ აღნიშნული ისტორიული მაგალითების გარდა, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის, რუსეთის არასანდოობა და ხელშეკრულებების არ შესრულება, ნათლად ჩანს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. „საქართველო და მსოფლიოს“ მხრიდან კი რუსეთის გამართლება სხვა არაფერია თუ არა საქართველოს ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მცდელობა. გთავაზობთ, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დადებული შეთანხმებების დარღვევის მოკლე მიმოხილვას:
რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა
2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის შუამდგომლობით რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. რუსეთს შეთანხმება არც მისი ხელმოწერისას და არც მას შემდეგ არ შეუსრულებია. ჯერ კიდევ, 2008 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურადაა განხილული ის პუნქტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არღვევდა. რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. როგორც საქართველოს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, რუსეთის მხრიდან ირღვეოდა შემდეგი პირობები: ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერეხებას (პუნქტი 3) და ეუთოს დამკვირვებლებისთვის კონფლიქტის ზონის სამხრეთით განლაგებულ სოფლებში შესვლის ნებართვის არ მიცემას; რუსული საჯარისო ნაწილები არ დაბრუნებულა მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე და მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაშვებულ ფარგლებს (პუნქტი 5); რუსი სამშვიდობოები უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელების საბაბით უკანონოდ აგებდნენ მუდმივ საკონტროლო პუნქტებს (პუნქტი 5); რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი შეუშალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომავალში ჩასატარებელ განხილვებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების გზით.
ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის თავზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ წარმოადგინა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევები:
· შეთანხმების პირველი პუნქტი მოიცავს „ძალის გამოყენებაზე უარის თქმას“, ხოლო მეორე პუნქტი - „საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა“. დარღვევა: “რუს ოკუპანტებსა და მათ მარიონეტულ რეჟიმებს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ცხინვალის რეგიონში, საქართველო და აფხაზეთში, საქართველო საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე 30 ქართველი სამართალდამცავისა და 10 სამოქალაქო პირის დაღუპვისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა... რუსეთის შეიარაღებული ძალები და მისი მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული ფორმირებები განუწყვეტლივ მიმართავენ ძარცვას, მოროდიორობას, ადამიანთა გატაცებას, მკვლელობას, ორგანიზებულ შეიარაღებულ თავდასხმებს და ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო პირებისა და პოლიციელების წინააღმდეგ, უკანონოდ აკავებენ პირებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს და ჩადიან სხვა სახის დანაშაულებს. ევროპის საბჭოს, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისის (OCHA), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის (HCNM) მიერ ომის შემდგომ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ადგილზე არსებული საერთო მდგომარეობა უკიდურესად საშიშია;”
· შეთანხმების მესამე პუნქტი მოიცავს „ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფას“. დარღვევა: რუსეთი აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რაც ასევე წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს 1866-ე რეზოლუციის მე-4 პუნქტის დარღვევას, რომელიც „მოუწოდებს პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ხელშეწყობისკენ და ამ პროცესისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებისაკენ". ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამაც;“
· მეხუთე პუნქტი - „რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს“. დარღვევა: რუსეთმა არ დააბრუნა შეიარაღებული ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე და მიზანმიმართულად გაზარდა მათი მათი რაოდენობა, ასევე არ დატოვა ახალგორისა და ზემო აფხაზეთის რაიონები.
· მეექვსე პუნქტი - „საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.“ დარღვევა: „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმების სრული დარღვევით, რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიების საქმიანობას. 2008-2009 წლებში რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს მისიის გაგრძელებას და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ტექნიკურ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა UNOMIG-ის (გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში). მანდატის გაგრძელებას,“ რაც ვალდებულებების აშკარა დარღვევაა.
„ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არ უშვებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ EUMM-ს გააჩნია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის ჩათვლით, თავისი საქმიანობის განხორციელების მანდატი.“
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-6 პუნქტის დარღვევით, რუსეთის პრეზიდენტმა წინასწარვე გამორიცხა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ყველა სახის მოლაპარაკების გამართვის იდეა, ამ რეგიონების "დამოუკიდებლობის" ცალმხრივად აღიარების გზით.“
რუსეთის ფედერაცია არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს არც 2008 წლის აგვისტოს 5 წლისთავის დროს, არც 10 წლის თავზე და 2019 წელსაც კვლავ აგრძელებს მის უხეშ დარღვევას, მაშინ როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას. ამას აღნიშნავს როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ასევე დასტურდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნითა და საქართველოში მომხდარ კონფლიქტებთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშში.
1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმება
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში რუსეთის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ ხელშეკრულებას. ამის შემდეგ, 22 აგვისტოს დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალები უნდა განლაგებულიყო. ეს რუსი სამხედროების რეგიონში ყოფნის მშვიდობისმყოფელთა მანდატით ლეგალიზებას ნიშნავდა. თუმცა რუსეთი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არაკეთილსინდისიერად ასრულბდა - ნაცვლად მშვიდობისა და სტაბილური უზრუნველყოფისა, სამშვიდობო ფორმატით მინიჭებულ შესაძლებლობებს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ძალის განსამტკიცებლად იყენებდა. მეტიც, რუსეთი აფხაზეთში არსებულ ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებს იარაღს აწვდიდა. ასევე, რუსეთი არ ასრულებდა ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების ხელშეწყობას გულისხმობდა.
დაგომისის (სოჭის) შეთანხმების დარღვევა
1992 წლის 14 ივლისს დაგომისში, სოჭში, ედუარდ შევარდნაძესა და ბორის ელცინს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხს ეხებოდა. თუმცა შეთანხმება პირველად დაირღვა 1992 წლის აგვისტოში, როდესაც ექვსი ქართველი სამშვიდობო მოკლეს. მას შემდეგ შეთანხმება არაერთხელ დაირღვა, მაგალითად 2001 და 2004 წლებში. ასევე 1992-2008 წლის განმავლობაში რუსეთმა ოსური მხარის განიარაღების ნაცვლად, სეპარატისტებს იარაღი და საბრძოლო ტექნიკა მიაწოდა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შეთანხმების დარღვევაშიც ქართულ მხარესაც ადანაშაულებენ. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი პატივს არ სცემდა და არ ასრულებდა დაგომისის ხელშეკრულებას, რაც საბოლოოდ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის საქართველოზე თავდასხმასა და ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა.
1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის და 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულებები
1992 წელს აფხაზეთში მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, თუმცა რუსეთმა მოლაპარაკებებში მშვიდობისმყოფელის როლი მოირგო. 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში სამივე მხარე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე. შეთანხმება მხოლოდ საქართველომ შეასრულა. ხოლო აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის დახმარებით ძალები გადააჯგუფეს და 1 ოქტომბერს გაგრაზე შტურმი მიიტანეს. 2 ოქტომბერს გაგრის დაცემის შედეგად საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.
რუსეთის შუამავლობით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზ სეპარატისტებს შორის კიდევ ერთი დოკუმენტი გაფორმდა - 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება, რის შედეგადაც რუსეთის შუამავლობით უნდა შეწყვეტილიყო საომარი მოქმედებები. ხელშეკრულების თანახმად, ქართულ მხარეს საომარი ზონიდან უნდა გაეყვანა ჯარისკაცები და საბრძოლო ტექნიკა, რის შემდეგაც რუსეთიც შეასრულებდა თავის მოვალეობას, რაც აფხაზი სეპარატისტების შეიარაღების გაკონტროლებასა და ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას მოიცავდა. ამჯერადაც შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილი შესრულდა - ქართულმა მხარემ გაიყვანა თავისი დანაყოფები, ხოლო რუსეთმა ხელშეკრულება კვლავ დაარღვია. დაქირავებულმა მეომრებმა და მის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაუცველი სოხუმი, ოჩამჩირე და გალი აიღეს. სოხუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების ტყვედ აყვანილი წევრები დახვრიტეს. ამ ყველაფრის შედეგად სეპარატისტებმა მთელი აფხაზეთის რეგიონი დაიკავეს და დაახლოებით 300 ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი.
1992 წლის 3 სექტემბრისა და 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტები აღნიშნულია საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში. მის მეორე ტომში ვკითხულობთ:
· „ცეცხლის შეწყვეტა-შეჩერება 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით, დიდხანს არ გაგრძელებულა და, ოქტომბრის დასაწყისში, პროაფხაზურმა ძალებმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსეთის ფედერაციის სხვა ნაწილებიდან, დაიწყეს შეტევა ბზიფის გადმოღმა და დაიკავეს აფხაზეთის მთელი დასავლეთი ნაწილი, ქალაქ გაგრის ჩათვლით, საქართველო–რუსეთის საზღვრამდე, მდინარე ფსოუს გასწვრივ“.
· „მას შემდეგ, რაც ქართული მძიმე შეიარაღება გამოყვანილ იქნა კონფლიქტის ზონიდან სოჭის შეთანხმების თანახმად, პროაფხაზურმა ძალებმა დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 1993 წლის 16 სექტემბერს, დაიწყეს მასიური შეტევა სოხუმზე და ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ქართულ მხარეზე განლაგებულ რამდენიმე სხვა პოზიციაზე“.
რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ შეთანხმებების დარღვევა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ხდება. მსგავსი პრაქტიკა გასდევს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გასულ საუკუნეებშიც:
1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება
1920 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა, თუმცა წარუმატებლად. ამის შემდეგ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ლენინი ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მას ხელი მოაწერა გრიგოლ უროტაძემ, ხოლო რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკის მხრიდან ლევ კარახანმა (საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილე).
ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლით, რუსეთი უსიტყვოდ ცნობდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს. რუსეთი უარს აცხადებდა ყოველგვარი სახის პრეტენზიაზე ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიის მიმართ; უარს ამბობდა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაზე.
ხელშეკრულების IV მუხლის მიხედვით, რუსეთი საქართველოს შემადგენლობაში უსიტყვოდ ცნობდა ყოფილი იმპერიის თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში შემავალ მაზრებს; ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის ოლქებს. საქართველომ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის - საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტური ორგანიზაციებისთვის თავისუფალი არსებობისა და საქმიანობის დაშვების, მათი წევრების პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ.
ეს ხელშეკრულება რუსეთმა უხეშად დაარღვია 1921 წელს საქართველოში შემოჭრითა და საქართველოს ოკუპაცია-ანექსიით. ეს ფაქტი აღნიშნულია 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტშიც: „1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია“.
გეორგიევსკის ტრაქტატი
1783 წელს ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რითაც რუსეთი ქართლ-კახეთის ტერიტორიის დაცვას კისრულობდა. მან შეთანხმება დაარღვია და არ დაეხმარა საქართველოს 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის (კრწანისის ბრძოლა) დროს. ხოლო შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატის უხეში დარღვევით ალექსანდრე I-მა 1801 წელს გამოსცა ქართლ-კახეთის გაუქმების მანიფესტი და ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთა. რუსეთის მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევას მოკავშირეობის ნაწილში თავად „საქართველო და მსოფლიოც“ აღიარებს სხვა სტატიაში.
ბუდაპეშტის მემორანდუმი
1994 წელს უკრაინამ დათმო მისი ბირთვული არსენალი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან დარჩა და მსოფლიოში სიდიდით მესამე იყო. ამ დათმობაზე წასვლის სანაცვლოდ 1994 წელს აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოს, რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლითაც მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ პატივს სცემდნენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და არსებულ საზღვრებს; არ დაემუქრებოდნენ მას ძალის გამოყენებით და არ გამოიყენებდნენ მის წინააღმდეგ იარაღს; ასევე არ გამოიყენებდნენ უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს. რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმი უხეშად დაარღვია, როდესაც მოახდინა ყირიმის ანექსია და მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, სეპარატისტებს და დაეხმარა მათ შეიარაღებით და ა.შ. რითაც შელახა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
წყაროს შესახებ
„საქართველო და მსოფლიო“ აქამდეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბების გავრცელებაში. ასევე გაზეთი გამოირჩევა მკვეთრი პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც მის თითქმის ყველა სტატიაში იკითხება. ბოლო დროს მათ გაიმეორეს კრემლის ნარატივი და გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ.
კონკრეტულად ამ სტატიის ავტორი არის არმაზ სანებლიძე. იგი სხვადასხვა წლებში იყო გაზეთების - „ახალგაზრდა კომუნისტი“ და „საქართველოს რესპუბლიკა“ - რედაქტორი, მუშაობდა გაზეთებში - „მოლოდიუჟ გრუზიი“, „ასავალ-დასავალი“ და „საქართველო და მსოფლიო“. ასევე საბჭოთა პერიოდში იკავებდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის და მინისტრთა კაბინეტის საერთო და ინფორმაციის განყოფილებების გამგის თანამდებობებს. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშისა და ღირსების ორდენები.