28 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 132 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 5,974 - ინფიცირებული. ჩინეთის გარდა კორონავირუსი 16 ქვეყანაში დადასტურდა, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში და ა.შ. თუმცა ჩინეთის გარდა სხვა ქვეყანაში, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ჩინეთის ქალაქი უჰანი მიიჩნევა და სავარაუდოდ, ის ქალაქში არსებულ ერთ-ერთ ბაზარში არალეგალურად გაყიდული ცხოველისგან წარმოიშვა. ამ დროისათვის უჰანში უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული.

სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეულ ზომებს იღებენ და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიოსთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. აღნიშნული თემისადმი საზოგადოების ინტერესი ბუნებრივია, საქართველოშიც მაღალია. კორონავირუსი ასევე მცდარი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ თემად იქცა.

დეზინფორმაცია საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ

28 იანვარს ინფორმაცია გავრცელდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან 12 დღის წინ ჩამოსულ ქალს ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით მკურნალობა დაენიშნა და მას ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ზე დამახინჯებულად გავრცელდა: „გველის ვირუსი უკვე საქართველოშია – ახლახანს ჩინეთიდან ჩამოსული 22 წლის გოგონა საავდმყოფოში გველის ვირუსის ნიშნებით გადაიყვანეს“.

გავრცელებული ახალი ამბავი არასწორ ინფორმაციებს შეიცავს, რადგანაც 1) პაციენტი მკურნალობას სახლში აგრძელებს; 2) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არცერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.“

დეზინფორმაცია ქართველი ექიმების შესახებ

26 იანვარს სხვადასხვა ინტერნეტ-მედიაში („ალია“, ambavi.cc(1)) ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქართველი ექიმები აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმებაზე უარს აცხადებენ, რადგან მათ დაინფიცირების საწინააღმდეგო სპეციალური ფორმები და აპარატურა არ აქვთ. ამ მედიების თანახმად, ექიმები მგზავრების უშუალოდ აეროპორტში შემოწმების პროცედურასაც (ნაცვლად პირდაპირ თვითმფრინავში შემოწმებისა) არ ეთანხმებოდნენ. რუსული პროპაგანდის გავრცელებით ცნობილმა „ნიუს-ფრონტმაც“ ჯანდაცვის სამინისტროს მგზავრების შემოწმების პროცედურა დაუწუნა, გამოცემამ თბილისის აეროპორტში მგზავრების შემოწმება მოსკოვში თვითმფრინავში შემოწმებას შეადარა.

აღნიშნულ დეზინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მალევე გამოეხმაურა. მათი განცხადებით, არ დაფისირებულა შემთვევა, როდესაც სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა აეროპორტში მგზავრთა კორონავირუსზე შემოწმებაზე უარი თქვა ან გააპროტესტა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სასწრაფო დახმარების პერსონალს აცვია C დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) და ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს, რადგან საქართველო ნაკლებად საშიშ მწვანე ზონაში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) არის შეთანხმებული.

დეზინფორმაცია ჩინელი მგზავრების მიერ სიცხის დამწევი აბების მიღების შესახებ

„ნიუს-ფრონტმა“ და „Mynet.ge“-მ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ჩინელები აეროპორტში შემოწმებამდე სიცხის დამწევ მედიკამენტებს იღებდნენ, რათა შემოწმება გაევლოთ და კარანტინისგან თავი ამ გზით დაეღწიათ. თუმცა ეს მტკიცება რეალურ ფაქტებს მოკლებულია. ამ დროისათვის მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევაა ცნობილი (პარიზში).თუმცა ,ამ შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებული ჩინეთის მოქალაქე არ ყოფილა.

დეზინფორმაცია უკრაინაში გავრცელებული კორონავირუსის შესახებ

„ნიუს-ფრონტმა“ უკრაინაში კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინაში კორონავირუსი (2019-nCoV) არ დაფიქსირებულა.

აღნიშნულ სიახლეში „Mynet.ge“ მოსახლეობას მოუწოდებდა, ჩინეთიდან შემოსულ ამანათებს მორიდებოდნენ ან უდიდესი სიფრთხილით მოპყრობოდნენ . აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ , უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა, რადგან ისინი შესაძლოა, კორონავირუსით იყონ ინფიცირებულნი. მაგრამ, სხვა სახის ამანათების (მაგალითად: ტექნიკის) თავის არიდების არანაირი საფუძველი არ არსებობს. აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური მოსამსახურების დეპარტამენტის (U.S. Department of Health & Human Services) დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, კორონა ვირუსი თავდაპირველად ცხოველებისგან გავრცელდა, ხოლო შემდეგ ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტის, დაცემინების ან დახველების და ა.შ. საშუალებით გადავიდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა.

დეზინფორმაცია კორონავირუსის ბანანით გადადების შესახებ

სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად გავრცელდა გაფრთხილება, რომ კორონავირუსს ბანანში ვირუსის გასავრცელებლად სპეციალურად უშვებენ და ამიტომ ბანანს უნდა მოვერიდოთ და აღნიშნული ინფორმაცია მეგობრებსაც უნდა გავუზიაროთ. თუმცა ზემოთქმული სიმართლეს არ შეესაბამება, მისი დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და მსგავსი სიახლე არც ერთ სანდო წყაროს არ გაუვრცელებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსი გავრცელდა ცოცხალი ორგანიზმებიდან - ცხოველებიდან. შემდგომში უკვე ის ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, შესაბამისად, მისი ბანანის მეშვეობით გავრცელებაზე შეთქმულების თეორიები საფუძველს მოკლებულია, რადგან კორონა ვირუსი ამ გზით არ გადადის. მსგავსი დეზინფორმაცია გასულ წელსაც ვრცელდებოდა, როდესაც ღორის გრიპის გავრცელებას ასევე დაინფიცირებულ ბანანს მიაწერდნენ.

მედიაში და სოციალურ ქსელებში ვარაუდები გამოითქვა, რომ კორონავირუსი ღამურებისგან და გველებისგან გავრცელდა, თუმცა ეს დადასტურებელი არ არის.

ვირუსის გამოჩენასთან ერთად, სოციალურ ქსელებსა და მედიაში პანიკის გამომწვევი სიახლეებიც მრავლად გავრცელდა. მაგალითად, wnews.ge-მა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „კორონავირუსი, რომელმაც ჩინეთში უკვე უამრავი ადამიანი მოკლა, სულ მალე საქართველოში იქნება - ნახეთ რას გვირჩევენ ექიმები და როგორ უნდა დავიცვათ თავი სასიკვდილო ვირუსისგან.“ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ე.წ. „მწვანე ზონაში“ შედის და wnews.ge-ის მიერ გავრცელებული სიახლე ე.წ. clickbait-ს (ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა) წარმოადგენს.

გარდა ამისა, მცდარი ინფორმაცია 23 იანვარს „მთავარი არხის“ ეთერშიც გავრცელდა. სიუჟეტში 22 წლის ქალის სავარაუდოდ ვირუსით გარდაცვალების ფაქტი გაშუქდა. თავდაპირველად სიუჟეტში ნათქვამია, რომ დაბეჯითებით გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი რთულია. თუმცა მოგვიანებით, ჟურნალისტი აცხადებს, რომ „ერთადერთი ვერსია, რომელიც განიხილება, არის კორონავირუსი, რომელიც ახლა აქტიურად არის გავრცელებული აზიაში“. აღნიშნული დასკვნის გაკეთება ნაადრევი და უსაფუძვლო იყო. იმავე დღეს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიულად შესწავლის შედეგად ზუგდიდელი ქალის გარდაცვალების მიზეზად B ტიპის გრიპის ვირუსი დადგინდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი