იტვირთება

რეზიუმე: „ფაქტ-მეტრმა" გადაამოწმა იუსტიციის მინისტრის ნათქვამი და აღმოჩნდა, რომ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თემაზე ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი აკრიტიკებდა. განსაკუთრებით მწვავე შეფასებები ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეწყალებული პირების, ირაკლი ქორიძისა და ვეფხია ბაქრაძის მიერ დანაშაულების ხელახლა ჩადენას მოჰყვა.

ანალიზი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პირი შეიწყალა. მათგან ერთს, პოლიციელის მკვლელობისათვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძეს, 2015 წლის სექტემბერში, 12 წლით მიესაჯა პატიმრობა. მან საპყრობილე, 4 წლისთავზე დატოვა.

კიდევ ერთ შეწყალებული, ასლან ბეჟანიძეს გამოძიება 2004 წელს ჩადენილ მკვლელობას ედავებოდა. ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ 2018 წელს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის საბოლოო ზომად მას თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით განესაზღვრა. საპატიმროში მან 3 წელი და 6 თვე გაატარა.

მესამე შეწყალებული მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე, 1994 წლიდან იყო ძებნილი. ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკინის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შორის ერთი პირი ძებნილი იყო. „ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი", - თქვა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

29 სექტემბერს ტელეკომპანია ,,იმედის’’ გადაცემა ,,კვირის თემაში“ სტუმრობისას, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა: ,,საზოგადოებას არ მოსწონდა ,,ბარნოვის მკვლელის’’ შეწყალება, მაგრამ ოპოზიცია მარგველაშვილს არ აკრიტიკებდა“.

მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის 52-ე მუხლით აქვს მინიჭებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალებას ახორციელებს ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც მსჯავრდებულებისა და სასჯელმოხდილთა საქმეებს განიხილავდა და პრეზიდენტს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენდა, თუმცა 2019 წლის 11 იანვრის ბრძანებულებით, მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნული კომისია დაითხოვა.

როგორც აღვნიშნეთ, კომისიის არარსებობის პირობებში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, თუმცა მსგავს საკითხზე მისი წინამორბედიც არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდანაც. კერძოდ, კრიტიკის საგანი იყო არამხოლოდ საერთო ჯამში მის მიერ შეწყალებულ პირთა დიდი რაოდენობა, არამედ ცალკეული საქმეებიც, რაც თუნდაც მისი ნათესავის შეწყალებას უკავშირდებოდა (იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია), ან იმ პირების შეწყალებას, რომელთაც შემდეგ კვლავ ჩაიდინეს დანაშაული (იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია).

ვინ და რატომ აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილს შეწყალებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ?

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტობის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა სულ 4287 პირი შეიწყალა.

ოპოზიციის რიგებიდან მწვავე შეფასებების ერთ-ერთი მიზეზი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულის, ირაკლი ქორიძის საქმე გახდა, რომელიც 2018 წლის 30 მარტს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა, შენახვისა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ქორიძე მანამდე, 2011 წელს, 300 აბი „სუბუტექსის“ ფლობისა და ქვეყანაში შემოტანის გამო იყო დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა 2013 წელს ამნისტიის აქტის საფუძველზე მას სასჯელი ¼-ით შეუმცირდა, ხოლო 2014 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალების შედეგად, სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა.

„ევროპული საქართველოს"წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ, გადაცემა პოლიტმეტრში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მარგველაშვილის მიერ შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგრძელება იყო და მას მსხვილი ნარკორეალიზატორი არ უნდა შეეწყალებინა. მეტიც, ნარკორეალიზატორის შეწყალებას დეპუტატმა კატასტროფული ნაბიჯი უწოდა. ,,ჩვენ, ევროპულმა საქართველომ“ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, თუკი მსხვილი ნარკორეალიზატორი შეიწყალა პრეზიდენტმა?!’’ - განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მარგველაშვილზე თავდასხმა მას იმუნიტეტს ვერ შესძენდა.

იმავე პარტიის წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ, ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ნეპოტიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული მან ნათესაური ნიშნით გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ქორიძეს შეწყალებასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაუწია შუამდგომლობა (იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია), შუამდგომლობაში კი ეწერა, რომ კომიტეტის მიერ შესწავლილ მასალებში, ქორიძის მიმართ სამართალწარმოების განხორციელების დროს, პოლიტიკური მოტივის არსებობა იკვეთებოდა. აღნიშნულ გარემოებას გადაცემაში ,,აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად’’ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლისა, ის ვერ იქნებოდა გიორგი მარგველაშვილის ადვოკატი.

„ჩვენც ძალიან ბევრი კითხვა გაგვაჩნია შეწყალების პროცესთან დაკავშირებით... თუნდაც ეს ბოლო საქმე რომ ავიღოთ, როდესაც ეს ადამიანი თავის დროზე შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა, მან საპატიმრო დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით... ამ დროს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, მათ შესახებ გიორგი მარგველაშვილი არც საუბრობს და არც არანაირი შეწყალების აქტი არ გამოუცია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

უფრო ფართო გამოხმაურება ვეფხია ბაქრაძის მიერ ჩადენილ მკვლელობას მოჰყვა. 2018 წლის 13 აპრილს მან ყოფილი მეუღლის შვილი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა. ბაქრაძეს წარსულში ნასამართლეობა უკვე ჰქონდა, თუმცა 2017 წლის 25 მაისს მას გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

აღნიშნული ფაქტის გამო „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გიორგი მარგველაშვილი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

„როდესაც ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად ისმენ სრულ არაადეკვატურობას, ეს არის სამწუხარო. პრეზიდენტმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ სამომავლოდ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს“, - განაცხადა მან. იგივე თემაზე ოთარ კახიძემაც შეაფასა პრეზიდენტის ქმედება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა შეწყალების პრეროგატივას.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2941 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი