გასული წლის 19 სექტემბერს, გადაცემა „რეაქციაში,“ გადაცემის წამყვანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკუთარი ცოლის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა განაცხადა:

„მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ისეთივე ლმობიერი ვიყავი, როგორც სხვა შემთხვევებში. ასეთი შემთხვევა, იგივე ბრალდებაზე შეწყალება, შემდეგაც ყოფილა“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება სიმართლეს.

მსჯავრდებულთა შეწყალება საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილებაა. შეწყალების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით  – „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ

“. აღნიშნული წესის თანახმად, შეწყალების თხოვნის განხილვისა და მსჯავრდებულის შეწყალების, ასევე სასჯელმოხდილი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტს რეკომენდაციას შეწყალების საკითხთა კომისია წარუდგენს. კომისიის რეკომენდაციას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ ის იღებს.

კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ გამოიყენა. 2014 წლის 3 მარტს საინფორმაციო სააგენტო presa.ge-

მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავისი ცოლის ძმა შეიწყალა. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვაც. პრეზიდენტმა ცოლის ძმის შეწყალების ფაქტი არ უარყო, თუმცა არ აღუნიშნავს, თუ კონკრეტულად რა დანაშაულისთვის იყო იგი მსჯავრდებული.

პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, შესაბამისად, ფაქტ-მეტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ოფიციალური წყაროდან მიეღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი გიორგი მარგველაშვილის ცოლის ძმა. presa.ge-ს ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო მსჯავრდებული. მკვლელობის მცდელობის მუხლს სისხლის სამართლის კოდექსი დამოუკიდებლად არ შეიცავს. მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციისას სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 (დანაშაულის მცდელობა) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლები ერთიანად გამოიყენება. შესაბამისად, სტატისტიკურად, 108-ე მუხლით მსჯავრდებული პირების რაოდენობაში აუცილებლად შედიან ის პირები, ვინც მკვლელობის მცდელობისთვის არიან მსჯავრდებულნი.

სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმ პირების რაოდენობის შესახებ, ვინც 2004 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი დეტალური სტატისტიკა გამოვითხოვეთ.

სტატისტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (მკვლელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლისთვის ნასამართლევი პირების შეწყალება არაერთხელ მომხდარა. ამ რიცხვებში შედიან როგორც მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე დასრულებული მკვლელობისთვის ნასამართლევი პირები.

image001

განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ინაუგურაციიდან (2013 წლის 17 ნოემბრიდან) 2014 წლის ნოემბრამდე გიორგი მარგველაშვილმა ჯამში 7 პირი შეიწყალა.

დასკვნა

გიორგი მარგველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლებამოსილება არაერთხელ გამოიყენა. საინფორმაციო სააგენტო presa.ge-ს თანახმად, პრეზიდენტმა თავისი ცოლის ძმა შეიწყალა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო მსჯავრდებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შეწყალება 2004 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე არაერთხელ მომხდარა.

შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის განცხადება: "მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ისეთივე ლმობიერი ვიყავი, როგორც სხვა შემთხვევებში. ასეთი შემთხვევა, იგივე ბრალდებაზე შეწყალება, შემდეგაც ყოფილა," არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი