წლის 30 მარტს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვისა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ირაკლი ქორიძე დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, ქორიძე ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ 300 აბი „სუბუტექსის“ შეძენა/შენახვისთვის წინა ხელისუფლების დროს იხდიდა სასჯელს, თუმცა ის გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე 2014 წელს გათავისუფლდა.
პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მსჯავრდებულმა და მისმა ახლო ნათესავებმა მიმართეს. ქორიძეს შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც გაუწია, რომელსაც ეკა ბესელია თავმჯდომარეობდა. კომიტეტის მიერ შეწყალების სამსახურის უფროსისთვის წარდგენილ შეწყალების შუამდგომლობაში ცალსახად ეწერა, რომ კომიტეტის მიერ შესწავლილ მასალებში, ქორიძის მიმართ სამართალწარმოების განხორციელების დროს, პოლიტიკური მოტივის არსებობა იკვეთებოდა.ელისაშვილი კომიტეტის მიერ „დასკვნის“ გაგზავნაზე აპელირებს, რასაც ეკა ბესელია უარყოფს, შეწყალებასთან დაკავშირებით დასკვნის გაცემის უფლებამოსილების არ არსებობაზე უთითებს და შეწყალების კომისიისთვის გაგზავნილ დოკუმენტს მხოლოდ წერილად მოიხსენიებს. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა თავად დოკუმენტის ტიპი და ტერმინების სიზუსტე, არამედ კონტექსტი, რაზეც განმცხადებელი ამახვილებს ყურადღებას (კომიტეტის მიერ საქმეში პოლიტიკურ მოტივის არსებობაზე ხაზგასმა). კომიტეტის მიერ შეწყალების კომისიისთვის გაგზავნილი წერილი, მართალია, ერთი მხრივ ამისამართებდა მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნას პრეზიდენტთან და დეტალურად აღწერდა ადვოკატის მიერ წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამავდროულად, საქმისადმი კომიტეტის დამოკიდებულებასაც გამოხატავდა, რადგან ეკა ბესელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქორიძის საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობას, როგორც კომიტეტის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოკვეთილ ფაქტს, ისე წარმოაჩენდა.
ანალიზი 2018 წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა, შენახვისა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ირაკლი ქორიძე დააკავეს.
თურქეთიდან ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბის შემოტანის საქმეზე, მასთან ერთად ბრალი გიორგი გიორგანაშვილსაც (ბახალა) წარედგინა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ქორიძე ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, 2011 წლის 24 მარტს ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 300 აბი „სუბუტექსის“ ფლობის გამო დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელის სახედ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგაც. 2013 წელს ამნისტიის აქტის საფუძველზე მას სასჯელი ¼-ით შეუმცირდა, ხოლო 2014 წელს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შედეგად სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა.
მისი ხელმეორედ დაკავების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განსაკუთრებული განხილვის საგანი სწორედ პრეზიდენტის მიერ ქორიძის შეწყალების ფაქტი გახდა. აქტიურად საუბრობდნენ გიორგი მარგველაშვილისა და ქორიძის შესაძლო ნათესაურ კავშირებზე.
„როგორ მოხდა რომ სამასი აბი სუბოტექსის შემოტანაში ბრალდებული ადამიანი მოხვდა შეწყალებულთა სიაში. კომისიამ და პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ეს ადამიანი მეორეჯერ არ ჩაიდენდა იგივე დანაშაულს და ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ მან 1 000 აბამდე ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა“ - განაცხადაუმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვანო ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილის განცხადებას შეწყალების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა, დეპუტატს საქმეში უკეთ გარკვევისკენ და ეკა ბესელიას კომიტეტის მიერ პრეზიდენტისთვის ქორიძის შეწყალების შესახებ გაგზავნილი შუამდგომლობის გაცნობისკენ მოუწოდა. „2014 წელს როდესაც მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ბესელია იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მან უზარმაზარი დასკვნა გამოგვიგზავნა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მან ასევე პრეზიდენტს მიმართა წერილით და ქორიძეს შეწყალების რეკომენდაცია გაუწია“ - განაცხადაელისაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, შეწყალების შუამდგომლობით, 2013 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა. 2014 წლის 15 იანვარს შეწყალების საკითხთა კომისიამ, როგორც განსაკუთრებული გარემოება, განიხილა ირაკლი ქორიძის საქმე და მსჯავრდებულის საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2014 წლის 19 იანვარს ქორიძის შეწყალების შესახებ განკარგულება გამოსცა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, არც კომისიის რეკომენდაციასა და არც მის საფუძველზე გამოცემული პრეზიდენტის განკარგულებაში, შეწყალების მოტივი მითითებული არ ყოფილა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვით ეკა ბესელიასაც მიმართა. მისი განმარტებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უკლებლივ ყველა წერილს, რომლითაც მოქალაქე მიმართავდა კომიტეტს შეწყალების თაობაზე, განხილვისა და შესაბამისი რეაგირებისათვის პრეზიდენტს უგზავნიდა. ხოლო, იმ საქმეებში, სადაც შესწავლის შედეგად იკვეთებოდა ადამიანის უფლებების ჭრილში შესაძლო დარღვევები ან ჩნდებოდა გარკვეული კითხვის ნიშნები, კომიტეტი წერილში მიუთითებდა ასეთ გარემოებებზე და მიიპყრობდა მათზე იმ უწყების ყურადღებას, რომელიც იყო პასუხისმგებელი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე.
ამასთან, ეკა ბესელიას პასუხისთანახმად, ირაკლი ქორიძის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, კომიტეტმა პრეზიდენტს არა დასკვნა, არამედ წერილი წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო მითითებული ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც საქმის გაცნობისას გამოიკვეთა და რომლებიც კომიტეტმა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების ღირს გარემოებებად მიიჩნია. წერილს თან ახლდა დანართი 90 ფურცლად და 1 დისკი.
აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ ფაქტ-მეტრს ის წერილიც მიაწოდა, რომელიც მან 2013 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა. გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი მსჯავრდებულის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ჩვენ მისი სრულად გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ და მხოლოდ ალეკო ელისაშვილის განცხადების სიზუსტის დადგენის მიზნებისთვის საჭირო ამონარიდებს შემოგთავაზებთ.
კომიტეტის წერილში, რომელსაც ხელს თავად ეკა ბესელია აწერს, თანმიმდევრულად არის მოცემული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც შესაძლოა ირაკლი ქორიძის მიმართ პოლიტიკური მოტივის არსებობასა და მისთვის ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებას“ ადასტურებდეს. კერძოდ, თავდაპირველად განხილულია ის გარემოებები, რომლებიც ქორიძესა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე მიუთითებს, რასაც 2011 წლის 24 მარტს, ქორიძის დაკავება მოჰყვა. კომიტეტი გამოკვეთს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ ქორიძე არასოდეს ყოფილა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და რომ მის მიმართ არასოდეს შედგენილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ნარკოტიკის უკანონო მოხმარების ფაქტზე. ამასთან, წერილში მითითებულია დაკავებისას ოპერატიული თანამშრომლების მიერ ჩადენილი უხეში საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა და პირიქით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ოპერატიული თანამშრომლების ჩვენებებსა და ჩხრეკის ოქმებს ეყრდნობოდა. აღსანიშნავია, რომ ელისაშვილი შეწყალების კომისიის მიერ ქორიძის შეწყალებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის ერთ-ერთ მოტივად სწორედ გამამტყუნებელი განაჩენისთვის არადამაჯერებელი მტკიცებულების არსებობას ასახელებს. მართალია, ეკა ბესელია ფაქტ-მეტრისთვის მოწერილ წერილში არაერთხელ უთითებს, რომ კომიტეტის მიერ პრეზიდენტს მხოლოდ წერილი გაეგზავნა, სადაც უბრალოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე იყო ყურადღება გამახვილებული და არა კომიტეტის დასკვნები/მიგნებები, თუმცა აღნიშნულ წერილის დასაწყისსადა ბოლოში ვხვდებით ისეთ ფორმულირებას, რაც სწორედ საქმისადმი კომიტეტის დამოკიდებულებას ადასტურებს და პოლიტიკურ მოტივის არსებობას, როგორც მასალების შესწავლის შედეგად გამოკვეთილ ფაქტს ისე წარმოაჩენს, რის საფუძველზეც კომიტეტი ირაკლი ქორიძეს შეწყალების თაობაზე უწევს შუამდგომლობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მიერ ფაქტ-მეტრისთის გამოგზავნილ წერილში დაკონკრეტებულია, რომ კომიტეტის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი წერილი შესრულებულია სპეციალისტის მიერ, რომელმაც შეისწავლა მასალები (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) და მასალების საფუძველზე შედგა წერილის დასაბუთება,
რაც მიუთითებს, რომ წერილში არა მხოლოდ მშრალი ფაქტებია მითითებული, არამედ კომიტეტის დასაბუთებაც.
ფაქტ-მეტრი ასევე შეეცადა უშუალოდ წერილის შემსრულებელთან დაეზუსტებინა თუ რაზე ხაზგასმას ცდილობდა, როდესაც უთითებდა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი იყო არა დასკვნა, არამედ მხოლოდ წერილი და შესაბამისად რა არსებითი სხვაობაა ამ ორ დოკუმენტს შორის. მართალია, ჩვენ უშუალოდ შემსრულებლის პასუხი ვერ მოვისმინეთ, თუმცა ამ მხრივ საინტერესოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას დააზუსტა, რომ კომიტეტი დასკვნას მხოლოდ კანონპროექტებთან დაკავშირებით ამზადებს, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილ დოკუმენტს, ეს არის წერილი, რომელშიც წესით მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებია გამეორებული. მისივე მტკიცებით გამორიცხულია დოკუმენტში წარმოდგენილი რომელიმე წინადადების შეფასებად მიჩნევა, ვინაიდან შეფასების უფლებამოსილება კომიტეტს არ გააჩნია. ჩვენ მას ქორიძის საქმესთან დაკავშირებულ წერილში გამოყენებული ფრაზების შეფასება ვთხოვეთ, რომელთან დაკავშირებითაც მან პასუხი ვერ გაგვცა და განგვიცხადა, რომ მის პრაქტიკაში მსგავსი ფორმულირებით შუამდგომლობის გაგზავნის შემთხვევა არ ახსენდება.
საინტერესოა, იმ პირობებში, როდესაც კომიტეტს არ გააჩნია შეფასების უფლებამოსილება, რატომ არის ამ კონკრეტულ წერილში გამოყენებული ისეთი ფორმულირება, რომელიც მკითხველს უჩენს განცდას, რომ კომიტეტის მიერ გარემოებათა შეფასების შედეგად საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობა დადასტურდა. მით უფრო, როცა უფრო რბილადაც შეეძლოთ დაეწერათ, მაგალითად: „შესაძლოა საქმეში იკვეთებოდეს პოლიტიკური ნიშნები“, ან პირდაპირ მიეთითებინათ რომ პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ ვარაუდს არა კომიტეტი არამედ განმცხადებელი გამოთქვამს.