იტვირთება

რეზიუმე:მიმდინარე წელს ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 250 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა არის გამოყენებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წლებში გამოყენებული ტექნიკის რაოდენობას (2017-15, 2018-150 ერთეული). 25 ივლისის მონაცემით, დასავლეთ საქართველოში 33 მუნიციპალიტეტში 109 075.90 ჰა ფართობი დამუშავდა, საიდანაც ცივი შესხურებით 35 779.9 ჰა ფართობი (საყანე ფართობის პერიმეტრი), თერმული ნისლით (საკარმიდამო ტერიტორიები) კი 73 500 ჰა ფართობია დამუშავებული. ტერიტორიების დამუშავება მრავალჯერადად ხორციელდება. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ფერმერები და სპეცილისტები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წელს, წინა წლებთან შედარებით, უკეთეს მოსავალს ელოდებიან.

ანალიზი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება: „8 აპრილიდან დღემდე, დამონტაჟებულია დაახლოებით 3 061 ფერომონი და 40 ათასზე მეტი ხაფანგი. ცივი შესხურებით დამუშავებულია 8 546 ჰა. აქედან, გურია გახლავთ 2 057 ჰა, სამეგრელო - 4 700, იმერეთი - 1 717. თერმული ნისლით დამუშავებულია 9 300 ჰა: სამეგრელოში არის 5 420, იმერეთეში - 1900 ჰა, გურიის რეგიონში - 1980. მე ასევე შეგახსენებთ, რომ განსხვავებით პირველი წლისგან, სადაც სულ 14 ერთეული სპეციალიზირებული ტექნიკა იყო მობილიზებული, ახლა ამ პროექტს 239-ზე მეტი სპეციალიზირებული ტექნიკური საშუალება ემსახურება და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელი იქნება გარდამტეხი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ეს არ იქნება ბოლოს წელი თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ თხილის ექსპორტის მონაცემებს მიმდინარე წლის ბოლოსთვის“.

აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობის პარაზიტად მიიჩნევა. მისი გავრცელების არეალია ჩინეთი, იაპონია, კორეა და ტაივანი. აზიური ფაროსანა გავრცელდა აშშ-ში, სადაც პირველად 1998 წლის სექტემბერში შენიშნეს. იგი 2010-2011 წლებში აშშ-ის ხეხილის ბაღების გრძელ-სეზონური მავნებელი (მავნებელი, რომელიც მცენარის მთელი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში მავნებლობს და აზიანებს კულტურულ მცენარეებს გაზაფხულიდან შემოდგომამდე) გახდა. ამჟამად, გავრცელებულია ევროპაშიც.

ფაროსანა საქართველოში, პირველად, 2015 წელს გამოჩნდა (სპეციალისტების ვარაუდით, ფაროსანა რუსეთიდან შემოვიდა. სავარუდოდ, ის სოჭში 2014 წელს გამართული ოლიმპიადის დროს ჩინეთიდან ჩამოტანილ საცხოვრებელ კონტეინერებსა და სხვადასხვა ნივთებს შემოჰყვა). მწერმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობებს აზიანებს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შეიძლება, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

სახელმწიფომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 2017 წელს დაიწყო. ამ წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ბიუჯეტმა 31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2018 წელს -13 მილიონი, 2019 წელს კი-45 მილიონი ლარი.

მიმდინარე წელს ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად ტერიტორიები თერმული ნისლით და ცივი შესხურებით დაამუშავეს. სულ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (25 ივლისის ჩათვლით) დასავლეთ საქართველოში 33 მუნიციპალიტეტში 109 075.90 ჰა ფართობი დამუშავდა, საიდანაც ცივი შესხურებით 35 779.9 ჰა ფართობი (საყანე ფართობის პერიმეტრი), თერმული ნისლით (საკარმიდამო ტერიტორიები) კი 73 500 ჰა ფართობია დამუშავებული. ტერიტორიების მრავალჯერ ამუშავებენ.

2019 წელს ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენეს თერმული ნისლის 78 აგრეგატი, ცივი შესხურების 62 აპარატი, 45 ტრაქტორი და მაღალი წარმადობის აეროზოლური გენერატორები, ჯამში 250 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლებში ამავე დანიშნულებით გამოყენებულ ტექნიკის რაოდენობას. 2018 წელს აზიური ფაროსანას 150 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით ებრძოდნენ. 2017 წელს გამოყენებული ტექნიკის რაოდენობა გაცილებით ნაკლები - მხოლოდ 15 ერთეული იყო.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაამონტაჟეს 3 074 ფერომონი და 36 800 სადგური- „მოიზიდე და გაანადგურე“.

2019 წელს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში თერმული ნისლით და ცივი შესხურებით შემდეგი რაოდენობის ფართობი დაამუშავეს:

ცხრილი 1:

2019 წელს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში თერმული ნისლით და ცივი შესხურებით დამუშავებული ფართობის რაოდენობა (ჰა)

რეგიონი

ცივი შესხურება

თერმული ნისლი

სამეგრელო

18 354.9

39 180

იმერეთი

9 384

22 500

გურია

5 049

11 820

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

როგორც ვიცით, ფაროსანამ გასულ წლებში დასავლეთ საქართველოში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. განსაკუთრებული ზიანი თხილის კულტურას მიადგა და წარმოება საგრძნობლად შემცირდა.

გრაფიკი1: თხილის წარმოება საქართველოში 2014-2018 წლებში (ათასი ტონა)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ხოლო, თხილის ექსპორტი წლების მიხედვით შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: თხილის ექსპორტი 2014-2018 წლებში (ათასი აშშ დოლარი)

წელი

2014

2015

2016

2017

2018

თხილის ექსპორტი

183.4

176.6

179.6

83.1

69.7

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ფაროსანას საქართველოში გამოჩენის შემდეგ, საგრძნობლად არის შემცირებული როგორც თხილის წარმოება, ასევე ექსპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების 5-15%-ის ფარგლებში მოქცევას. აზიური ფაროსანას პოპულაციის მინიმალურ ზღვარზე დაყვანა და კონტროლი (სასოფლო-სამეურნეო და სატყეო კულტურების ზიანისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება) მხოლოდ სახელმწიფოს ,ფერმერების და მთლიანად მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

2017 წელს ფაროსანის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ფერმერთა და სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ხელისუფლებამ ფაროსანას რისკები გვიან დაინახა და რეაგირებაც დაგვიანებული იყო, დაგვიანდა შეწამვლაც (იხ:სტატია). აღნიშნულ წელს სამეგრელოში ფერმერების დიდმა ნაწილმა თხილის მოსავალი არც შეაგროვა, რადგან მოსავლის აღების ხარჯი უფრო მეტი იყო, ვიდრე უხარისხო თხილისგან მოსალოდნელი შემოსავალი. 2018 წელს მთავრობამ აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში დამუშავდა 28 მუნიციპალიტეტის 533 ადმინისტრაციული ერთეული. სულ დამუშავებულმა ფართობმა 789.8 ჰა შეადგინა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა შედარებით შემცირდა.

მიმდინარე წელს, ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი.

ფაროსანის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე დეტალური ინფორმაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (parosana.ge)არის განთავსებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები, სიმინდის მასივებსა და თხილის ბაღებში ფაროსანას აქტიურ მონიტორინგს ეწევიან. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი აცხადებს, რომ მავნებლის რაოდენობა არის საგრძნობლად შემცირებული, როგორც სიმინდის ნათესებში, ასევე თხილის ფართობებში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც აცხადებს, რომ პოპულაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და თხილის მოსავალი წელს გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე ბოლო ორ წლის განმავლობაში. ფერმერებიც მიიჩნევენ, რომ გატარებული შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად, რომელიც ახლაც გრძელდება, ფაროსანის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც, თავის მხრივ, თხილის და სიმინდის მოსავლის ხარისხში აისახება. 2018 წელთან შედარებით თხილის მოსავლის თითქმის 80%-იან ზრდას ელოდებიან აჭარაშიც.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2803 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი