რეზიუმე: საქართველოში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის[1] განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი, ისტორიულად, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდოა (ექსპორტისა და იმპორტის სხვაობა). ხელისუფლების ცვლილების წინა, 2011-2012 წლებში, იმპორტი ექსპორტს 3.2 და 3.4 ჯერ აღემატებოდა, დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული ფარდობა 2.7-მდე არის შემცირებული. მიუხედავად აღნიშნულისა, უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, სავაჭრო სალდოს ფარდობა მშპ-სთან, არსებითად არ შეცვლილა. 2011-2012 წლებში მოცემული მაჩვენებელი 33.8 და 35.8%-ს უტოლდებოდა, შემდგომ პერიოდში სავაჭრო სალდოს ფარდობა მშპ-სთან მეტ-ნაკლებად სტაბილურია, 2017-2018 წლებში - 34.5 და 35.6%-ია.
საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო ნაწილობრივ მიმდინარე ანგარიშის სხვა კომპონენტების, როგორც წესი, მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდოთი ბალანსდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების როლი. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, 2011-2012 წლებში შესაბამისად -12.8 და -11.9% იანი უარყოფითი ბალანსით საქართველო 180-მდე ტერიტორიულ ერთეულს შორის ბოლოდან 33-ე და 30-ე ადგილებს იკავებდა. 2017-2018 წლებისათვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არსებითად, შესაბამისად 8.8 და 7.7%-მდე არის შემცირებული, თუმცა აღნიშნულის ფონზეც საქართველოს მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით, არ გაუმჯობესებულა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული მიდგომა გარკვეულწილად უხეშია და არ ითვალისწინებს ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, კერძოდ, ნაკლებად განვითარებული ნავთობით მდიდარი ქვეყნების მიმდინარე ანგარიში, როგორც წესი, პროფიციტულია, ბუნებრივი რესურსების ექსპორტის მაღალი წილის ხარჯზე.
საერთო ჯამში, მამუკა ბახტაძის მიერ დასახელებული მონაცემები რეალობასთან უმეტესწილად შესაბამისია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობა და იმპორტისა და ექსპორტის ურთიერთმიმართება ნამდვილად წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის ისტორიულ პრობლემას და ვითარება არსებითად არც დღევანდელი მდგომარეობითაა გაუმჯობესებული[2], თუმცა მსგავს მტკიცებას პრემიერის მოცემული ციტატა არც მოიცავს.
ანალიზი
ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] ერგოთ მძიმე მემკვიდრეობა, რაც გამოიხატებოდა იმპორტზე დამოკიდებულებაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმპორტი სამჯერ აღემატებოდა ექსპორტს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კუთხით კი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პარამეტრი ჰქონდა მსოფლიოში.
მიმდინარე ანგარიში ცალკეულ ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის შედეგების გარკვეულ ნაწილს ასახავს. ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები კი სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისაგან.
მიმდინარე ანგარიში მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები). კაპიტალის ანგარიში შედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისაგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება. ფინანსური ანგარიში მოიცავს პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს, სხვა ინვესტიციებსა და სარეზერვო აქტივებს. თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება საგარეო ვალით ყველაზე ნაკლებ სასურველი სცენარია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ცვლილების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს.
ცხრილი 1: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
მშპ (მლნ ლარი) |
20 743 |
24 344 |
26 167 |
26 847 |
29 150 |
31 756 |
34 028 |
37 847 |
41 077 |
მშპ (მლნ დოლარი) |
11 637 |
14 438 |
15 848 |
16 140 |
16 508 |
13 988 |
14 378 |
15 088 |
16 207 |
მიმდინარე ანგარიში (მლნ დოლარი) |
-1 195 |
-1 843 |
-1 886 |
-958 |
-1 789 |
-1 763 |
-1 889 |
-1 333 |
-1 247 |
მიმდინარე ანგარიშის ფარდობა მშპ-სთან (%) |
-10.3% |
-12.8% |
-11.9% |
-5.9% |
-10.8% |
-12.6% |
-13.1% |
-8.8% |
-7.7% |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; საქსტატი
2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1.25 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7%-ს შეადგენს. მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა 2011-2013 წლებშიც და 2013 წლის მდგომარეობით, მკვეთრად, 5.9%-მდე შემცირდა, მომდევნო 2014-2016 წლების პერიოდში კი, ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2017-2018 წლების განმავლობაში, ისევ დეფიციტის შემცირების დინამიკაა გამოკვეთილი.
რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თვალსაზრისით ქვეყნების შედარებას, ბუნებრივია, სასურველია აღნიშნული მაჩვენებელი იყოს მცირე. ეკონომიკის მოცულობის განსხვავებიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნებისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ან პროფიციტის აბსოლუტური მოცულობები არაშედარებადია. მიზანშეწონილია მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობა იქნას გამოყენებული. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული მაჩვენებლით ცალკეული ქვეყნების პირდაპირ შედარება დასაშვები, თუმცა გარკვეულწილად უხეში მიდგომაა. მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, როგორც წესი, ბუნებრივი რესურსებით (ძირითადად ნავთობპროდუქტები) მდიდარ სახელმწიფოებს (კუვეიტი, აზერბაიჯანი, რუსეთი, საუდის არაბეთი) აქვთ მოცემული რესურსის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს სხვა ქვეყნებთან შედარებით, 2011-2012 წლებში (ხელისუფლების ცვლილების წინა წლები) დაახლოებით 180 ტერიტორიულ ერთეულს შორის, საქართველო ბოლოდან 33-ე და 30-ე ადგილზე იმყოფებოდა. ბოლო წლებში, მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენციისა, ქვეყნის მდებარეობა მოცემულ სიაში არსებითად არ შეცვლილა (2017 წელს 29-ე ადგილი ).
რაც შეეხება იმპორტისა და ექსპორტის ურთიერთ მიმართებას, საქონლით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიშის ერთ-ერთი კომპონენტია და საქართველოს შემთხვევაში, ისტორიულად, დეფიციტის ფორმირების ძირითადი წყაროა. საქართველოში ექსპორტისა და იმპორტის ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 1 ასახავს.
გრაფიკი 1: იმპორტისა და ექსპორტის ურთიერთმიმართება საქართველოში
წყარო: საქსტატი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ხელისუფლების ცვლილების წინა პერიოდში (2011-2012 წლები) იმპორტი ექსპორტს 3.2 და 3.4 ჯერ აღემატებოდა. 2013 წელს აღნიშნული ფარდობა საფეხურეობრივად ეცემა 2.8-იან ნიშნულამდე და უბრუნდება ზრდის ტენდენციას. შედეგად, 2016 წელს აჭარბებს 2012 წლის ნიშნულს და 3.5-ს უტოლდება. 2017-2018 წლებში ისევ კლების ტენდენციაა გამოკვეთილი და იმპორტი ექსპორტს 2.9 და 2.7-ჯერ აღემატება. თავისთავად იმპორტისა და ექსპორტის ფარდობაზე მეტად მნიშვნელოვანი ინდიკატორი სავაჭრო დეფიციტის (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელია, შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 2 ასახავს.
გრაფიკი 2: სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით
წყარო: საქსტატი
სავაჭრო დეფიციტს ფარდობა მშპ-სთან 2011-2012 წლებისათვის 33.8 და 35.8%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი შემდგომ პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ბოლო წლებში არსებითად არ არის შეცვლილი და 2017-2018 წლებში - 34.5 და 35.6%-ს უტოლდება.
[1] მიმდინარე ანგარიში არის საგადამხდელო ბალანსის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას, შემოსავლებსა და მიმდინარე ტრანსფერებს, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყალიბდება მაშინ, როდესაც მოცემული კომპონენტებით ჯამში მეტი ვალუტა გაედინება ქვეყნიდან ვიდრე შემოედინება
[2] გარკვეული პოზიტიური დინამიკის დანახვა შესამჩნევია