რეზიუმე:
ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ეს იწვევს ზეწოლას ვალუტის კურსზე და წარმოშობს დეფიციტის ფინანსური ანგარიშით დაფარვის აუცილებლობას (ინვესტიციები, ვალის აღება, რეზერვების შემცირება). მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი ზრდის ეკონომიკის დაკრედიტების რისკს, რაც საკრედიტო რესურსზე ნაკლებ ხელმისაწვდომობაში ან/და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთში აისახება.
ტრადიციულად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გამომწვევ მთავარ ფაქტორად, საქართველოს შემთხვევაში, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო (როცა იმპორტის მოცულობა აღემატება ექსპორტს) რჩება, რომელსაც ნაწილობრივ აბალანსებს მომსახურებით ვაჭრობა, ძირითადად ტურიზმიდან მიღებული სახსრების ხარჯზე. საქონლით ვაჭრობიდან დეფიციტმა, უშუალოდ 2017 წელს, 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან წმინდა შემოსავლებმა კი, 2.2 მლრდ აშშ დოლარი.
ამდენად, გიორგი ქობულიას განცხადების კონტექსტი, საგადასახდელო ბალანსის ცალკეული მუხლების ცვლილების ტენდენციასა და ურთიერთკავშირთან მიმართებაში სწორია, დასახელებული მონაცემები კი, უმნიშვნელოდ განსხვავდება ფაქტობრივი მაჩვენებლებისაგან.
ანალიზი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა,
რომ საქართველოს ვაჭრობაში წელიწადში დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვს. ანუ, 3.5 მილიარდი დოლარით მეტი ღირებულების საქონელი შემოაქვს, ვიდრე გააქვს. მისივე განმარტებით, აღნიშნული სხვაობა სხვა წყაროებით უნდა დაბალანსდეს და ამ 3.5 მილიარდი დოლარიდან, ორი მილიარდი, დღემდე, სწორედ ტურიზმმა დაფარა.
ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისაგან.
მიმდინარე ანგარიში მოიცავსსაქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები).
კაპიტალის ანგარიშიშედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისაგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება.
ფინანსური ანგარიშიმოიცავს პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს, სხვა ინვესტიციებსა და სარეზერვო აქტივებს.
თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით).
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ცვლილების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს. 2017 წლის მონაცემებით,მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 531 მლნ დოლარით შემცირდა (რაც სიტუაციის გაუმჯობესებას ნიშნავს) და 1 316 მლნ დოლარს გაუტოლდა. დეფიციტის ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-თან მიმართებით 8.7% შეადგინა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და მხოლოდ 2013 წლის შესაბამის მონაცემს (5.9%) აღემატება. 2018 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით 139 მლნ დოლარითაა გაზრდილი (გაუარესებული) და 803 მლნ დოლარს შეადგენს. მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 10.29%-ია, რაც 0.77 პუნქტით მაღალია გასულ პერიოდთან შედარებით.
ცხრილი 1:
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ცვლილების ტენდენცია
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2017 (6 თვე) | 2018 (6 თვე) | |
მშპ (მლნ ლარი) | 26 847 | 29 150 | 31 756 | 34 028 | 38 042 | 17 447 | 19 241 |
მშპ (მლნ დოლარი) | 16 140 | 16 509 | 13 994 | 14 378 | 15 189 | 6 970 | 7 807 |
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (მლნ დოლარი) | -958 | -1 790 | -1 696 | -1 847 | -1 316 | -664 | -803 |
სხვაობა წინა პერიოდთან (მლნ დოლარი) | 928 | -832 | 94 | -151 | 531 | 207 | -139 |
დეფიციტის ფარდობა მშპ-თან | 5.90% | 10.80% | 12.10% | 12.80% | 8.70% | 9.52% | 10.29% |
დეფიციტის ფორმირების ტენდენციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მთელ პერიოდზე უარყოფითი სალდოს გამომწვევ მთავარ ფაქტორად საქონლით ვაჭრობა რჩება, რომლის სალდოც 2017 წელს, გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, უმნიშვნელოდ (0.74%) შემცირდა და 3.8 მლრდ დოლარი შეადგინა. მოცემულ დეფიციტს ნაწილობრივ მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდო აბალანსებს, დიდწილად ტურიზმიდან მიღებული სახსრების ხარჯზე (2.24 მლრდ დოლარი).
გრაფიკი 1:
სავაჭრო დეფიციტი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკიროგორც გრაფიკიდან ჩანს, ტენდენცია ნარჩუნდება მიმდინარე წლის 2 კვარტლის მდგომარეობითაც. 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტმა 2 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 1.13 მლრდ დოლარი ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლებით გადაიფარა.