რეზიუმე: ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან. მიმდინარე ანგარიში მოიცავს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად გრანტები, ფინანსური დახმარებები).
2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7%-ს შეადგენს. მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა 2011-2013 წლებშიც და 2013 წლის მდგომარეობით მკვეთრად 5.9%-მდე შემცირდა, მომდევნო 2014-2016 წლების პერიოდში კი, ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2017-2018 წლების განმავლობაში, ისევ დეფიციტის შემცირების დინამიკაა გამოკვეთილი.
კობა გვენეტაძის განცხადების კონტექსტი სწორია ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორების ნაწილშიც. 2018 წელს შემოსავალი საქონლის ექსპორტიდან 814.4 მლნ აშშ დოლარით (22.4%) გაიზარდა. მნიშვნელოვანია იმპორტის ზრდაც, რაც 1 მლრდ 126 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (11.1%). წმინდა[1] შემოსავლები მომსახურებიდან 227.6 მლნ აშშ დოლარით (11.1%) არის გაზრდილი, რისი განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია. გასულ წელს ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 517.7 მლნ აშშ დოლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 19%-იან მატებას შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობას საქონლით ვაჭრობის და შემოსავლების მუხლების უარყოფითი სალდო განაპირობებს, რაც სრულად ვერ ბალანსდება სხვა კომპონენტების ხარჯზე.
ანალიზი
2019 წლის 28 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, პირად ფეისბუქ გვერდზეგანათავსა პოსტი შინაარსით: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2018 წელს მშპ-ს 7.7% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებაა. გაუმჯობესების ძირითადი წყაროა მომსახურებით ვაჭრობის (ტურისტული შემოსავლების) მნიშვნელოვანი ზრდა, საქონლის ექსპორტის საგრძნობი მატება“.
ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან.
მიმდინარე ანგარიში მოიცავს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა[2] და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად გრანტები, ფინანსური დახმარებები).
2018 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7%-ს შეადგენს. 2018 წელთან შედარებით, მოხდა 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესება. დეფიციტის პროცენტული მაჩვენებელის ცვლილების ტენდენცია ცვალებადია. 2011-2013 წლებში დეფიციტი მცირდებოდა, უშუალოდ 2013 წელს კი მკვეთრად 5.9%-მდე შემცირდა, 2014-2016 წლებში ზრდის ტენდენციაა გამოკვეთილი, 2017-2018 წლებში კი ისევ შემცირების ტენდენციას დაუბრუნდა.
ცხრილი 1: საქართველოსმიმდინარეანგარიშისდინამიკა 2010-2018 წლებში
წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი
რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის კომპონენტების დინამიკას, იგი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების კონტექსტთან. შესაბამისი მონაცემები ასახულია ცხრილ 2-ში.
ცხრილი 2: მიმდინარე ანგარიშების კომპონენტების დინამიკა 2017-2018 წლებში (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც ცხრილიდან ჩანს, შემოსავალი საქონლის ექსპორტიდან 814.4 მლნ აშშ დოლარით (22.4%) გაიზარდა. მნიშვნელოვანია იმპორტის ზრდაც და მლრდ 126 მლნ აშშ დოლარს (11.1%) უტოლდება. წმინდა შემოსავლები მომსახურებიდან გაზრდილია 227.6 მლნ აშშ დოლარით (11.1%), რისი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია. 2018 წელს ტურიზმის სფეროდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა რაც 517.7 მლნ აშშ დოლარით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე და 19% მატებას შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს საქონლისა და შემოსავლების მუხლების უარყოფითი სალდო, რომელსაც დანარჩენი კომპონენტების დადებითი სალდო სრულად ვერ ფარავს.
აღსანიშნავია, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა მცირე, მაგრამ დადებით დონეს - მშპ-ს 0.3%-ს მიაღწია. ისტორიულად, საქართველოში ეს მაჩვენებელი უარყოფითია.
[1]წმინდა მაჩვენებელი ასახავს შემოსავლების და ხარჯების სხვაობას
[2] პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში
[3] კრედიტი ასახავს თანხების შემოსვლას, დებეტი გადინებას