რეზიუმე: ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფასების სტაბილურობის მიღწევაა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. ამჟამად, აღნიშნული მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 3%-ს. 2017 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 4%. ინფლაციას შესაძლოა მრავალი ფაქტორი იწვევდეს, რომლის ნაწილზე ზემოქმედების ბერკეტებიც ეროვნულ ბანკს ნაკლებად აქვს, აღნიშნული შეგვიძლია მივიჩნიოთ ეგზოგენურ, ანუ გარეშე ფაქტორებად.
აქციზი ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოზე 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა. გარდა იმისა, რომ საწვავის ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, საწვავი მრავალი საქონლისა და მომსახურების შუალედური პროდუქტია. შესაბამისად, მისი გაძვირება თუ გაიაფება ასევე დაკავშირებულიაფასების ზოგად დონესთან. 2017 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, შეადგენდა 6.7%-ს, რაც 2.7%-ით მაღალი იყო შესაბამის მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის დეკემბრის ინფლაციაში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს წილი იყო 1.12%, ხოლო ტრანსპორტის კატეგორიის წილი, რომლის ნაწილია საწვავის ფასები -1.94%. 2018 წელს აქციზის გავლენა თანდათან ამოიწურა და წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა. შესაბამისად, დაბალი იყო ფასების მატება სხვა სამომხმარებლო კატეგორიებშიც.
2019 წლის მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია შეადგენს 4.7%-ს, რაც მიზნობრივ 3%-ს 1.7%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ზრდაში ყველაზე დიდი წილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას უკავია. საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ ჯგუფში ფასები 7.9%-ით გაიზარდა, რამაც ზოგადი ფასების დონე (მოხმარების ყველა ჯგუფზე) ანუ წლიური ინფლაცია 2.43 პროცენტული პუნქტით გაზარდა. აღნიშნულ პერიოდში ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და ტრანსპორტის ჯგუფების კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 1.77% იყო. შესაბამისად, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია უფრო სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდის გამო, ვიდრე მაგალითად საწვავის და თამბაქოს გაძვირების ჯამური ეფექტის შედეგად, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უხსენებია. თუმცა, რომ არა აქციზის ზრდა, ფაქტობრივი ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისგან დიდად განსხვავებული მაინც არ იქნებოდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება ძირითადად რეალობას შეესაბამება, თუმცა წლიურ ინფლაციაში მნიშვნელოვანი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ზრდას უკავია, რისი აღნიშვნის გარეშეც განცხადება სრულ სიმართლედ ვერ შეფასდება.
ანალიზი
საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა: „2017 წელს ეგზოგენური [ეროვნული ბანკის ზემოქმედებისგან დამოუკიდებელი] ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ინფლაციის მაჩვენებელზე. 2018 წლის დასაწყისში, წინა წელს თამბაქოს პროდუქტებზე და თამბაქოზე გაზრდილი აქციზის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე მიმდინარე წელსაც, როცა თამბაქოზე და ნავთობზე გაზრდილი ფასის გამო ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება“.
ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდის პროცესია. თუ საქონლის და მომსახურების შესაძენად, გარკვეულ პერიოდში, წინა პერიოდზე მეტი თანხაა საჭირო, სახეზეა ინფლაცია. ინფლაციის საზომად გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი), რომლის გამოყენებითქვეყანაში სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ცვლილების გაზომვა ხდება. სამომხმარებლო კალათაში, ფართო მოხმარების 306 დასახელების საქონელი და მომსახურება შედის, რომლებიც 12 ჯგუფად არის გადანაწილებული.
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფასების სტაბილურობის მიღწევაა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმის დროს, წინასწარ განისაზღვრებაინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნას შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში. ამჟამად, აღნიშნული მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 3%-ს. 2017 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 4%. ინფლაციას შესაძლოა მრავალი ფაქტორი იწვევდეს, რომლის ნაწილზე ზემოქმედების ბერკეტებიც ეროვნულ ბანკს ნაკლებად აქვს, აღნიშნული შეგვიძლია მივიჩნიოთ ეგზოგენურ, ანუ გარეშე ფაქტორებად.
აქციზი ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა. ცვლილების მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსება იყო. შედეგად, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემოსავალი მოგების გადასახადიდან შემცირდა 316 მლნ ლარით, ხოლო შემოსავალი აქციზიდან გაიზარდა 365 მლნ-ით. შესაბამისად, ფასები თამბაქოზე და ნავთობპროდუქტებზე გაიზარდა. გარდა იმისა, რომ საწვავის ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, საწვავი მრავალი საქონლისა და მომსახურების შუალედური პროდუქტია. შესაბამისად, მისი გაძვირება თუ გაიაფება ასევე დაკავშირებულია ზოგად ფასების დონესთან. 2017 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, შეადგენდა 6.7%-ს, რაც 2.7%-ით მაღალი იყო შესაბამისი პერიოდის მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის დეკემბრის ინფლაციაში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს წილი იყო 1.12%, ხოლო ტრანსპორტის კატეგორიის წილი, რომლის ნაწილია საწვავის ფასები -1.94%.
გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია 2013-2019 წლებში (%)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2018 წელს აქციზის გავლენა ამოიწურა და წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა. შესაბამისად, დაბალი იყო ფასების მატება სხვა სამომხმარებლო კატეგორიებშიც.
2019 წლის მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია შეადგენს 4.7%-ს, რაც მიზნობრივ 3%-ს 1.7%-ით აღემატება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატებაში ყველაზე დიდი წილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას უკავია. საქსტატის ინფორმაციით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და ტრანსპორტის ჯგუფების კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 1.77% იყო, შესაბამისად ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია უფრო სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდის გამო, ვიდრე მაგალითად, საწვავის და თამბაქოს გაძვირების ჯამური ეფექტის შედეგად. აღსანიშნავია, რომ თუ არ მოხდებოდა აქციზის ზრდა, ფაქტობრივი ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისგან დიდად განსხვავებული მაინც არ იქნებოდა.