ვერდიქტი:ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არისსიმართლე.
რეზიუმე:აქციზი ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოზე 2017 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა. ცვლილების მიზანი მოგების გადასახადისრეფორმისშედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსება იყო. შედეგად, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემოსავალი მოგების გადასახადიდან შემცირდა 316 მლნ ლარით, ხოლო შემოსავალი აქციზიდან გაიზარდა 365 მლნ-ით.
აქციზის გადასახადის ზრდას ნავთობპროდუქტებზე საწვავის ფასების ერთჯერადი მკვეთრი მატება მოჰყვა. ბენზინზე ფასი გაიზარდა დაახლოებით 25 თეთრით, დიზელზე - 20-25 თეთრით, გაზზე - 18 თეთრით.
დავით ბაქრაძე გულისხმობს აქციზის გადასახადის 2016 წლის ნიშნულზე დაბრუნებას. ბენზინის სიმკვრივე, მერყეობს 0.71 დან 0.77 კგ/ლ ფარგლებში. 1 ტონა ბენზინი მოიცავს დაახლოებით 1 230-1 290 ლიტრ ბენზინს. შესაბამისად, გადასახადის 250 ლარით შემცირება 1 ტონაზე, მოგვცემს 19-20 თეთრის შეღავათს. დიზელის სიმკვრივე არის 0.832 კგ/ლ, გადასახადის 250 ლარით შემცირება დიზელს გააიაფებს დაახლოებით 21 თეთრით.
აღსანიშნავია, რომ საწვავი მრავალი საქონლისა და მომსახურების შუალედური პროდუქტია. შესაბამისად, მისი გაძვირება თუ გაიაფება პირდაპირ არის დაკავშირებული სამომხმარებლო ფასებზე, ანუ ინფლაციაზე. აქციზის შემცირება და საწვავის ფასების კლება, როგორც წესი, სამომხმარებლო ფასების ზოგად შემცირებაში აისახება.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემგანაცხადა:„უკვე ორი წელია, ანუ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" გაზარდა აქციზი საწვავზე, ხელისუფლება პირდაპირ ძარცვავს მოსახლეობას. დღემდე ძალიან მაღალია ფასების ზრდა საწვავზე. „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა არის, აქციზი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, რაც, როგორც ნავთობიმპორტიორები ადასტურებენ, 20-25 თეთრით გააიაფებს საწვავს. ეს დღევანდელ გაძვირებულ ცხოვრებაში ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“.
2017 წლის პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასებიგაიზარდა.
ცხრილი 1:აქციზი 2017 წლამდე და შემდეგ (ლარი)
2016 წელი | 2017 წელი | |
ბენზინი (ტონა) | 250 | 500 |
დიზელი (ტონა) | 150 | 400 |
გაზი (1000 კუბ.მ) | 80 | 200 |
წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ცვლილების მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსება იყო. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცაზე უარის თქმის გამო, დანაკლისის თითქმის სრულად აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე დაბალანსება მთავრობისთვის ფაქტობრივად ერთადერთი გამოსავალი იყო, ვინაიდან სხვა გადასახადების ზრდას, ისევე როგორც ახალი გადასახადების დაწესებას, საქართველოს ორგანული კანონი – „ეკონომიკური თავისუფლებისშესახებ“ – კრძალავს. როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემოსავალი მოგების გადასახადიდან შემცირდა 316 მლნ ლარით, ხოლო შემოსავალი აქციზიდან გაიზარდა 365 მლნ ლარით. მათ შორის, ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული აქციზის ზრდამ 136.6 მლნ, თამბაქოს შემთხვევაში კი 101 მლნ ლარი შეადგინა.
ცხრილი 2:აქციზის ზრდასთან დაკავშირებული მაჩვენებლების დინამიკა სახელმწიფო ბიუჯეტში 2015-2018 წლებში (ათასი ლარი)
2015 | 2016 | 2017 | 2018 გეგმა | |
შემოსავალი მოგების გადასახადიდან | 1,025,228 | 1,055,937 | 740,000 | 630,000 |
შემოსავალი აქციზიდან | 870,732 | 1,069,658 | 1,435,000 | 1,450,000 |
ბენზინი | - | 128,672 | 265,249 | - |
დიზელი | - | 87,411 | 203,173 | - |
ნავთი | - | 208 | 532 | - |
სხვა ნავთობპროდუქტები | - | 9,037 | 16,152 | - |
თამბაქო | 518,649 | 619,654 |
წყარო:ფინანსთა სამინისტრო
გაზრდილი აქციზი საწვავის ფასის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც საბოლოოდ საქონლის გასაყიდ ფასში აისახება და მისი საბოლოო გადამხდელი მომხმარებელია, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტზე, რომელიც მომხმარებლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, საწვავი კი ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება. შესაბამისად, საგადასახადო ტვირთის უმთავრესი წილი საბოლოო მომხმარებლის გადასახდელია, ანუ იზრდება სარეალიზაციო ფასი. საწვავის ფასებზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე ლარის კურსი და ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე. ლარის კურსის გაუფასურება აძვირებს იმპორტულ პროდუქტებს, მათ შორის ნავთობს.
გრაფიკი 1:[1]საწვავის ფასების ცვლილება 2015-2018 წლებში
წყარო:ავტოგასამართი სადგური გალფი
როგორც გრაფიკ 1-ზე ჩანს, აქციზის გადასახადის ზრდას ნავთობპროდუქტებზე მოჰყვა საწვავის ფასების მკვეთრი მატება შესაბამის პერიოდში. ბენზინზე ფასი გაიზარდა დაახლოებით 25 თეთრით, დიზელზე 20-25 თეთრით, გაზზე 18 თეთრით.
ცხრილი 3:საწვავის ფასების ცვლილება აქციზის გავლენით
G-Force პრემიუმი | G-Force ევრო რეგულარი | ევრო რეგულარი | G-Force ევრო დიზელი | ევრო დიზელი | გაზი | |
1/29/2017 | 2.29 | 2.19 | 2.09 | 2.19 | 2.09 | 1.45 |
12/27/2016 | 2.04 | 1.94 | 1.84 | 1.99 | 1.84 | 1.27 |
სხვაობა | 0.25 | 0.25 | 0.25 | 0.2 | 0.25 | 0.18 |
წყარო:გალფი
დავით ბაქრაძე გულისხმობს აქციზის გადასახადის 2016 წლის ნიშნულზე დაბრუნებას. ბენზინის სიმკვრივე, მერყეობს 0.71 დან 0.77 კგ/ლ ფარგლებში. 1 ტონა ბენზინი მოიცავს დაახლოებით 1 230-1 290 ლიტრ ბენზინს. შესაბამისად, გადასახადის 250 ლარით შემცირება 1 ტონაზე, მოგვცემს 19-20 თეთრის შეღავათს ლიტრზე. დიზელის სიმკვრივე არის 0.832 კგ/ლ, გადასახადის 250 ლარით შემცირება დიზელს გააიაფებს დაახლოებით 21 თეთრით.
საწვავი მრავალი საქონლისა და მომსახურების შუალედური პროდუქტია. შესაბამისად, მისი გაძვირება თუ გაიაფება პირდაპირ არის დაკავშირებული სამომხმარებლო ფასებთან, ანუ ინფლაციასთან. აქციზის შემცირება და საწვავის ფასების კლება, შესაბამისად აისახება ფასების ზოგად დონეზეც.
[1]აგს Gulf Georgia საწვავის ფასების სრულყოფილ სტატისტიკას აქვეყნებს, საწვავის ფასების დინამიკა მსგავსია ყველა ნავთობკომპანიის შემთხვევაში.