იტვირთება

რეზიუმე: ლარის კურსის შემცირება (ე.წ. გაუფასურება) დოლართან და რიგ უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ პროცესის პარალელურად, მოსახლეობისთვის უცხოურ ვალუტაში (ძირითადად დოლარში) აღებული სესხების მომსახურების გაძვირების საკითხი გახდა აქტუალური.

ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის საფუძვლით, გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, დამტკიცდა ე.. გალარების ერთჯერადი პროგრამა, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. ასევე, 2017 წლის იანვრიდან, ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ 200 000 ლარამდე კრედიტების მიღების უფლება უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, მამუკა ბახტაძის განცხადების შესაფასებლად, რელევანტური პერიოდია 2017 წლიდან დღემდე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშუალოდ გალარების პროგრამა, მეტწილად წარუმატებელი იყო, რადგან პროგრამის რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა გეგმიურ მაჩვენებლებს. ამის მიუხედავად, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, 2017 წლის იანვართან შედარებით, სესხების დოლარიზაციის[1] მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 9%-ით, რაშიც უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შეზღუდვასთან ერთად, მცირე გავლენა იქონია გალარების პროგრამამაც (ასევე შესაძლოა სხვა ფაქტორებმაც). მთლიანად 2017 წლის განმავლობაში, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შეადგენდა საშუალოდ 60%-ს, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წლის დასაწყისის მაჩვენებელს, სანამ მთავრობის ინიციატივები ამოქმედდებოდა. 2019 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში, დოლარში გაცემული სესხების მოცულობა საშუალოდ 56.8-ს შეადგენს, ასევე მიმდინარე წლის განმავლობაში, აღინიშნება სესხების დოლარიზაციის კლებადი ტენდენცია. შესაბამისად, მართალია სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა მთავრობის ძალისხმევას ამ პროცესში, მეტწილად ჩავარდნილი გალარების პროგრამის გამო, ბოლომდე წარმატებულად ვერ მივიჩნევთ. სესხების დოლარში გაცემის შეზღუდვა, დოლარიზაციის შემცირების ბევრად ქმედითუნარიანი ბერკეტია, თუმცა მსგავსი რეგულაციის მართებულობის შეფასება იდეოლოგიური საკითხია და აღნიშნულ კამათში ფაქტ-მეტრი არ შედის.

ინფორმაციისთვის, თუ დოლარიზაციის მიმდინარე მონაცემებს შევადარებთ 2012 წელთან, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი საშუალოდ 68% იყო, შემცირების საკმაოდ მკვეთრი ტენდენცია იკვეთება.

ანალიზი

23 მაისს, „ტვ პირველში“ სტუმრობისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა:დოლარიზაციის დონე იყო მაღალი, ჩვენ შევძელით და ეს შევამცირეთ“.

ლარის კურსი დევალვაცია დოლართან და რიგ უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, მოსახლეობისთვის უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურების გაძვირების საკითხი აქტუალური გახდა. ლარის გაუფასურებამ გააძვირა სესხის მომსახურება იმ პირთათვის, ვისი შემოსავალიც ლარში, ვალდებულებები კი უცხოურ ვალუტაში იყო. სავალუტო რისკის მაღალი დონე საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ცალკე აღებული მსესხებლისთვის, არამედ, მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთლიანად ფინანსური სექტორისთვის. სახელმწიფოს ინტერესია, ფიზიკურმა პირებმა (რადგან მათ ნაკლებად შეუძლიათ სავალუტო რისკების დაზღვევა) სესხი აიღონ იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ.

ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის საფუძვლით, .. გალარების ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. შესაბამისად, მამუკა ბახტაძის განცხადების შესაფასებლად, რელევანტურია პერიოდია 2017 წლიდან დღემდე. ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლოა გალარების პროგრამას წარუმატებელი ეწოდოს. კერძოდ, სესხების გალარების პროცესის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების (65 მლნ) მხოლოდ 24.2% (15.7 მლნ) იქნა ათვისებული. პროგრამით ისარგებლა 5 614-მა ბენეფიციარმა, მაშინ როცა ცვლილებები უნდა შეხებოდა (მაშინდელი ფინანსთა მინისტრის განცხადებით) 33 ათას, ხოლო ეროვნული ბანკის პოზიციით27 ათას მსესხებელს. მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ სესხის ლარში გადატანა მისაღებად მოვალეთა მხოლოდ 17-20%-მა მიიჩნია (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა გალარების პროგრამასთან დაკავშირებით).

ამავდროულად, 2017 წლის იანვრიდან, ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ 200 000 ლარამდე კრედიტების მიღების უფლება უცხოურ ვალუტაში.

საბოლოო ჯამში, უშუალოდ გალარების პროგრამის წარუმატებლობის მიუხედავად, აღნიშნული ზომებისა და სხვა ფაქტორების გავლენით, 2017 წელთან შედარებით, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. 2017 წლის განმავლობაში, დოლარში გაცემული სესხები შეადგენდა საშუალოდ 60%-ს, რაც 4%-ით ჩამოუვარდება 2017 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 2019 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში, დოლარში გაცემული სესხების მოცულობა საშუალოდ 56.8-ს შეადგენს და აღინიშნება სესხების დოლარიზაციის კლებადი ტენდენცია.

სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის ცვლილებების ტენდენცია შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკ 1-ზე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას.

გრაფიკი 1:სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის (%) ცვლილების ტენდენცია (01.01.2017 - 01.05.2019)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ინფორმაციისთვის, თუ დოლარიზაციის მიმდინარე მონაცემებს შევადარებთ 2012 წელთან, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი საშუალოდ 68% იყო, შემცირების საკმაოდ მკვეთრი ტენდენცია იკვეთება.



[1] უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი მთლიან სესხებში


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი