რეზიუმე: მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA) 15 წლის მოზარდების მზაობას ამოწმებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც სკოლაში შეიძინეს. კვლევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. იგი 2000 წლიდან, სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ცოდნას სამი მიმართულებით ამოწმებს: წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. საქართველო PISA-ში 2-ჯერ, 2009 და 2015 წლებში მონაწილეობდა.
2009 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსწავლეების მიღწევები OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 ბევრად ჩამოუვარდება PISA-ს საერთაშორისო საშუალო 493 ქულას. მოსწავლეთა დაახლოებით 38%-ის კითხვის უნარი მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ დონეს შეესაბამებოდა.
2015 წელს საქართველომ საშუალო ქულა გაიუმჯობესა და 411 ქულა მიიღო, თუმცა ის მაინც ბევრად ჩამორჩებოდა მსოფლიო საშუალო 493 ქულას. რაც შეეხება წიგნიერებას, საქართველო იმ 41 ქვეყანას შორის იყო, სადაც კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს. PISA-ს კითხვის ტესტში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი (52%) დაბალი მიღწევის ჯგუფში მოხვდა, ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 1% მოექცა.
ანალიზი
პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სალომე სამადაშვილმა, განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა: „დღეს ჩვენ საერთაშორისო შეფასებებით გვაქვს გამოწვევა უკვე წერა-კითხვის ცოდნაც კი, PISA-ს შეფასებებს ვგულისხმობ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
განათლების მიმართულებით საერთაშორისო კვლევებში საქართველოს შედეგებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).
2006 წლიდან საქართველო განათლების მიმართულებით სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად, შესაძლოა შემდეგი კვლევები მივიჩნიოთ: წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS); მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (TIMSS); მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA); მასწავლებელთა განათლების და განვითარების საერთაშორისო კვლევა (TEDS-M); სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS).
სალომე სამადაშვილი განცხადებაში PISA-ს კვლევებზე საუბრობს და მის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა მოსწავლეებში წერა-კითხვის ცოდნის საკითხი. შესაბამისად, სტატიის მსჯელობა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის (PISA) შედეგებს დაეყრდნობა.
აღნიშნული კვლევა 15 წლის მოზარდების მზაობას ამოწმებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც სკოლაში შეიძინეს. კვლევის მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ იგი მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არის მოსწავლე მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის. კვლევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს.
PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს ცოდნას სამი მიმართულებით: წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა იმართება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და ყოველი მომდევნო ფაზისათვის, დასახელებული სამი სფეროდან, ერთ-ერთს ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა. ასე მაგალითად, 2009-2010 წლის კვლევაში მთავარი კითხვის უნარების შემოწმება იყო, მაშინ, როდესაც 2012 წელს ძირითადი აქცენტი მათემატიკაზე, ხოლო 2015-ში კი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გაკეთდა. გარდა ტესტებისა, PISA-ს ფარგლებში მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის დირექტორები ავსებენ კითხვარებს, რომელთა მიზანია აჩვენონ, თუ რა ახდენს გავლენას მოსწავლეთა მიღწევებზე.
PISA-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სწავლისა და სწავლების პროცესზე მთელ მსოფლიოში. საქართველო PISA-ში 2-ჯერ, 2009 და 2015 წლებში მონაწილეობდა. 2012 წელს კი, ქვეყანამ კვლევაში მონაწილეობა არ მიიღო. უარის თქმის ოფიციალური მიზეზი განათლების სამინისტროს არ გაუჟღერებია, თუმცა ერთ-ერთი მოსაზრებით, 2012 საარჩევნო წელს PISA განათლების სისტემის ბევრ პრობლემას გამოიტანდა დღის სინათლეზე, რაც იმ პერიოდში, ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.
PISA 2009 წლის კვლევაში თავდაპირველად 64 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული მონაწილეობდა. თუმცა, მოგვიანებით, 2009+ პროექტის ფარგლებში, მათ დაემატა 10 მონაწილე,[1] მათ შორის იყო საქართველოც. საქართველოში საცდელი კვლევა 2009 წლის შემოდგომაზე, ძირითადი კვლევა კი, 2010 წლის გაზაფხულზე განხორციელდა.
საქართველოს მოსწავლეების მიერ სამივე მიმართულებით - წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები - მიღწეული შედეგები, სტატისტიკურად, OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 ბევრად ჩამოუვარდება PISA-ს საერთაშორისო საშუალო 493 ქულას. ამ მონაცემებით საქართველოს შედეგები ყატარის, პერუსა და პანამის მოსწავლეების მიღწევების მსგავსია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 38%-ის კითხვის უნარი იმ მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ დონეს შეესაბამება, რომელიც საჭიროა კითხვის ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებისათვის. რაც შეეხება მათემატიკას, აქ საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად დაბალია საერთაშორისო საშუალო 496 ქულაზე.
საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულაა 373, რაც სხვა სფეროების მსგავსად სტატისტიკურად ძალზე ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო 501 ქულას. ამ სფეროში მოსწავლეთა დაახლოებით 34% ავლენს იმ ელემენტარულ საბაზო ცოდნას, რომელიც მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ საფეხურს შეესაბამება.
PISA 2009 წლის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს საბაზისო საფეხურის მოსწავლეების უმეტესობა არ ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. მათი ცოდნა და შესაძლებლობები არ არის საკმარისი განათლების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად და შეუსაბამოა ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებთან. PISA-მ გამოავლინა, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის და უნარების გადაცემას, რომელიც აუცილებელია ამ ასაკის მოქალაქეებისთვის.
2015 წლის PISA-ს კვლევა კონცენტრირებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 70 ქვეყნის 540 000 მოსწავლე. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 5 808 მოსწავლემ, 5 198 მშობელმა და 261 სკოლის დირექტორმა.
2015 წელს საქართველომ საშუალო ქულა გაიუმჯობესა და 411 ქულა მიიღო, თუმცა ის მაინც ბევრად ჩამორჩება მსოფლიო საშუალო 493 ქულას. რაც შეეხება წიგნიერებას, საქართველო იმ 41 ქვეყანას შორისაა, სადაც კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს. საქართველოს რეიტინგული ადგილი 59-64 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული. PISA-ს კითხვის ტესტში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი (52%) დაბალი მიღწევის ჯგუფში მოხვდა, ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 1% მოექცა.
მიუხედავად გაუმჯობესებული შედეგებისა, კვლევამ ისევ დაადასტურა, რომ ქართველი მოსწავლეები ჩამორჩებიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოსწავლეებს მიღწევებში და არ აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
[1] საქართველო, კოსტა რიკა, ინდოეთის ორი შტატი - ჰიმაჩალ პრადეში და ტამილ ნადუ, მალაიზია, მალტა, მავრიტანია, მირანდა - ვენესუელა, მოლდოვა და არაბეთის გაერთიანებული ემირატები