იტვირთება

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე მსოფლიო რეიტინგებში და მოსწავლეების შედეგებზე შესაბამის კვლევებში, ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ამჯერად, ფაქტ-მეტრმა გაანალიზა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (The Programme for International Student Assessment (PISA)

შედეგები.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში შეიძინეს. ეს ის ასაკია, როდესაც მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს. კვლევის  მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ იგი მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არის მოსწავლე მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის. კვლევას ახორციელებს ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD).

PISA ტარდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წიგნიერება -

ინდივიდის უნარი გაიგოს, გამოიყენოს, გაიაზროს და ჩაერთოს წაკითხულ ტექსტში, რათა მიაღწიოს დასახულ მიზნებს, განივითაროს ცოდნა და შესაძლებლობები და მიიღოს სრულყოფილი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მათემატიკური წიგნიერება -

ინდივიდის შესაძლებლობა აღიქვას და გაიგოს მათემატიკის როლი თანამედროვე მსოფლიოში, შეძლოს კარგად დასაბუთებული მსჯელობა და გამოიყენოს მათემატიკა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც მას აქვს როგორც კონსტრუქციულ, მზრუნველ და მოაზროვნე მოქალაქეს.

საბუნებისმეტყველო წიგნიერება -

ინდივიდის მეცნიერული ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების უნარი, რაც საშუალებას მისცემს ამოიცნოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული საკითხი, მიიღოს ახალი ცოდნა, ახსნას მეცნიერული ფენომენი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნა გამოიტანოს.

კვლევა ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და ყოველი მომდევნო ფაზისათვის, დასახელებული სამი სფეროდან, ერთ-ერთს ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა. ასე, მაგალითად, 2009-2010 წლის კვლევაში მთავარი კითხვის უნარების შემოწმება იყო, მაშინ, როდესაც 2012 წელს ძირითადი აქცენტი მათემატიკაზე, ხოლო 2015-ში - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გაკეთდა. გარდა ტესტებისა, PISA-ს ფარგლებში მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის დირექტორები ავსებენ კითხვარებს, რომელთა მიზანია აჩვენონ, თუ რა ახდენს გავლენას მოსწავლეთა მიღწევებზე.

PISA-ს შედეგები მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო:

  • კვლევა ორიენტირებულია საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრაზე. კვლევის დიზაინი და ანგარიშების წარმოების მეთოდები მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ შესაბამისმა სამთავრობო ინსტიტუტებმა კვლევის შედეგები გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრისას.
  • პროგრამა ეფუძნება წიგნიერების „ახლებურ“ ხედვას, რაც გულისხმობს მოსწავლეთა შესაძლებლობას, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები, რათა გააანალიზონ, იმსჯელონ და ეფექტურად გადმოსცენ აზრი სხვადასხვა სიტუაციური პრობლემების გადაჭრისას.
  • პროგრამა შეესაბამება უწყვეტი განათლების პრინციპს და არ შემოისაზღვრება მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების შეფასებით, არამედ ამავდროულად მიზნად ისახავს მოსწავლეების მოტივაციის, თვითრწმენისა და განათლების მიღების პროცესისადმი მათი დამოკიდებულების შესწავლას.
  • კვლევა რეგულარულად ტარდება, რაც მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალ-ყური ადევნონ, რა შედეგებს აღწევენ ისინი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და ამოცანების დაძლევის გზაზე.
PISA-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სწავლისა და სწავლების პროცესზე მთელ მსოფლიოში. საქართველო PISA-ში 2-ჯერ, 2009 და 2015 წლებში მონაწილეობდა. 2012 წელს კი, ქვეყანამ კვლევაში მონაწილეობა არ მიიღო. უარის თქმის ოფიციალური მიზეზი განათლების სამინისტროს არ გაუჟღერებია, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, 2012 საარჩევნო წელს PISA განათლების სისტემის ბევრ პრობლემას გამოიტანდა დღის სინათლეზე, რაც იმ კონკრეტულ პერიოდში, ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა. PISA 2009 წლის კვლევაში თავდაპირველად 64 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული მონაწილეობდა. თუმცა, მოგვიანებით, 2009+ პროექტის ფარგლებში, მათ დაემატა 10 მონაწილე,[1]

მათ შორის იყო საქართველოც (იხ. რუკა). საქართველოში საცდელი კვლევა 2009 წლის შემოდგომაზე, ძირითადი კვლევა კი, 2010 წლის გაზაფხულზე განხორციელდა.

PISA 2009-ში მონაწილე ქვეყნები აღნიშნულია მწვანე ფერით

pisa წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

საქართველოს მოსწავლეების მიერ სამივე სფეროში - წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია.

წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 ბევრად ჩამოუვარდება PISA-ს საერთაშორისო საშუალო 493 ქულას. ამ მონაცემებით საქართველოს შედეგები მსგავსია ყატარის, პერუსა და პანამის მოსწავლეების მიღწევებისა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 38%-ის კითხვის უნარი იმ მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ დონეს შეესაბამება, რომელიც საჭიროა კითხვის ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებისათვის. რაც შეეხება მათემატიკას, აქ საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად დაბალია საერთაშორისო საშუალო 496 ქულაზე.

საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულაა 373, რაც სხვა სფეროების მსგავსად სტატისტიკურად ძალზე ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო 501 ქულას.

ამ სფეროში მოსწავლეთა დაახლოებით 34% ავლენს იმ ელემენტარულ საბაზო ცოდნას, რომელიც მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ საფეხურს შეესაბამება (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 2:

PISA 2009-ში სხვადასხვა სფეროში საქართველოს საშუალო და მსოფლიოს საშუალო ქულები

საქართველო მსოფლიო
წიგნიერება 374 493
საბუნებისმეტყველო წიგნიერება 373 501
მათემატიკური წიგნიერება 379 496
წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი  

PISA 2009 წლის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს საბაზისო საფეხურის მოსწავლეების უმეტესობა არ ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. მათი ცოდნა და შესაძლებლობები არ არის საკმარისი განათლების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად და შეუსაბამოა ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებთან. PISA-მ გამოავლინა, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის და უნარების გადაცემას, რომელიც აუცილებელია ამ ასაკის მოქალაქეებისთვის.

PISA 2015 წლის კვლევა კონცენტრირებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 70 ქვეყნის 540 000 მოსწავლე. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 5 808 მოსწავლემ, 5 198 მშობელმა და 261 სკოლის დირექტორმა.

2015 წელს საქართველომ საშუალო ქულა გაიუმჯობესა და 411 ქულა მიიღო, თუმცა ის მაინც ბევრად ჩამორჩება მსოფლიო საშუალო 493 ქულას. რაც შეეხება წიგნიერებას, საქართველო იმ 41 ქვეყანას შორისაა, სადაც კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს. საქართველოს რეიტინგული ადგილი 59-64 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული. PISA-ს კითხვის ტესტში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი (52%) დაბალი მიღწევის ჯგუფში მოხვდა, ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწალეთა მხოლოდ 1% მოექცა.

მიუხედავად გაუმჯობესებული შედეგებისა, კვლევამ ისევ დაადასტურა, რომ ქართველი მოსწავლეები ჩამორჩებიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოსწავლეებს მიღწევებში და არ აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები. საბოლოოდ PISA-ს კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის წინაშე სერიოზული გამოწვევებია.

[1] საქართველო, კოსტა რიკა, ინდოეთის ორი შტატი - ჰიმაჩალ პრადეში და ტამილ ნადუ, მალაიზია, მალტა, მავრიტანია, მირანდა - ვენესუელა, მოლდოვა და არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

მსგავსი სიახლეები

2702 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი