საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში საქართველოს მოსწავლეების შედეგებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია 1; სტატია 2). ამჯერად, ფაქტ-მეტრი გთავაზობთ საქართველოს მასწავლებლების და მომავალი მასწავლებლების კვლევების შედეგების ანალიზს. სტატიის შინაარსი ეყრდნობა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრს.

მასწავლებელთა განათლების და განვითარების საერთაშორისო კვლევა - მათემატიკა

Teacher Education and Development Study in Mathematics (TEDS-M)

მასწავლებელთა განათლების და განვითარების საერთაშორისო კვლევა შეისწავლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მათემატიკის მომავალი მასწავლებლების მომზადების პოლიტიკას, პრაქტიკას და შედეგებს. იგი არის ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი შედარებითი კვლევა, რომლის მიზანია მასწავლებელთა განათლების პროგრამების სრულყოფა და, ამგვარად, სწავლისა და სწავლების ხელშეწყობა. TEDS-M-ი მასწავლებელთა საგანმანათლებლო სისტემას იკვლევს სამ ძირითად დონეზე: 1. ეროვნული პოლიტიკის, 2. ინსტიტუტებისა და პროგრამების და 3. შედეგების დონეებზე.

კვლევის სამიზნე პოპულაციაა:

სტუდენტები - მომავალი მათემატიკის მასწავლებლები, რომლებიც სწავლის ბოლო კურსზე იმყოფებიან. უფრო კონკრეტულად, დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ, დაწყებით კლასებში, სხვა საგნებთან ერთად, მათემატიკასაც ასწავლიან. ასევე, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მომავალი მასწავლებლები;

- მომავალ მასწავლებელთა მათემატიკის ლექტორები;

- ზოგადი პედაგოგიკის ლექტორები;

- ინსტიტუტები და პროგრამები, რომლებიც მომავალ მათემატიკის მასწავლებლებს ამზადებენ.

TEDS-M პირველად 2008 წელს ჩატარდა და მასში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოდან შესწავლილ იქნა ის 10 უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ამზადებს მომავალ პედაგოგებს, 584 სტუდენტი, 41 მათემატიკის და მათემატიკის სწავლების ლექტორი და 20 ზოგადი პედაგოგიკის ლექტორი.

რაც შეეხება შედეგებს, კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყნის დაწყებითი კლასის მომავალმა მასწავლებლებმა ზოგადად კარგი შედეგები აჩვენა, მათემატიკასა და მათემატიკის პედაგოგიკაში. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საქართველო. საქართველოს სტუდენტებს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ კვლევაში მონაწილეთა შორის. დაწყებითი კლასის მომავალი მასწავლებლების მათემატიკის ცოდნის საშუალო სკალირებული მაჩვენებელი 344-ია. კვლევაში მონაწილე 16 ქვეყნიდან, 5-მა ქვეყანამ საერთაშორისო საშუალოზე დაბალი შედეგები აჩვენა, თუმცა მათ საქართველოსთან შედარებით მაინც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. ანალოგიური ვითარებაა მათემატიკის პედაგოგიკაშიც.

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა

The Teaching and Learning International Survey (TALIS)

TALIS არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, მასწავლებლების სკოლაში საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სტრატეგიები და მეთოდები, ღირებულებები და დამოკიდებულებები. კვლევის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული, ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში.

TALIS 2008 წლიდან ხორციელდება. საქართველო კვლევას 2013 წელს შეუერთდა, ხოლო საველე სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. TALIS 2013-ში მონაწილეობა მიიღო 35-მა ქვეყანამ. საქართველოდან 440-მა სკოლის დირექტორმა და 6 000-ზე მეტმა მასწავლებელმა.

TALIS 2013 კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებებია:

- საქართველოში საბაზო საფეხურის მასწავლებლების საშუალო ასაკი 48 წელია, რაც 5 წლით მეტია TALIS-ში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. 60 წლისა და უფროსი ასაკის მასწავლებლების წილი (19%) კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანაზე მაღალია (TALIS საშუალო 6%-ია). საქართველო ასევე გამოირჩევა ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი წილით სისტემაში. 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 6%-ია, რაც 2-ჯერ ნაკლებია TALIS-ის საშუალო მაჩვენებელზე (12%).

- საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურების მასწავლებლების ნახევარს მიაჩნია, რომ ძალიან კარგად არის მომზადებული იმ საგანში, რომელსაც ასწავლის, ხოლო მასწავლებლების 46% კარგად მომზადებულად მიიჩნევს თავს. თუ საქართველოს კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქართველი მასწავლებლები უფრო მომზადებულად გრძნობენ თავს, ვიდრე TALIS-ში მონაწილე ქვეყნების მასწავლებლები საშუალოდ. კვლევის ავტორების შეფასებით, წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნების მასწავლებლების კმაყოფილების დონე, გაცილებით ჩამოუვარდება საქართველოს მასწავლებლებისას, რაც გარკვეული თვალსაზრისით ხელს უშლის ინდივიდუალური პედაგოგის განვითარების სურვილსა და შესაძლებლობას.

- ერთსა და იმავე სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილების საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 18 წელია, რაც 8 წლით აღემატება TALIS-ში მონაწილე ქვეყნების საშუალოს. საქართველოში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება კი საშუალოდ 23 წელია.

- საქართველოში მასწავლებლების ნახევარზე მეტი არასრულ განაკვეთზე მუშაობს. TALIS-ში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 18%-ია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართველი მასწავლებლების 88% არასრულ განაკვეთზე მუშაობს არა საკუთარი არჩევანით, არამედ სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობის არარსებობის გამო.

- კერძო სკოლებში კლასების საშუალო ზომა 10 მოსწავლით ნაკლებია საჯარო სკოლების კლასების საშუალო ზომაზე. კერძო სკოლებში ასევე საგრძნობლად აღემატება დამხმარე პედაგოგიური პერსონალის საშუალო მაჩვენებელი საჯარო სკოლების მონაცემებს: საჯარო სკოლებში საშუალოდ 35 პედაგოგზე 1 დამხმარე პედაგოგიური პერსონალი მოდის, კერძო სკოლებში ეს შეფარდება 12:1-თანაა. ასევე, კერძო სკოლებში საშუალოდ უფრო მეტი ადმინისტრაციული პერსონალი ჰყავთ: კერძო სკოლებში საშუალოდ 6, საჯარო სკოლებში კი - 3 ადმინისტრაციული თანამშრომელი მუშაობს.

- საბაზო და საშუალო საფეხურის დირექტორების ყველაზე დიდი ნაწილი სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას ასახელებენ.

- დირექტორების ნახევარი ასევე პრობლემატურად მიიჩნევს ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (51%); სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (51%); სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (49%); დამხმარე პერსონალის ნაკლებობას (48%); სასწავლო მასალების შეუსაბამობას ან ნაკლებობას (47%) და არასაკმარის წვდომას ინტერნეტზე (46%).

- სკოლის ბიუჯეტის განაწილების თვალსაზრისით, საქართველო დაბალი ავტონომიურობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე დაბალია ავტონომიურობის ხარისხი სწავლა-სწავლების შინაარსისა და შეფასების პოლიტიკის განსაზღვრაში. სასწავლო მასალების არჩევისა და სასწავლო საგნების შერჩევის თვალსაზრისით, საქართველო საშუალო დონის ავტონომიურობის მქონე სისტემებს განეკუთვნება.

- პროფესიული განვითარების კონტექსტში ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად მოტივატორების არარსებობას ასახელებენ (მასწავლებლების 55%), სოფლად ყველაზე ხშირად მონიშვნადი პრობლემა ფინანსური ბარიერია (54% და 44%).

- როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების შედარებით დიდი ნაწილი ეთანხმება იმას, რომ პროფესიულმა გამოცდებმა მასწავლებლებს უბიძგა მიეღოთ ახალი ცოდნა ან განეახლებინათ ძველი (72% მასწავლებლებში და 88% დირექტორებში).

- საქართველოს მასწავლებლების განცხადებით, ისინი ხშირად ან თითქმის ყველა გაკვეთილზე აძლევენ საშუალებას მოსწავლეებს თავად შეაფასონ საკუთარი წინსვლა. ამ მაჩვენებლით საქართველო თითქმის ორჯერ აღემატება TALIS-ისა და 3-ჯერ ფინეთის საშუალოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პედაგოგები არ აღიარებენ სასწავლო პროცესში არსებულ გარღვევებს და გადაჭარბებულად აფასებენ შესრულებულ სამუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოსწავლეების შედეგები მინიმუმ მიახლოვებული უნდა იყოს ფინეთის მოსწავლეების მაჩვენებლებს.

TALIS შემდეგი კვლევა საქართველოში 2018 წელს ჩატარდება. ახალი კვლევის შედეგები და ძველ კვლევასთან შედარებითი ანალიზი, შექმნის უფრო ნათელ წარმოდგენას მასწავლებლების სწავლისა და სწავლების ხარისხის შესახებ საქართველოში.

თეგები: