რეზიუმე: 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელიც ჰააგაში მდებარეობს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 1999-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებს შეეხება. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1965 წლის კონვენცია – რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD). იმ დრომდე, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა, რუსეთის ფედერაციამ შეიტანა ორი შუამდგომლობა, რომელთა ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში საქართველოს სარჩელის განხილვა არ შედიოდა - პირველი, არ არსებობდა დავა თბილისსა და მოსკოვს შორის და რუსეთი არ წარმოადგენს საქმეში მხარეს; მეორე, CERD-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, ICJ-ში სარჩელის შეტანამდე, საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უშუალოდ მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პირველი შუამდგომლობა მხედველობაში არ მიიღო და რუსეთი დავის მხარედ სცნო, მაგრამ დააკმაყოფილა მისი მეორე შუამდგომლობა. სასამართლომ განაცხადა, რომ სარჩელის შეტანამდე, ქართულმა მხარემ CERD-თან დაკავშირებული საკითხები, უშუალოდ კონვენციის დარღვეულ მუხლებთან მიმართებით, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთთან უნდა განიხილოს, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ხელახლა მიმართავს. სასამართლომ საქართველოს განუსაზღვრა პროცედურები და უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს CERD-ის იმ მუხლებთან მიმართებით, რომელსაც ქართული მხარე დარღვეულად მიიჩნევს და ამოწურავს მოლაპარაკების ეტაპს, მაშინ უკვე შეუძლია გააგრძელოს დავა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

ამ პროცედურების გავლა იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო, ხოლო გაგრძელების პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, მოქმედ ხელისუფლებას ეკისრებოდა და აქვს.

თეა წულუკიანი ქართული მხარის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იმ საქმეში დამარცხებაზე მიუთითებს, რომლის არსებითი განხილვაც, სინამდვილეში, არც კი დაწყებულა. ამ საქმის წაგება ICJ-ში ნიშნავს, რომ სასამართლომ საქმე დასაშვებად სცნო, შემდეგ მასზე არსებითად იმსჯელა და დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან კონვენციის დარღვევა არ მომხდარა - ადგილი არ ჰქონია ეთნიკურ წმენდას. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან არ არსებობს, რადგან საქმე არსებით განხილვამდე არ მისულა და შესაბამისად, მტკიცება, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ დავა წააგო, მცდარია. მით უმეტეს, რომ მართლმასჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი ამ დავაში მხარედ სცნო.

ანალიზი

პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხსენებით იყო მისული. სხვა საკითხებთან ერთად, წულუკიანმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) ისაუბრა და განაცხადა: „ადეიშვილი იყო მაშინ მინისტრი და მისი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომელიც იცავდა ამ საქმეს და 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ დავაში ისინი დამარცხდნენ. თემა არის ასეთი, 2011 წელს წინა ხელისუფლების მიერ შეტანილმა სარჩელმა ICJ-ში განიცადა მარცხი, იმიტომ, რომ საქმე იყო მოუმზადებელი“.

აღნიშნულ განცხადებას, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა და თქვა: „2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ მიმართა ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 2011 წლის 1-ელ აპრილს საქართველოს უთხრა, რომ რაკი ეს არის გაეროს სასამართლო, საქართველოს შეუძლია ამოწუროს გაეროს ფარგლებში, რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების საშუალებით ამ საკითხის გარკვევა და თუ რუსეთი ამ ორმხრივ ფორმატში არ ითანამშრომლებდა, ასეთ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სასამართლოს შეუძლია დაუბრუნდეს აღნიშნული საკითხის განხილვას. ამიტომ, ქალბატონი წულუკიანის განცხადება, რომ საქართველო 2011 წელს დამარცხდა არის წმინდა წყლის ტყუილი და ფაქტის დამახინჯება... რატომ არ არის 2014 წლის შემდეგ გაგზავნილი არცერთი ნოტა და რატომ არ არის შექმნილი შესაბამისი დოკუმენტაცია საიმისოდ, რომ ჩვენ, ვიდრე ამოგვეწურება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, დავაგროვოთ დოკუმენტაცია თუ როგორ იგნორირებას უკეთებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელიც ჰააგაში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილი ეთნიკური წმენდის ფაქტებს შეეხება. სარჩელის საფუძველს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1965 წლის კონვენცია– რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი კონტროლის ქვეშ არსებული სეპარატისტული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, პასუხისმგებელნი არიან რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის II[1], III[2], IV[3], V[4] და VI[5] მუხლების[6] დარღვევაზე - ქართველების დისკრიმინაციაზე და ეთნიკური ნიშნით წმენდაზე.

აღნიშნული სარჩელის თანახმად, საქართველოს პოზიციაა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ქართველების დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის ერთჯერადად გამოვლენილი აქტი. ქართველების ეთნიკური წმენდა რუსეთის ფედერაციამ 1990-იან წლებში დაიწყო, რასაც რუსეთი სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული დაჯგუფებების წრთვნით, იარაღით და ადამიანური რესურსებით მომარაგების გზით ახორციელებდა. 2008 წელს კი რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ნაწილებით დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები აწარმოა. გამომდინარე იქიდან, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას რუსეთის ფედერაცია 1999 წელს შეუერთდა, ქართული მხარე რუსეთისთვის, როგორც სახელმწიფოსათვის, პასუხისმგებლობის დაკისრებას, სწორედ, 1999-2008 წლების მონაკვეთში ითხოვდა.

იმ დრომდე, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქმეს დასაშვებად სცნობდა და მის არსებით განხილვას შეუდგებოდა, რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა (2009 წლის დეკემბერში), რომლის ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს სარჩელის განხილვა, რადგან არ არსებობდა დავა თბილისსა და მოსკოვს შორის და ასევე, რუსეთი არ წარმოადგენს საქმეში მხარეს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რუსეთის შუამდგომლობის ეს არგუმენტი. სასამართლომ დადგინა, რომ რეალურად არსებობს დავა ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და ამ დავის მხარე ნამდვილად არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, თუ ქართველების მიმართ CERD-ის კონვენციის დარღვევა დადგინდება, მასზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. სასამართლოს ეს შუალედური გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო, რომ რუსეთი საერთაშორისო დონეზე გამოცხადებულიყო როგორც კონფლიქტის მხარე, ასევე, განსაზღვრულიყო მისი პასუხისმგებლობის ფარგლები, ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტებთან მიმართებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაავიწროვა საქმის დროითი ფარგლები. მისი შეფასებით, 1999 წლიდან - 2008 წლის ჩათვლით, დავის საგანი, რაც ქართველთა ეთნიკურ წმენდასა და დისკრიმინაციაში მდგომარეობს, იურიდიული თვალსაზრისით, შესაბამისი დოკუმენტებით, მანამდე ნათლად არ დასტურდება. აღნიშნული დანაშაულების იდენტიფიცირება, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს მიმდინარე მოვლენებიდან არის შესაძლებელი. შესაბამისად, ICJ-ის დადგენილებით, სავარაუდოდ, სწორედ, 2008 წლის მოვლენების ირგვლივ იკვეთება რუსეთის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა კონვენციით გათვალისწინებული, ზემოაღნიშნული დანაშაულებების, ჩადენის ფაქტები.

ამის შემდგომ, რუსეთი აპელირებდა კონვენციის პროცედურულ ნაწილზე და აღნიშნავდა, რომ CERD-ის 22-ე მუხლი [7] განსაზღვრავს სპეციალური მოლაპარაკებების ეტაპებს, რომლის თანახმადაც, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ რუსეთთან უნდა ეწარმოებინა და შემდეგ მიემართა სასამართლოსთვის. 2011 წლის აპრილში მართლმსაჯულების სასამართლომ რუსეთის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სარჩელის შეტანამდე ქართულ მხარეს, რუსული მხარის წინაშე, არ დაუყენებია მოლაპარაკებების დაწყების საკითხი კონკრეტულად კონვენციის დარღვეული მუხლების საფუძვლით. სასამართლომ საქართველოს განუსაზღვრა პროცედურები და უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს CERD-ის იმ მუხლებთან მიმართებით, რომლებსაც ქართული მხარე დარღვეულად მიიჩნევს და მოლაპარაკების ეტაპს ამოწურავს, მაშინ საქართველო უფლებამოსილია კვლავ მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს.

ამ პროცედურების გავლა წინა ხელისუფლებამ დაიწყო, გაგრძელების პასუხისმგებლობა კი, ბუნებრივია, მოქმედ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს.

2017 წლის აპრილში ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გაერკვია, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რეკომენდაციების შესასრულებლად რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ და შედგა თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საკითხის ირგვლივ კომუნიკაცია. ამ მიზნით, წერილობით მივმართეთ საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია – დაიწყო თუ არა საქართველომ მოლაპარაკებები რუსეთთან.

თეა წულუკიანის უწყებამ ჩვენი განცხადება უგულებელყო და პასუხი არ მოგვაწოდა (ამ განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მოუწოდებია). საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად: „2011-2014 წლებში რუსეთის ფედერაციასთან არაერთი კომუნიკაცია შედგა, რომელშიც კონვენციით გათვალისწინებული წინასასამართლო მექანიზმების ამოწურვასთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული. 2014 წელს გაიგზავნა ბოლო ნოტა, რომლითაც საქართველომ აცნობა რუსეთის ფედერაციას, რომ CERD-ის კონვენციასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის თაობაზე საქართველოს მთავრობა მას შემდეგ გააგრძელებს საკითხზე მუშაობას, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში[8] რუსეთ-საქართველოს დავის წერილობითი მოსაზრებები და მომდევნო ზეპირი განხილვები შედგება“.

სამინისტროს ეს პასუხი გულისხმობს, რომ ICJ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროცედურული მექანიზმების ამოწურვას და დასაშვებობის ეტაპის გავლას, ქართული მხარე უკავშირებს და დამოკიდებულს ხდის რუსეთ - საქართველოს შორის სტრასბურგის სასამართლოს დავის მიმდინარეობაზე. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, თამარ თომაშვილს მიმართა. ამასთან, მას სამინისტროს ოფიციალური წერილის შეფასებაც ვთხოვეთ.

თომაშვილის თქმით, იმისთვის რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს, საქმემ ჯერ დასაშვებობის ეტაპი უნდა გაიაროს. რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, საჭიროა, რომ სასამართლოში წასვლამდე მხარეები მოლაპარაკებას ეცადონ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიცია იყო, რომ მან არაერთხელ სცადა რუსეთთან მოლაპარაკება, რასაც ცხადყოფდა სახელმწიფოს მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადებები. ICJ-მ ეს პოზიცია არ გაიზიარა და თქვა, რომ საქართველოს, ვიდრე სასამართლოში სარჩელს წარადგენდა, რუსეთისთვის მოლაპარაკებების თაობაზე უნდა მიემართა და დაესახელებინა მისთვის კონვენციის კონკრეტულად ის მუხლები, რომელსაც ედავებოდა. კერძოდ, საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის ფარგლებში უნდა მოეთხოვა რუსეთის ფედერაციისთვის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებელი ნაწილის გავლა, შეფასება და პასუხისმგებლობის აღიარება. „2011 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რუსეთში ორმხრივი მოლაპარაკებების შეთავაზებით არაერთი დიპლომატიური ნოტა გააგზავნა. ამ პროცესში საქართველო გარკვეულ ეტაპამდე მისული იყო და მიმდინარეობდა პროცედურები, რომ შეთანხმებულიყო, თუ როდის დაიწყებოდა მოლაპარაკებები, რომლებიც ამოწურავდა ICJ-ის მოთხოვნებს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებდა ამ საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების ინიცირება მომხდარიყო დროულად, მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დაიძრა. აღნიშნული პროცედურის მიტოვება კი, საშუალებას მისცემს მეორე მხარეს, საქართველოს ბრალი დასდოს არაკეთილსინდისიერ მოქცევაში“, – განაცხადა თამარ თომაშვილმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხს, თამარ თომაშვილის აზრით, ამ საქმის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავასთან მიბმა დიდი შეცდომაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე სასამართლოში ჰქონდეს შესაძლებლობა ედავოს რუსეთს. გარდა ამისა, ეს არის ორი განსხვავებული საქმე, ორი განსხვავებული დავის შინაარსით. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისი დავა, რომლის საგანია ქართველების დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, ხოლო სტრასბურგის საქმე ეხება 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევას. აღნიშნული დავების ქართული მხარის მიერ აშკარა ურთიერდაკავშირება სახიფათოა, რადგან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასმართლო სავარაუდოდ აიცილებს დავას, რომელიც ერთხელ უკვე განიხილა სხვა საერთაშორისო სასამართლომ - ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ორივე სასამართლოს წესდების თანახმად, მათ არ აქვთ უფლება განიხილონ ისეთი საქმე, რომელზეც უკვე არსებობს სხვა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. მსგავსი ხასიათით ამ საქმეების გადაჯაჭვას რუსეთი ევროსასამართლოს წინაშე იმ არგუმენტით ცდილობდა, რომ ეს შინაარსობრივად ერთი დავაა. მსგავსი მიდგომის ქართული მხარის მიერ გამოყენება, დაეხმარება რუსეთს იგივე არგუმენტი გამოიყენოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, თუკი უკვე იარსებებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

სტატიაზე მუშაობის პროცესში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ მივმართეთ შეკითხვით საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი, 2017 წლის პასუხის ანალოგიურია, კერძოდ, სამინისტროს პოზიციით, ევროპული სასამართლო განიხილავს საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელს, რომელიც შეეხება 2008 წლის ომის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევისათვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთთან 2014 წელს გაიგზავნა ბოლო ნოტა, რომლითაც საქართველოს მთავრობამ აცნობა რუსეთს, რომ ICJ-ში დავას დაუბრუნდება საქართველო მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა დასრულდება. ეს პოზიცია გაზიარებულია იუსტიციის სამინისტროს პასუხშიც.

მნიშვნელოვანია, რომ ICJ-ის ე.წ. საწესდებო დოკუმენტის 61-ე მუხლის, მე-5 პუნქტის მიხედვით, ერთი და იგივე საქმეზე, განმეორებითი განაცხადის შეტანა არ შეიძლება თუ პირველი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, 10 წელია გასული. შესაბამისად, საქართველოს წინა სასამართლო პროცედურების ამოწურვისთვის ვადა, მხოლოდ, 2021 წლის აპრილამდე აქვს. ვადის გასვლის საკითხზეც, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მსგავსი პოზიცია აქვთ და ამბობენ, რომ თუ საქმეში გამოიკვეთება ახალი გარემოება, მაშინ საქართველო დაუყოვნებლივ მიმართავს ICJ-ის. თეა წულუკიანის პოზიციით, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოკვეთს ახალ გარემოებებს, რომელითაც საქართველო ჰააგაში საქმის გაგრძელებას შეძლებს.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.



[1] რასობრივი დისკრიმინაცია

[2] რასობრივი სეგრეგაცია და აპარტეიდი

[3] რასობრივი ზიზღი

[4] თანასწორობის უფლების დარღვევა

[5] ეფექტური დაცვა

[6] ვრცლად კონვენციის მუხლების შესახებ იხილეთ ბმული

[7] ამ მუხლის თანახმად, მოსარჩელე მხარე უნდა შეეცადოს პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას. თუ აღნიშნული ვერ მოხერხდა, მაშინ არსებობს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი, რომელშიც განხილვა პროცედურის დაცვით უნდა წარიმართოს. ეს პროცედურა ითვალისწინებს, თუ როგორ უნდა იჩივლოს სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ აცნობოს ამის შესახებ მეორე სახელმწიფოს (იგულისხმება მაგალითად, ნოტა) და ა.შ.

[8] დავა სტრასბურგში ჯერ არ დასრულებულა

თეგები:

პერსონები