საპარლამენტო სესიაზე, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მიერ ჰააგის სასამართლოში (რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ) შეტანილ სარჩელზე ისაუბრა: „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ჩვენ გვითხრა, რომ ვიდრე სასამართლო ამ საკითხზე გააგრძელებს მსჯელობას, აუცილებელია ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთთან, ეთნიკური წმენდის აღმოფხვრის საკითხებზე. თუმცა, 2012 წლიდან ერთი ნოტაც კი არ არის გაგზავნილი შვეიცარიელების შუამავლობით რუსეთთან, იმისათვის, რომ როდესაც მოხდება სასამართლოს მიერ ამ საკითხის ხელახლა განხილვა, მან მიიჩნიოს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი მათი რეკომენდაციის შესასრულებლად. ასეთი უმოქმედობა, ბუნებრივია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის არმიამ (როკის გვირაბის გავლით) გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და განახორციელა წინასწარ დაგეგმილი, სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აგრესია მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 410 მოქალაქე. აქედან, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო პირი (5 სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა, თუმცა მათ კანონით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი და ვერც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ)

და დაშავდა 1 700-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 130 000 მოქალაქე იძულებით იქნა გადაადგილებული, მათ შორის, უმეტესობა გამოექცა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონის ქართულ სოფლებში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ქართველების მიმართ.

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 1993-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებს ეხება. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1965 წლის კონვენცია - რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CERD). სარჩელში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი კონტროლის ქვეშ არსებული სეპარატისტული რეჟიმები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, პასუხისმგებელნი არიან CERD-ის II, III, IV, V და VI მუხლების სერიოზულ დარღვევაზე.

იმ დრომდე, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა (2009 წლის დეკემბერში), რუსეთის ფედერაციამ ჰააგაში შეიტანა შუამდგომლობა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მართლსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს სარჩელის განხილვა და ამისთვის მან ორი ძირითადი არგუმენტი მოიყვანა:

  1. არ არსებობდა დავა თბილისსა და მოსკოვს შორის, რუსეთი არ წარმოადგენს საქმეში მხარეს და თბილისს ეს საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებია პირდაპირ მოსკოვის წინაშე;
  2. CERD-ის 22-ე მუხლი განსაზღვრავს სპეციალურ პროცედურებს, რომლის თანახმადაც, ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უშუალოდ მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.
ჰააგის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რუსეთის შუამდგომლობის პირველი არგუმენტი, მაგრამ 2011 წლის აპრილში შუამდგომლობა მეორე არგუმენტით დააკმაყოფილა. სასამართლომ განაცხადა, რომ სარჩელის შეტანამდე ქართულ მხარეს არ უცდია CERD-თან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან განეხილა და ასევე არ უცდია კონვენციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დავის მოგვარების სხვა მექანიზმების გამოყენება, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა,

რომ საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა არ დაწყებულიყო.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ჰააგის სასამართლოს რეკომენდაციების შესასრულებლად რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ და შედგა თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საკითხის ირგვლივ კომუნიკაცია. ამ მიზნით, წერილობით მივმართეთ საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შერიგებისა და თანასწორობის სამოქალაქო საქმეთა სამინისტროებს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია - დაიწყო თუ არა საქართველომ ფორმალური მოლაპარაკებები, რათა დაეკმაყოფილებინა CERD-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გვიპასუხა,

 რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსული მხარისთვის დიპლომატიური ნოტა არ გაუგზავნია, რადგან აღნიშნული სცდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციას. იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი განცხადება უგულვებელყო და პასუხი არ მოგვაწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაგვიანებით, 23 სამუშაო დღეში მოგვაწოდა. სამინისტროს პასუხის

თანახმად: „2011-2014 წლებში შედგა არაერთი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან, რომელშიც განხილული იყო კონვენციით გათვალისწინებული წინასასამართლო მექანიზმების ამოწურვასთან დაკავშირებული საკითხები. 2014 წელს გაიგზავნა ბოლო ნოტა, რომლითაც საქართველომ აცნობა რუსეთის ფედერაციას, რომ CERD-ის კონვენციასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის თაობაზე საქართველოს მთავრობა მას შემდეგ გააგრძელებს საკითხზე მუშაობას, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის წერილობითი მოსაზრებები და მომდევნო ზეპირი განხილვები შედგება“.

სამინისტროს ეს პასუხი გულისხმობს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ პროცედურული მექანიზმების ამოწურვა და დასაშვებობის ეტაპის გავლა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია სტრასბურგის სასამართლოს დავის (საქმე II N38263)

მიმდინარეობაზე რუსეთ-საქართველოს შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი საკმაოდ ბუნდოვანია, გარდა ამისა, ფაქტ-მეტრისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება იყოს დამოკიდებული ჰააგაში სარჩელის განხილვა სტრასბურგში საქმის მიმდინარეობაზე. საკითხში უკეთ გასარკვევად ფაქტ-მეტრმა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს თამარ თომაშვილს

მიმართა. მას სამინისტროს ოფიციალური წერილის შეფასება ვთხოვეთ.

თომაშვილის თქმით, იმისთვის, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს, საქმემ ჯერ დასაშვებობის ეტაპი უნდა გაიაროს. რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, საჭიროა, სასამართლოში წასვლამდე მხარეები ეცადონ მოლაპარაკებას. ჰააგის სასამართლოში საქართველოს პოზიცია იყო, რომ მან არაერთხელ სცადა რუსეთთან მოლაპარაკება და მოსთხოვა არსებული მდგომარეობის შეჩერება/გამოსწორება. მართლმსაჯულების სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და თქვა, რომ საქართველოს პირდაპირ უნდა დაესახელებინა კონვენცია და რუსეთისთვის ეთქვა: „დაჯექი ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მხრიდან დაირღვა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CERD) კონვენცია“. კონვენციის დაუსახელებლობის გამო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოლაპარაკებების ეტაპი არ ამოუწურავს.

„2011 წელს იუსტიციის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რუსეთში გააგზავნა არაერთი დიპლომატიური ნოტა ორმხრივი მოლაპარაკებების შეთავაზებით. ამ პროცესში საქართველო გარკვეულ ეტაპამდე მისული იყო და მიმდინარეობდა პროცედურები, რომ შეგვეთანხმებინა, თუ როდის დაიწყებოდა მოლაპარაკებები, რომლებიც ამოწურავდა სასამართლოს მოთხოვნებს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებდა ამ საქმეს. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები შედგეს დროულად და ჩანდეს, რომ საქართველო იქცევა კეთილსინდისიერად“, - აცხადებს თომაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხს, თამარ თომაშვილის აზრით, „ამ საქმის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავასთან მიბმა დიდი შეცდომაა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ორი განსხვავებული საქმე, ორი განსხვავებული დავის შინაარსით. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავის არსი არის ეთნიკური წმენდა, მას უფრო გრძელი ისტორია აქვს და 1990-იან წლებთან არის დაკავშირებული. ხოლო, სტრასბურგის საქმე ეხება 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევას. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე ფორუმზე ყოფილიყო შესაძლებლობა, შინაარსობრივად ორ განსხვავებულ პრობლემაზე დავა... ამ საქმეების გადაჯაჭვას რუსეთი ცდილობდა იმ არგუმენტით, რომ ეს შინაარსობრივად ერთი დავაა. მსგავსი მიდგომა რუსეთს უფრო აწყობს, ვინაიდან მისთვის უფრო მარტივია იბრძოლოს მხოლოდ ერთ სასამართლოში. ამგვარი ნოტით კი, საქართველო ეუბნება, რომ „მე მოვრჩები სტრასბურგში საქმეს და მერე მოგხედავ“. თუ ეს საქმეები ერთმანეთთან დაკავშირებულია, მაშინ ერთმა სასამართლომ იდავა უკვე და მიიღო გადაწყვეტილება, შენ აღარ გაქვს შესაძლებლობა იგივე დავის საგანზე მეორე სასამართლოში იდავო. ნოტის ასეთი ფორმულირება არის ძალიან ცუდი“.

  დასკვნა

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ჰააგის სასამართლოში მიმდინარე საქმის ირგვლივ გარკვეული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგაც გადაიდგა და ნოტებიც გაიგზავნა. თუმცა, საქართველოს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი ბოლო ნოტა სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის პოზიციებისთვის შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

მართალია, ქართულმა მხარემ რუსეთში რამდენიმე ნოტა (საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად) გააგზავნა, თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების კონტექსტი, საერთო ჯამში მდგომარეობის გაუარესების შესახებ, დიდი ალბათობით შესაძლოა მართებული აღმოჩნდეს. ამდენად, ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და აღნიშნულ საკითხს მომავალში კვლავ დაუბრუნდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი