პრეისტორია
მოვალეთა სიაში მყოფი მოქალაქეებისა და უიმედო ვალების საკითხი, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,წარსულში პერიოდულად აქტიურდებოდა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობდა, ხოლო შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია იგეგმებოდა. თემის წამოწევას სათავე,გასული წლის ნოემბერში,საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვამ და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ დაუდო. პასუხად, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის მხრიდან წარსადგენი „მასშტაბური გადაწყვეტილება“ დააანონსა. 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, უიმედო ვალების ნაწილის განულების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.
ხელისუფლების პოზიცია
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ე.წ „გაფუჭებული“ სესხების 95%-ს წარმოადგენდა ვალდებულებები, რომელთა ძირი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება. უცნობია, აღნიშნული 95% ეხებოდა ვალის მოცულობას თუ სასესხო ხელშეკრულებების ოდენობას. თუმცა, პრემიერის ინფორმაციით, 2000 ლარამდე ძირის მქონე ვალდებულებების ჯამური მოცულობა 1.5 მლრდ ლარამდე იყო, ხოლო მოვალეთა ოდენობა 600 ათას ადამიანს შეადგენდა (მათ შორის 150 ათასამდე სოციალურად დაუცველი). ვალდებულებების დაფარვის ფორმა და დეტალები მამუკა ბახტაძეს არ განუმარტავს, თუმცა კრედიტორების სოციალურ პასუხისმგებლობას და ფონდი „ქართუს“ განსაკუთრებულ როლსხაზი გაუსვა.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დამატებით განმარტა, რომ ჩამოსაწერ 1.5 მლრდ ლარს სრულად დაფარავდა ფონდი „ქართუ“.
რაც შეეხება ეროვნული ბანკს, ამ უწყების მხრიდან, რომელიც მისივე ფუნქციებიდან გამომდინარე, პროცესში მონაწილე ძირითადი უწყება უნდა ყოფილიყო, კომუნიკაცია არადამაკმაყოფილებელი იყო. საწყის ეტაპზე მხოლოდ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება გახდა ცნობილი, თუმცა მასში არ გამოჩნდა ეროვნული ბანკის შეფასება პროცესთან მიმართებით, რადგან არჩილ მესტვირიშვილი მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ქმედება ერთჯერადია და მომავალში არ განმეორდება. როგორ უყურებდა პროცესს ეროვნული ბანკი, რა კონკრეტულ საფრთხეებს ხედავდა, ან ხედავდა თუ არა საერთოდ და როგორ აპირებდა მათთან გამკლავებას, უცნობი დარჩა. მოგვიანებით, გავრცელდა სებ-ის პრეზიდენტის მოკლე განცხადება. კობა გვენეტაძის პოზიციით, პროცესს ფინანსურ ინსტიტუტებზე გავლენა არ ექნებოდა, ფიზიკურ პირებს კი, რომლებიც იყვნენ საკრედიტო ბიუროში ე.წ. ნეგატიური სტატუსით, ახალ შანსს მისცემდა, რომ ოფიციალურად ემუშავათ ლეგალურ სექტორში.
კერძო სექტორის პოზიცია
პროცესში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებებში გამოიკვეთა მთელი რიგი შეუსაბამობები მთავრობის წევრების მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან.
ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციისაგან განსხვავებით, საკუთარ განცხადებაში ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განმარტა, რომ ფონდის ბიუჯეტში, მოცემული მიზნით, მხოლოდ 100 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, რაც ნიშნავს რომ „ქართუ“ 1.5 მლრდ ლარის დაფარვას არ გეგმავდა, როგორც ეს მინისტრმა აღნიშნა.
საკითხის ირგვლივ არსებულ გაურკვევლობაში სიცხადე შეიტანა ბანკების ასოციაციის განცხადებამ. ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში საუბარი შეეხებოდა არა ვალდებულებების დაფარვას, არამედ ე.წ „გაფუჭებული სესხების“ პორტფელის გამოსყიდვას[1] ფონდი „ქართუს“ მიერ. როგორც განცხადებიდან გაირკვა, გასაყიდი პორტფელი ძირითადად იმ საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგებოდა, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს: 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.
რა გახდა ცნობილი უშუალოდ პროცესზე
პროცესის განხილვამდე მიზანშეწონილია განიმარტოს, რომ სხვადასხვა ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სასესხო პორტფელის გასხვისება საბაზრო ურთიერთობების ფარგლებში გავრცელებული პრაქტიკაა. უშუალოდ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შემთხვევაში, მიღებულია კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების გადაბარება/მიყიდვა სპეციალიზირებული ორგანიზაციებისათვის - პრობლემური სესხების ბიუროები ე.წ სესხის ამომღები სააგენტოები, კოლექტორები.
მაგალითად, ბანკი 1000 ლარის ოდენობით ვადაგადაცილებულ სესხებზე მოთხოვნის უფლებას 100 ლარად მიჰყიდის კოლექტორს, რომელიც თავის მხრივ, ცდილობს აღნიშნული სესხის „ამოღებას“ მსესხებლისგან სრულად ან ნაწილობრივ. სესხის შეძენისას გადახდილ თანხასა და „ამოღებულ“ სახსრებს შორის სხვაობა წარმოადგენს კოლექტორის მოგებას/ზარალს. პრინციპი მოცემულ შემთხვევაშიც ანალოგიურია და ჯამურად 1.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხების პორტფელის შეძენას ფონდი „ქართუ“, სავარაუდოდ, 100 მლნ ლარის ფარგლებში გეგმავდა[2]. თუმცა, სტანდარტული კოლექტორისაგან განსხვავებით, ფონდი იჩენდა კეთილ ნებას და უარს აცხადებდა მსესხებლისაგან აღნიშნული ვალდებულებების ამოღებაზე - პატიობდა ვალს.
პროგრამის შედეგები
დღევანდელი მდგომარეობით ცნობილია, რომ კრედიტების ჩამოწერის პროგრამის ფარგლებში ვალდებულებები ჩამოეწერა 615 164 ადამიანს, რაც შესაბამისობაშია წინასწარ გაცხადებულ ოდენობასთან. ასევე ცნობილია, რომ ჩამოწერილი ჯამური დავალიანების ოდენობა 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოცულობა გარდა სესხის ძირი თანხისა, მოიცავს ნებისმიერ დამატებით დაგროვილ დავალიანებას, როგორიცაა დარიცხული პროცენტი, დაკისრებული ჯარიმა ან პირგასამტეხლო და სხვა. პროგრამაში ჩაერთო 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია.
ამ ეტაპზეც უცნობი რჩება რა დაუჯდა ფონდ „ქართუს“ 4.1 მლრდ ლარის ვალდებულებებზე მოთხოვნის უფლების გამოსყიდვა, თუმცა ცნობილია ცალკეული შეთავაზებების პირობები და სავარაუდოდ ჯამური გადახდილი თანხა 100-150 მლნ ლარის მიდამოებში უნდა მერყეობდეს. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ შემთხვევაში, ვალების განულების პროგრამაში ჩართვისთვის ფონდი „ქართუ“ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ძირი თანხის 9%-დან 14%-მდე თანხის გადახდაზე აცხადებდა მზაობას, რაც მისოსთვის კომერციულად მიმზიდველი არ აღმოჩნდა. თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სესხების განულების პროგრამაში „თიბისი ბანკმა“ 120 მილიონიანი პორტფელი „ქართუს“ მხოლოდ 3 მილიონად (2.5%) დაუთმო. უცნობია რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული ფასი საქართველოში არსებულ საბაზრო ფასს, თუმცა გავრცელებული განცხადებების პათოსიდან იკითხება, რომ შეთავაზებული ფასი ჩამოუვარდებოდა საბაზროს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გარკვეული კითხვები პროცესის ნებაყოფლობითობის თვალსაზრისითაც გააჩინა. მისი თქმით, ბანკის პოზიციით პორტფელის ღირებულება აღემატებოდა შემოთავაზებულ ფასს, მათ ამ პორტფელთან მიმართებით სხვა გათვლები ჰქონდათ და გასანულებლად არ მიიჩნევდნენ.
რაც შეეხება პროგრამის ბენეფიციართა[3] მიერ მიღებულ ან/და მისაღებ სარგებელს. ე.წ შავ სიაში მყოფთა მიმდინარე ან მოსალოდნელი ფინანსური ხარჯის თვალსაზრისით შესაძლებელია ითქვას, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. მსესხებლები აღნიშნული ვალდებულების მომსახურებას არ ახორციელებდნენ და ლოგიკურია ვთქვათ, რომ არც მომავალში აპირებდნენ გადახდას. შესაბამისად, მათი კეთილდღეობის გაუმჯოებესება ხარჯების შემცირების კუთხით ვერ მოხდებოდა.
ამავდროულად, ე.წ. შავ სიაში ანუ არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა სიაში „ყოფნა“ მხოლოდ ტექნიკური საკითხია. შინაარსობრივი მხარეა მსესხებელთა უარყოფითი საკრედიტო ისტორია. ცალკეული კომერციული ორგანიზაცია სესხის გაცემისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, პოტენციური მსესხებლის საკრედიტო ისტორიას განიხილავს სწორედ რისკიანობის თვალსაზრისით. კრედიტის გაცემისას მნიშვნელოვანია ინფორმაცია მსესხებლის წარსული საკრედიტო აქტივობების შესახებ და არა უშუალოდ ის სტატუსი, რაც ტექნიკურად შეიძლება ჰქონდეს მინიჭებული. ამ ადამიანებისათვის ვალდებულებების ჩამოწერით, ბუნებრივია, არ იცვლება მათი საკრედიტო ისტორია და რისკიანობის დონე დაკრედიტებისას. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ვალდებულების ჩამოწერასთან ერთად, მომავალში ისინი სრულფასოვნად შეძლებენ საკრედიტო რესურსით სარგებლობას გადაჭარბებულია. სავარაუდოა, რომ კომერციული ბანკები და მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, დაკრედიტების უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებენ, ამ ადამიანებზე სესხების გაცემას უახლოეს მომავალშიც მოერიდებიან.
მსესხებელთათვის ვალდებულებების ფორმალურად ჩამოწერის გარკვეულწილად დადებით შედეგად, შესაძლებელია მივიჩნიოთ, მომავალში ოფიციალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობის დაბრუნება ამ პირთათვის. ე.წ შავ სიაში მყოფად მიჩნეული მსესხებლების ნაწილის საბანკო ანგარიშებზე დადებული იყო შეზღუდვები. შესაბამისად, მათი გარკვეული ნაწილი ცდილობდა არ დაფიქსირებოდა ოფიციალური შემოსავალი, რათა არ მომხდარიყო სახსრების ავტომატურად მიმართვა ვალდებულების დასაფარად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ეს ნაწილი იძულებული იყო ემუშავა არაფორმალური გარიგებების ან ნაღდი ანგარიშსწორების პირობებში, რაც, ბუნებრივია, ართულებს სამუშაოს მოძიების ისედაც რთულ პროცესს. ვალდებულებების ჩამოწერის პირობებში, ოფიციალური შემოსავლის მიღების შეუძლებლობის ფორმალური საფუძველი ქრება და ამ ადამიანებისათვის აღნიშნული ბარიერი ნამდვილად იხსენება.
უშუალოდ პროგრამის საკრედიტო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევაზე გავლენის თვალსაზრისით ხელშესახები შედეგები ცნობილი არ არის. შესაბამისად, რთულია მსჯელობა თუ რა გავლენა იქონია მსესხებელთა განწყობებზე მოცემულმა პრეცედენტმა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ შენგელიას განცხადებით იყო მოლოდინი, რომ პროგრამას „შეიძლება გამოეწვია ურჩი გადამხდელების წახალისება [ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისკენ], რაც მოხდა კიდეც“, თუმცა მოლოდინის გამართლების ნაწილში მტკიცება რა კრიტერიუმებს ეყრდნობა ან რა მასშტაბებზეა საუბარი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამამ გარკვეული კითხვები გააჩინა სამართლებრივი თვალსაზრისითაც. კერძოდ, მისი ინიცირება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში მოხდა. შედეგად გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ ინიციატივის ფაქტობრივ მიზანს, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების მობილიზება წარმოადგენდა და შესაძლოა გამოკვეთილიყო დანაშაულის ნიშნები, კერძოდ ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის ფაქტი. შესაბამისი ჩანაწერი ფიქსირდება „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის“ საბოლოო ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ პროცესის მონაწილეთა მხრიდან აღნიშნული პროგრამა ხმების ყიდვის ნაირსახეობად იქნა განხილული და მან ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ბუნდოვანი გახადა. ანგარიშში ხაზგასმულია მოცემულ საკითხთან მიმართებით სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო რეაგირების ფაქტიც.