რეზიუმე: 2019 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაახლოებით 875 მლნ ლარს შეადგენს, 2014 წელს კი სამინისტროს ბიუჯეტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 667.4 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა, ბიუჯეტის დინამიკის ანალიზისას, აბსოლუტურ რიცხვებთან ერთად, აუცილებელია ფარდობითი მაჩვენებლების განხილვაც. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემთხვევაში, ნომინალური დაფინანსების ზრდის მიუხედავად, 2014 წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 2.29%-დან 1.95%-მდე,ასევე მთლიან საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებით, 8.16%-დან 7.42 %-მდე. შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადების კონტექსტი გარკვეულწილად სიმართლეა.

თუმცა, პოლიტიკოსი ამ შედეგთან აბსოლუტური მაჩვენებლის დოლარში კონვერტირების გზით მიდის და არასწორი ანალიზის შედეგად. შესაბამისად, მსჯელობის ხაზი მცდარია, რადგან ანალიზისას ბიუჯეტის დათვლა უცხოურ ვალუტაში გაუმართლებელია. შესაძლოა, კურსის ცვლილების შედეგად, დოლარში შესაძენი საქონლისა და მომსახურების ნაკლები ოდენობის შეძენა ხერხდება, თუმცა, აღნიშნული ვერ ინტერპრეტირდება „ბიუჯეტის კლებად“, რადგან ასეთი ხარჯები ბიუჯეტის მხოლოდ გარკვეული ნაწილია და არა მთელი. ბუნებრივია, სამინისტროს ხარჯები გაიწევა როგორც ლარსა და დოლარში გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად, ასევე სხვა ვალუტებში, რომლების ნაწილიც შესაძლოა ლართან მიმართებით პირიქით გაუფასურდნენ (მაგალითად უკრაინული გრივნა).

დიდწილად სპეკულაციურია განცხადების ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი მიმართავს მთავრობას - „ვალუტა გააუფასურეთ“. ლარის კურსზე მოქმედებს შიდა და გარე ობიექტური ფაქტორები, რომლის ნაწილის კონტროლი მთავრობას არ შეუძლია. მნიშვნელოვანი ფაქტორია დოლარის ინდექსის დინამიკა, რომლის მკვეთრი ზრდის ტენდენციაც ემთხვევა ლარის გაუფასურების პროცესის დაწყებას, 2014 წლის მესამე კვარტალში. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ვალუტა მთავრობამ გააუფასურა, არასწორია. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო ფაქტორებთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, გაუთვლელი რეფორმები,[1] სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა).

ანალიზი

2019 წლის 4 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „რეალურად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის შემცირებული, იმიტომ რომ თქვენი მთავრობის მიერ გაუფასურებული ეროვნული ვალუტის პირობებში იძულებული ვართ ბიუჯეტი დავთვალოთ დოლარებში და 2014 წლის შემდეგ ბიუჯეტი შემცირებულია დოლარებში 80 მლნ დოლარით“.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მაჩვენებლებს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს, აღნიშნული მონაცემები ასახულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების[2] თავში. ბიუჯეტის დინამიკის ანალიზისას, ნომინალურთან ერთად, აუცილებელია ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემთხვევაში, 2014 წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ასევე მთლიან საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებით.

გრაფიკი 1: თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დინამიკა 2014-2019 წლებში (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2019 წელს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაახლოებით 875 მლნ ლარს შეადგენს, 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 667.4 მლნ ლარს შეადგენდა. მცირდება ბიუჯეტის წილი მთლიან ხარჯებთან მიმართებით, 8.16%-დან 7.42%-მდე და მშპ-სთან მიმართებით, 2.29%-დან 1.95%-მდე. შესაბამისად, სიმართლეა სალომე სამადაშვილის განცხადების კონტექსტი, რომელიც ბიუჯეტის კლებას შეეხება. თუმცა, პოლიტიკოსის მსჯელობის ხაზი რომლითაც ის დასკვნამდე მიდის მცდარია, რადგან ბიუჯეტის დათვლა უცხოურ ვალუტაში არ არის მართებული. შესაძლოა, დოლარში ფასგამოცხადებული საქონლისა და მომსახურების ნაკლები ოდენობის შეძენა ხერხდება დოლართან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურების გამო, თუმცა მსგავსი ხარჯები მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ გარკვეული ნაწილია. აღნიშნული ასევე ვერ ინტერპრეტირდება „ბიუჯეტის კლებად“.

დიდწილად სპეკულაციურია განცხადების ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი მიმართავს მთავრობას - „ვალუტა გააუფასურეთ“. ლარის კურსზე მოქმედებს შიდა და გარე ობიექტური ფაქტორები. ქართული ოცნებისპირობებში, ლარის მიმდინარე გაუფასურებაში დოლარის მიმართ, თავისი წვლილი შეიტანა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამაც, ისევე როგორც რთულმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ რეგიონში. ლარის კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორებიდან, ერთ-ერთი აშკარად გამოკვეთილი მაჩვენებელი არის დოლარის ინდექსი, რომელიც მატების ტენდენციას ინარჩუნებს 2014 წლიდან დღემდე და მთავრობას მისი კონტროლი არ შეუძლია. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის კვლევა.


[1] მაგ: 2016 წელს წამოჭრილი იდეა ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ, სავიზო პოლიტიკის გამკაცრება და სხვა

[2] ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი